სიტი VS რეალი - ცხელი გული და ცივი გონება

AutoSharing Option
* მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 27-ჯერ ითამაშა. წინა 26 შემთხვევაში "რეალი" 13-ჯერ იყო წარმატებული, 13-ჯერ - წარუმატებელი.
* "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველად თამაშობს.
* ევროთასებზე "სიტი" ნახევარფინალში მესამედ თამაშობს და პირველად 1971 წლის შემდეგ.
* "რეალისთვის" ეს 32-ე ნახევარფინალია ევროთასებზე.

"ეტიჰადზე" ერთმანეთის პირისპირ დადგება ორი გუნდი, რომელთაგანაც ერთი (სიტი) ლიგის ნახევარფინალის დებიუტანტია, მეორე კი (რეალი) ამ ეტაპზე 27-ედ თამაშობს. მიუხედავად ამხელა სხვაობისა გამოცდილებაში, ინგლისშიც დიდ ბრძოლას ველით და მადრიდშიც.

ურთიერთშეხვედრები
ევროთასებზე "სიტი" და "რეალი" აქამდე მხოლოდ ერთხელ გადაეყარნენ
ერთმანეთს. ეს 2012/13 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხდა. მადრიდში "სამეფო კლუბი" ორჯერ აგებდა, მაგრამ მაინც შეძლო "სიტის" დამარცხება - 3:2.

ბოლო წუთზე გამარჯვების გოლი კრიშტიანო რონალდომ გაიტანა. მანჩესტერში ქარიმ ბენზემამ დააწინაურა "რეალი", მაგრამ სერხიო აგუერომ პენალტით გაათანაბრა - 1:1. სტუმრებმა მატჩი 10 კაცით ჩაამთავრეს, არბელოას გაძევების გამო. ამ ორ მატჩში მოპოვებული 4 ქულის წყალობით, ჟოზე მოურინიოს "რეალმა" მე-2 ადგილზე დაასრულა ჯგუფი, ხოლო რობერტო მანჩინის "სიტი" სამი ქულით ჯგუფში ჩარჩა ბოლო ადგილით.

ასოციაციები
"მანჩესტერ სიტის" ამჟამინდელი თავკაცი მანუელ პელეგრინი 2009/10 წლების სეზონში "რეალის" მწვრთნელი იყო. პელეგრინის გრანდებში არ უმართლებს. მან კლუბს ლა ლიგა რეკორდული 96 ქულით ჩაამთავრებინა, მაგრამ მაინც ჩამორჩა "ბარსას" და ჩილელი მოურინიომ შეცვალა.

ახლაც "სიტი" პირველად არის ლიგის ამ ეტაპზე, მაგრამ, რაც არ უნდა წარმატებას მიაღწიოს, "სიტის" სათავეში 5 ან 6 მატჩი დარჩენია. პელეგრინის დროინდელი "რეალიდან" "სამეფო კლუბში" მხოლოდ 6 ფეხბურთელი შემორჩა: პეპე, რონალდო, არბელოა, რამოსი, მარსელო და ბენზემა.

პრესკონფერენცია
მანუელ პელეგრინი (სიტი): "ნახევარფინალში თამაშით უნდა ვისიამოვნოთ, რადგან ეს ის არ არის, რაც "სიტის" ოდესმე მიუღწევია. ფეხბურთელებმა ეს ძალიან კარგად იციან. მაგრამ ყველას სურს, რომ სვლა გავაგრძელოთ და ნახევარფინალზე არ შევჩერდეთ, ფინალში გასვლაც ვცადოთ.

"სიტი" ის გუნდია, რომელსაც გამოსვლა და ნახევარფინალში მოგება შეუძლია. "სიტი" მხოლოდ დაცვით არ შეეცდება ფონს გასვლას. ჩემი კრედო ყოველთვის ის იყო, რომ ჩემს გუნდს კარგი ფეხბურთი ეთამაშა. "სიტის" ცხელი გული და ცივი გონება დასჭირდება. ჩვენ ემოციები გვჭირდება, ოღონდ მათი კონტროლი უნდა შევძლოთ. რონალდო ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ის ერთია, ჩვენ მთელ "რეალზე" უნდა ვიფიქროთ".

ზინედინ ზიდანი (რეალი): "შესანიშნავ ფორმაში ვართ, ალბათ, საუკეთესოშიც კი. ჩვენი მიზანი იქნება გატანა და არგაშვება. შანსებს 50X50-ზე ვაფასებ. დიდი მატჩისთვის შეიძლება თავდადებით მოემზადო, მაგრამ დაიწყოს თამაში და ყველაფერი თავდაყირა დადგეს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მატჩისთვის 150%-ით უნდა დავიხარჯოთ.

"სიტი" დიდებული გუნდია, მისცემ მას სივრცეს და დაგსჯის. როცა ბურთი არ გვექნება, მჭიდროდ უნდა ვეთამაშოთ მეტოქეს. ბიჭები დამუხტულნი არიან და მხოლოდ ფინალში გასვლაზე ფიქრობენ. მახსოვს, ზუსტად ასეთი ატმოსფერო იყო ჩვენს გასახდელში 2014 წელს".

გასულ უქმეებზე
"სიტი" 4:0 გაუსწორდა "სტოკს". გოლები ფერნანდომ, სერხიო აგუერომ (პენალტით) და კელეჩი იჰეანაჩომ (დუბლი) გაიტანეს.

"რეალმა" მადრიდულ დერბიში "რაიო ვალეკანოს" 0:2 შემოუტრიალა. "სამეფო კლუბი" კრიშტიანო რონალდოს გარეშე თამაშობდა. გოლები გარეთ ბეილმა (დუბლი) და ლუკას ვასკესმა გაიტანეს - 3:2.

ტრავმები
"სიტის" არ ეყოლება იაია ტურე, თუმცა უბრუნდება კაპიტანი ვენსან კომპანი. "რეალში" საეჭვოა ორი ვარსკვლავის, ქარიმ ბენზემასა და რონალდოს თამაში.

სამშაბათი. 26 აპრილი
სიტი-რეალი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კომპანი (?), სტერლინგი (?), აგუერო (?), ოტამენდი (?), სილვა (?), ტურე - კარვახალი (?), რონალდო (?), ბენზემა (?)
სავარაუდო შემადგენლობები
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, ოტამენდი, კომპანი, კლიში - ფერნანდო, ფერნანდინიო - ნავასი, დე ბრუინი, სილვა - აგუერო
რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, რამოსი, პეპე, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ბეილი, ხესე, რონალდო
მსაჯი: ჯუნიეთ ჩაკიქირი (თურქეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბენზემას ვარსკვლავი დიდი ხანია ჩაესვენა,ძირითადის ფეხბურთელი მას მერე გახდა რეალში რაც იგუანი წავიდა და კონკურენტი პრაქტიკულად დღემდე არ ჰყავს გუნდში! სიტის დონის გუნდისთვის კი კლიში ზედმეტია მითუმეტეს ძირითადში!
0
saidan mogaqvt es impormacia?nebismier sportul saitze dilidan iwereba shemadgenlobebi da krishtianocaa da benzemac.p.s.me psons sitis mogebaze chavdivar 2:1
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული