ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალი" და "ატლეტიკო" გაარკვევენ ტრიუმფატორს.
"როგორც მოსალოდნელი იყო, რთული მატჩი გამოვიდა. ფეხბურთელებმა ფინალში გასვლა დაიმსახურეს და ბედნიერები ვართ. ფანები მთელი მატჩის განმავლობაში გუნდს ამხნევებდნენ და ეს ყოველთვის გვეხმარება.
კრიშტიანომ ისე ითამაშა, როგორც ყოველთვის თამაშობს ხოლმე, მაგრამ მასთან ერთად მთლიანად გუნდმაც კარგად ითამაშა. კმაყოფილი ვარ იმით, რაც მოხდა. ფინალი ძალიან თანაბარი იქნება, შანსები 50/50-ზეა, მაგრამ ამიერიდან, ჩვენ ამ მნიშვნელოვანი დღისთვის ვემზადებით.
ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ჩემ გამო არა, ფეხბურთელების გამო, რადგან მათ შესანიშნავად იმუშავეს. ნახევარფინალში თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ მთავარია, ფინალში ვართ. ამ მომენტით უნდა ვისიამოვნოთ, მაგრამ საქმე ჯერ ბოლომდე არ მიგვიყვანია. ყველამ ვიცით, რომ 28 მაისს ურთულესი მატჩი გველოდება და მზადებას აქედანვე ვიწყებთ.
გამიმართლა, რომ ამ ბიჭების გაწვრთნის შანსი მაქვს. ეს ჩემთვის პატივია. გუნდისთვის ყველა ძალიან მნიშვნელოვანია და ერთად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.
მე მწვრთნელი ვარ და საქმის გაკეთება კარგად გამომივიდა, მაგრამ წარმატება გუნდისაა და არა ვინმესი პირადად. დიდ სიამოვნებას ვიღებ ფეხბურთელებთან ერთად მუშაობით და იმის დანახვით, თუ რას აკეთებენ ისინი ყოველდღიურად" - თქვა ზინედინ ზიდანმა.
"ცუდი შეგრძნება მაქვს. წაგებას არ ვიმსახურებდით და ძალიან დასანანია. მეტოქეს ძალიან გაუმართლა, ისეთი გოლი გაიტანა. არც ერთ გუნდს არ შეუქმნია ბევრი. ბოლომდე გახსნილად ვერ ვითამაშეთ და ბევრი მომენტი ვერ შევქმენით. სამართლიანი შედეგი ფრე იყო. მადრიდელებს გაუმართლათ.
კმაყოფილი და ბედნიერი არ ვარ, რადგან დავმარცხდით და ბევრი შანსიც არ შეგვიქმნია. წაგება არ დაგვიმსახურებია, რადგან ორივე გუნდი თანაბრად თამაშობდა. დავიდ სილვა და სამირ ნასრი გვაკლდნენ. იაია ტურე კი ტრავმის მერე ბრუნდებოდა.
გამარჯვება არც ერთ გუნდს არ დაუმსახურებია. ორივემ კარგად დაიცვა თავი და ორივე შეხვედრა თანაბარი იყო, უბრალოდ, მეტოქეს ცოტათი უფრო გაუმართლა. რასაკვირველია, ეს ჩვენთვის ხელიდან გაშვებული შანსია.
ჩვენ უფრო უკეთეს გუნდს ვხვდებოდით, უფრო ძლიერს, მაგრამ მეტოქემ ვერ გვაჯობა. მცირე იღბალი გვჭირდებოდა, მაგრამ ფორტუნამ ზურგი გვაქცია. ვცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა. არ ვფიქრობ, რომ "რეალმა" თამაშით დაამტკიცა, რომ "სიტიზე" უკეთესია. ეს განსაკუთრებული სეზონი იყო, რადგან ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგაზე ასე შორს გავედით. ნახევარფინალში გავედით და ცოტა დაგვაკლდა ფინალამდე.
ახლა ის უნდა გავინაღდოთ, რომ მომავალ სეზონშიც ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშოთ. ამ გუნდს აქვს პოტენციალი, რომ ყოველ სეზონში ფინალში გასასვლელად იბრძოლოს და ამ ტურნირის მოგება ჰქონდეს მიზნად. ფინალში კი ფავორიტები არ არსებობენ, მადრიდის "ატლეტიკო" ძალიან ძლიერი გუნდია, ხოლო "რეალს" ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ამა თუ იმ მატჩის ბედის გადაწყვეტა ინდივიდუალურად შეუძლიათ" - განაცხადა მანუელ პელეგრინიმ.
"სამეფო გუნდის" ნახევარმცველი გარეთ ბეილი: "ფინალში გასვლა შესანიშნავი შეგრძნებაა და ახლა ჩვენი მიზანი სეზონის ტრიუმფით დასრულებაა. კარგად ვითამაშეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ".
"გუნდმა ბოლომდე იბრძოლა. მეტოქეს უკეთ არ უთამაშია, მარცხს არ ვიმსახურებდით. ფინალში გასვლის კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ არ გაგვიმართლა. ძალიან გულდაწყვეტილები ვართ" - განაცხადა მანჩესტერელთა მეკარემ, ჯო ჰარტმა.
ფაქტები
* მადრიდული გუნდები უკვე 17-ჯერ არიან ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასულები - 14-ჯერ "რეალი", 3-ჯერ "ატლეტიკო". ამით ესპანეთის დედაქალაქმა მილანს გადაასწრო, იტალიური ქალაქის გუნდები 16-ჯერ არიან ფინალში გასულები.* "რეალი" ფინალში მეთოთხმეტედ გავიდა. ეს ამ მხრივ საუკეთესო შედეგია.
* "ატლეტიკო"-"რეალი" ფინალში მეორედ ითამაშებენ. ორჯერ აქამდე ფინალში ერთმანეთს "ლივერპული"-"მილანი" და "ბარსელონა"-"მანჩესტერი" შეხვედრიან.
* კრიშტიანო რონალდოს "სიტისთან" შეხვედრაში 7 დარტყმა ჰქონდა ანუ ორით მეტი, ვიდრე მთლიანად "სიტის" ერთად (5).
* "რეალის" მეკარემ, კეილორ ნავასმა მეცხრედ შეინახა კარი მშრალად. მან ამ მხრივ, სანტიაგო კანისარესის რეკორდი გაიმეორა, რომელმაც ეს რეკორდი 2000/01 წლების სეზონში დაამყარა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"