"რომა"-"შახტარი"- მატჩის წინ

AutoSharing Option
"რომასა" და "შახტარის" წყვილში ფავორიტის ვინაობა თავიდანვე გარკვეულია. იტალიელებს მეოთხედფინალში გასვლა წესით არ უნდა გაუჭირდეთ, თუმცა დონეცკელთა მთავარ მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუს იმდენად საინტერესო გუნდი ჰყავს, რომ "შახტარისგან" სენსაცია არავის გაუკვირდება.

დონეცკური კლუბი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში არსებობის მანძილზე პირველად გავიდა და ორი აზრი არ არსებობს: უკრაინელები მედგრად იბრძოლებენ იმისათვის, რომ არც მეოთხედფინალს გამოაკლდნენ. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ "რომას" ამ სეზონში საქმეები მაინცდამაინც კარგად ვერ მისდის, "ჯალორისის" მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი კი საკმაოდ მძიმე წნეხის ქვეშაა მოქცეული.

ამ უქმეებზე "რომა" საკუთარ "ოლიმპიკოზე"
"ნაპოლისთან" 0:2 დამარცხდა, რის შემდეგაც გულშემატკივრებმა სასწრაფოდ რანიერის გათავისუფლება მოითხოვეს. ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაციები იმის შესახებ, რომ რანიერის ფრანჩესკო ტოტისთან ურთიერთობა გაუფუჭდა, რაც უკვე მთელი გუნდის თამაშზე ნეგატიურად აისახება. იტალიურ პრესაში კი დღენიადაგ იწერება, რომ დიდი შანსია, მომავალი სეზონიდან რომაულ გრანდს სათავეში ძველი რომაელი კარლო ანჩელოტი ჩაუდგეს, რომელიც თავის დროზე "ჯალორისის" კაპიტანი იყო.

რანიერი ტოტის ძირითად შემადგენლობაში სავარაუდოდ არც დღეს გაამწესებს და 4-4-2 ტაქტიკურ სქემაში წინა ხაზზე მირკო ვუჩინიჩისა და მარკო ბორიელოს დუეტის იმედად იქნება. "შახტარის" ტაქტიკური სქემა კი უფრო მეტად მოედნის ცენტრის მოგებაზე იქნება ორიენტირებული - ლუჩესკუს 4-2-3-1-ით თამაში უყვარს და სავარაუდოდ, წინა ხაზზე "რომასთანაც" ერთადერთ ცენტრფოვარდს, ბრაზილიელ ლუის ადრიანოს ათამაშებს. "შახტარი" რომ ძალიან ბრაზილიური გუნდია, ეს იქიდანაც ჩანს, რომ შეტევაში მხოლოდ ბრაზილიელები თამაშობენ. ლუის ადრიანოს უკან ლუჩესკუ მის თანამემამულეებს, დუგლას კოშტას, ვილიანსა და ჟადსონს აყენებს ხოლმე.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შემდეგ "შახტარს" ერთი ოფიციალური მატჩიც კი არ ჩაუტარებია, რადგან უკრაინაში დიდი პაუზაა. შესაბამისად, ვერანაირი წარმოდგენა ვერ გვექნება, როგორ ფორმაში არიან ლუჩესკუს შეგირდები. ფაქტი ისაა, რომ დონეცკელებმა ჯგუფური ეტაპი ძალიან კარგად ჩაატარეს და მეოთხედფინალში აბსოლუტურად დამსახურებულად გავიდნენ. თანაც, "შახტარმა" ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, აჯობა რა ლონდონის "არსენალს".

აქვე ისიც ვთქვათ, რომ "რომა" და "შახტარი" აქამდე ერთმანეთს მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ. ეს 2006/2007 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე მოხდა. მაშინ "ოლიმპიკოზე" "ჯალოროსიმ" 4:0 მოიგო (გოლები: ტადეი, დე როსი, პიზარო, ტოტი), დონეცკში კი "შახტარმა" 1:0 გაიმარჯვა (გოლი: ჩიპრიან მარიკა).

"რომში წასაგებად არ ჩამოვსულვართ. სხვათა შორის, ადგილობრივი გულშემატკივრები მარტო სტუმარ გუნდს კი არ აქცევენ წნეხის ქვეშ, არამედ თვითონ "რომასაც". ბოლო დროს დასავლური კლუბები აღმოსავლურებს ისე ვეღარ ჩაგრავენ, როგორც ადრე. ჩემი აზრით, ჩვენ მეოთხედფინალში გასვლა შეგვიძლია", - ეს ლუჩესკუს სიტყვებია.


სავარაუდო შემადგენლობები
რომა (4-3-1-2): ჟულიო სერჟიო - კასეტი, ჟუანი, მექსე, რიისე - ფაბიო სიმპლისიო, დე როსი, პეროტა - მენეზი - ვუჩინიჩი, ბორიელო.
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, ჩიგრინსკი, რაკიცკი, რაცი - გაი, ტეიშეირა - დუგლას კოშტა, ჟადსონი, ვილიანი - ლუის ადრიანო.
არბიტრი: ოლეგარიო ბენკერენშა (პორტუგალია).






.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული