სიტი-პსჟ 1:0 - პსჟ დიდი გუნდია, რომელსაც მუდამ რაღაც აკლია [VIDEO]

AutoSharing Option
პირველ მატჩში პსჟ-მ თამაშით აჯობა "მანჩესტერ სიტის" და სწორედ იქ უნდა მოეპოვებინა ის უპირატესობა, რომელსაც შემდეგ ინგლისში დაიცავდა. თუმცა, პარიზული მატჩი ფრედ დასრულდა, თანაც შედეგიანი და განმეორებითი მატჩის წინ, ფორა "სიტიმ" შეიქმნა.

პირველი ტაიმი ნელ ტემპში წარიმართა, გუნდები ფრთხილობდნენ და ცდილობდნენ, რომ არ გაერისკათ. ბურთს უფრო პსჟ აკონტროლებდა, თუმცა დიდი ძალებით არ უტევდა, "სიტი" კი დაცვაში მშვიდად და აუღელვებლად იდგა, პერიოდულად კი კონტრშეტებებზე იკბინებოდა. სწორედ ერთ-ერთ ასეთ იერიშს მოჰყვა კუნ აგუეროს გარღვევა და პარიზელთა კიპერის უხეშობა, რაც სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანის
დანიშვნის საფუძველი გახდა. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა მხოლოდ ყვითელი ბარათი აკმარა ტრაპს და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმას ეთქმოდა ბოლო იმედის.

ამ გადაწყვეტილებისთვის ესპანელი არბიტრი კარლოს ველასკო ნამდვილად შესაქებია, რადგან პსჟ კაცნაკლული არ დატოვა და შესაბამისად, თამაში არ გააფუჭა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან დაზარალებული, აგუერო მივიდა და ინანა კიდეც, რადგან მისმა დარტყმულმა არ უწია მიზანს და ანგარიში უცვლელი დარჩა.

პირველ ტაიმში, გატანის რეალური შანსი ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჰქონდა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა შეასრულა დიდებულად, თუმცა კიდევ უკეთესად ჰარტი გაისარჯა და ნახტომში მოიგერია ბურთი კუთხურზე. ეს იყო და ეს, ანტრაქტამდე არც არაფერი მომხდარა...

მეორე ტაიმში, გუნდებმა ტემპს უმატეს, თუმცა სტრატეგია იგივე დარჩა - "სიტის" პრიორიტეტი საკუთარი კარის უსაფრთხოება იყო და შესაბამისად, მეორე ნომრად თამაშობდა, პსჟ კი ბურთს აკონტროლებდა, თუმცა ზედმეტად ფრთხილი იყო შეტევების ორგანიზებისას.

ვითარების გამოსწორება ლორან ბლანმა ცვლილებით სცადა, როდესაც მცველის ნაცვლად ხავიერ პასტორე ჩართო თამაშში, მაგრამ საქმეს ვერც ამან უშველა. მალევე, ინგლისელებმა საგოლე შეტევა გამოაცხვეს და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს - 76-ე წუთზე, შორეული, უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით კევინ დე ბრუინი გამოირჩა, 1:0.

დარჩენილ დროში, პარიზელებმა სცადეს თამაშის გადარჩენა, შეეძლოთ კიდეც გოლის გატანა, როდესაც ედინსონ კავანი დარჩა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ჰარტი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. ისიც ვთქვათ, რომ პარიზელებმა ორჯერ შეარხიეს მეტოქის კარის ბადე, მაგრამ მსაჯებმა ორივეჯერ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეეს და ორივეჯერ სამართლიანად.

პსჟ უდაოდ კარგი გუნდია, შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, მაგრამ პარიზელებს კვლავაც რაღაც, ან ვიღაც აკლიათ იმისთვის, რომ ევროარენაზე დიდ წარმატებას მიაღწიონ - იქნებ, ეს ვიღაც ახალი მწვრთნელია, რომელმაც ლორან ბლანი უნდა შეცვლოს... ვნახოთ, მანუელ პელეგრინი კი როგორც ჩანს, "სიტის’ დატოვებას უსახელოდ არ აპირებს...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სიტი-პსჟ 1:0 (2:2)
გოლი: 1:0 დე ბრუინი (76)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, ოტამენდი, მანგალა, კლიში - ფერნანდო, ფერნანდინიო - ნავასი, დე ბრუინი (84. ტურე), სილვა (87. დელფი) - აგუერო (90. იჰეანაჩო)
პსჟ (3-5-2): ტრაპი - ორიე (61. პასტორე), ტიაგო სილვა, მარკინიოსი - ვან დერ ვილი, რაბიო, მოტა (44. ლ. მოურა), დი მარია, მაქსველი - იბრაჰიმოვიჩი, კავანი
შენიშვნა: აგუერომ ვერ გაიტანა პენალტი (30)
გაფრთხილება: ფერნანდინიო - ტრაპი, ვან დერ ვილი, პასტორე
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 9-4 (1-4); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 55 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩემო კარგებო,მე სტაჟიანი გულშემატკივარი ვარ,60-იანი წლებიდან მოყოლებული ყველაფერი ჩემი თვალით მინახავს,რასაც გვანახებდნენ,ასევე დინამოს მატჩები თითქმის ყველა სტადიონზე მაქვს ნანახი,ასე,რომ ბოდიში მოიხადეთ,თქვე მართლა "სვარკის"მაყურებლებო,კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო ნათქვამია,მაგრამ გაუგებლებს შევეცდები დაუღეჭო და ისე მივაწოდო მასალა,ღმერთმა დამიფაროს იბრას შეურაცყოფას ვაყენებდე,არა ეს არც მიფიქრია,უბრალოდ მას გაცილებით მეტის მიღწევა შეეძლო,მეტიც მას ძალიან დიდი ბრალი მიუძღვის სიტისთან ასე უსუსური თამაშის გამო,ამ მეოთხედფინალების წინ მე პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ- ერთ მთავარ პრედედენტად მივიჩნევდი,მაგრამ პირადად იბრამ გამიწბილა იმედები,თავისი უსუსური თამაშით,დღესდღეობით პსჟ ყველაზე ძლიერი და მეტი ვარსკვლავებით არის დაკომპლექტებული,მაგრამ შედეგი არ ასახავს ამ მდგომარეობას,ასე რომ სხვას,რომ აკრიტიკებთ 'ჭკუის"კოლოფებო ჯერ გაიაზრეთ ჩემი ნათქვამი და მერე გამოიტანეთ დასკვნები.ეჭვი არ შეგეპაროთ იმაში,რომ მე იბრას სუპერ ვარსკვლავად მივიჩნენ,მეტიც მე ვინ ვარ,ეს კაცი სუპერ ვარსკვლავია,მაგრამ რაც შეეძლო,ის ბილომდე ვერ გააკეთა,ან არ გააკეთა და მე აზე მწყდება გული.
ROMA
13:44 13-04-2016
0
მაგარი ვინცაა, ფოტოზეა გამოსახული, დე ბრუინი, სულ სხვა გუნდია სიტი მასთნ ერთად და მის გარეშე, გვარდიოლა ტვლიპინას რა ვუთხარი, თორემ ეგ ბიჭი გერმანიიდან გასაშვები იყო?
ბმბ
12:49 13-04-2016
0

სიახლეები პოპულარული