"არსენალი"-"ბარსელონა" - მატჩის წინ

AutoSharing Option

ფავორიტების როლები დღევანდელ პაექრობებშიც გასაგებადაა გადანაწილებული, მაგრამ „არსენალი“ „ბარსელონას“ საკუთარ მოედანზე ეთამაშება და ფაქტია, რომ „მეთოფეები“ უბრძოლველად არაფერს დათმობენ.


„ბარსელონა“ რომ ზღაპრულ ფეხბურთს თამაშობს, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და კატალონიური გრანდის მუდმივი ქება მკითხველს უკვე მობეზრებულიც ექნება. ასე რომ, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ: „ბარსა“, რა თქმა უნდა, „არსენალთანაც“ ფავორიტია და ძალიან ცოტას თუ სჯერა, რომ ლონდონური კლუბი პეპ გვარდიოლას ბრწყინვალე გუნდის გაგდებას მოახერხებს, თუმცა ერთ რამეს ყველა აღიარებს: „არსენალს“ შესწევს იმის უნარი, რომ საკუთარ მოედანზე „ბარსას“ პრობლემები შეუქმნას. შესაბამისად, ისიც შესაძლებელია, რომ

„მეთოფეებმა“ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი მერვედფინალიდან გააგდონ.

ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სესკ ფაბრეგასზე, რომელიც დღესაც და საპასუხო მატჩშიც ყურადღების ცენტრში მოექცევა. ინგლისელთა მხარეს მებრძოლ ესპანელ ნახევარმცველს მშობლიური და მისთვის უსაყვარლესი კლუბის წინააღმდეგ რევანში სურს იმისათვის, რაც „ბარსამ“ „არსენალს“ ერთი წლის წინ დამართა.

ფაბრეგასის გრძნობებზე „ბარსელონას“ მიმართ ადრეც ბევრი დაგვიწერია და ყველამ ყველაფერი იცის. ამჯერად მხოლოდ იმაზე გვსურს თქვენი ყურადღების გამახვილება, რომ სესკი არც „ბარსასთან“ მატჩის წინ ერიდება იმაზე საუბარს, რომ კატალონიური გრანდი მსოფლიოში საუკეთესო გუნდია, რითაც ყველას ახსენებს, რომ დღემდე „ბარსაში“ გადასვლაზე ოცნებობს. მიუხედავად ამისა, ფაბრეგასი ამბობს, მაქსიმუმს გავაკეთებ იმისათვის, რომ „ბარსელონაზე“ შური ვიძიოთო.

„ბარსას“ დამარცხება ურთულესი ამოცანაა, მაგრამ ჩვენ ეს შეგვიძლია და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ“, - თქვა სესკმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება შარშანდელ ჯახს: „ბარსელონა“ და „არსენალი“ ერთმანეთს მეოთხედფინალში შეხვდნენ. ლონდონში ფაბრეგასმა ითამაშა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, „ნოუ კამპზე“ კი, დისკვალიფიცირებული სესკის გარეშე დარჩენილი „მეთოფეები“ 1:4 განადგურდნენ. ფაბრეგასს, რომელმაც ბარსელონა ლონდონის მიმართულებით 15 წლის ასაკში დატოვა, იმ წაგებამ გული ძალიან ატკინა.

„შარშან „ბარსელონამ“ ძალიან დაგვჩაგრა. ასეთი რამ წელს აღარ უნდა განმეორდეს. იმედი მაქვს, რომ შეცდომებზე ვისწავლეთ, თუმცა იმასაც ვაცნობიერებ, რომ „ბარსას“ დამარცხება ძალიან ძნელია“, - აცხადებს ფაბრეგასი.

„მეთოფეების“ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი თითოეული ფეხბურთელისგან ასპროცენტიან კონცენტრაციას ითხოვს. „არსენალის“ ფრანგ დამრიგებელს მიაჩნია, რომ მის გუნდს კატალონიური გრანდის დამარცხების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ფეხბურთელები მაქსიმუმს გაიღებენ.

„თუ „ბარსელონას“ დამარცხება გვინდა, შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ. ამ დუელში ჩვენ ნამდვილად არ ვართ ფავორიტები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავი აუტსაიდერებად უნდა მივიჩნიოთ. „არსენალი“ შეუტევს და პირადად მე მჯერა, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია. შესაძლოა, „ბარსას“ წელს უფრო ძლიერი გუნდი ჰყავს, ვიდრე შარშან, მაგრამ პროგრესი ჩვენც განვიცადეთ“, - ეს ვენგერის სიტყვებია.

„ბარსამ“ გასულ უქმეებზე 16-მატჩიანი მოგებათა სერია „ხიხონთან“ ფრეთი შეწყვიტა და ევროპის რეკორდს, რომელიც მილანის „ინტერს“ ეკუთვნის (ზედიზედ 17 მოგება 2006/2007 წლების სეზონში) ვერ შესწვდა. სხვათა შორის, კატალონიელებიც აღიარებენ, რომ „არსენალი“ წელს უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე შარშან იყო.

„დარწმუნებული ვარ, რომ ლონდონელთა გაგდება წელს საკმაოდ გაგვიჭირდება, რადგან „არსენალი“ შარშანდელზე ძლიერია“, - ამბობს მსოფლიოს ჩემპიონი პედრო, რომელიც დღეს სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. სამაგიეროდ, „ბარსას“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ვიხილავთ კარლეს პუიოლს, რომელიც ტრავმირებულია. ლონდონელებს ბაკარი სანია ჰყავთ დისკვალიფიცირებული. გამორიცხული არაა, რომ მოედანზე გასვლა ვერც რობინ ვან პერსიმ მოახერხოს. ჰოლანდიელმა, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და ბოლო ხუთ მატჩში ცხრა გოლის გატანა შეძლო, „ვულვერჰემპტონთან“ შეხვედრაში (2:0) მცირე ტრავმა მიიღო და დღეს მისი ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშაა.


სავარაუდო შემადგენლობები
არსენალი (4-4-2): შჩესნი - კლიში, ჯურუ, კოშელნი, ებუე - უოლკოტი, ფაბრეგასი, უილშირი, სონგი - არშავინი, ვან პერსი.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, აბიდალი, მაქსველი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო, ვილია, მესი.
არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).

 

 

 

.

 


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული