მილანი-ტოტენჰემი 0:1
მილანი (4-1-2-1-2): აბიატი (19. ამელია) - აბატე, ნესტა, იეპესი, ანტონინი - ტიაგო სილვა - გატუზო, ფლამინი - ზეედორფი (46. პატო) - რობინიო, იბრაჰიმოვიჩი.
ტოტენჰემი (4-2-3-1): გომეში - ჩორლუკა (59. ვუდგეიტი), გალასი, დოუსონი, ასუ-ეკოტო - პალასიოსი, სანდრო - ლენონი, ვან დერ ვაარტი (62. მოდრიჩი), პიენაარი (77. კრანჩარი) - კრაუჩი.
გოლი: 0:1 კრაუჩი (80)
გაფრთხილება: ფლამინი, იეპესი, გატუზო
მაყურებელი: 75 652
გარეთ ბეილის არყოფნამ „მილანს“ ვერ უშველა. ანაც, შეიძლება, უშველა კიდეც - „ტოტენჰემის“ მარგალიტს რომ ეთამაშა, შეიძლებოდა, ინგლისელებს უფრო მსუყე ანგარიშითაც მოეგოთ.
მატჩის წინ
„როსონერის“ ახალწვეულებს მარკ ვან ბომელსა და ანტონიო კასანოს ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება გასაგები მიზეზების გამო არ აქვთ, ანდრეა პირლო და მასიმო ამბროზინი კი ტრავმირებულები არიან. შესაბამისად, „მილანი“ ნახევარდაცვაში „ტოტენჰემის“ ვერცხლისწყალივით მოძრავი და სწრაფი შუამარბების წინააღმდეგ, ჯენარო გატუზოსა და კლარენს ზეედორფის იმედად დარჩა. ტიაგო სილვა მცველია და საყრდენად თავს ცუდად გრძნობდა, ფლამინი კი თავის პოზიციაზე იდგა, მაგრამ ღმერთს არ უქნია და რად გინდა. როგორც ხედავთ, მიუხედავად საკადრო პრობლემებისა, მასიმილიანო ალეგრის ტაქტიკური სქემა არ შეუცვლია. ტაქტიკა არც ჰარი რედნაპმა შეცვალა. ლონდონელთა სასტარტო შემადგენლობაში იანვარში ნაყიდი სანდრო ვიხილეთ, მოდრიჩი და კრანჩარი კი რედნაპმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
მატჩი
თამაში ძალიან ზანტად და დუნედ დაიწყო - მე-18 წუთამდე საინტერესო არაფერი მომხდარა - თუ შეიძლება, რომ აბიატის ტრავმასა და იძულებით შეცვლას („როსონერის“ კარში ამელია ჩადგა) საინტერესო მოვლენა ვუწოდოთ. მომდევნო დასამახსოვრებელი ეპიზოდი კი უკვე პირველი ტაიმის მიწურულს, კერძოდ, 42-ე წუთზე იყო, როცა რაფაელ ვან დერ ვაარტის დარტყმას ამელია გაუმკლავდა.
მეორე ტაიმი მილანელებმა შედარებით აქტიურად დაიწყეს და ჯერ 50-ე, მერე კი 61-ე წუთზე „როსონერის“ ცენტრალურ მცველ იეპესს ორჯერ შეეძლო ანგარიშის გახსნა. ორივე მომენტი კუთხურიდან შეიქმნა და „ტოტენჰემის“ მეკარე გომეშმა ორივეჯერ ბრწყინვალედ ითამაშა. ამ ორ მომენტს შორის კი ინგლისელებსაც მოუწიათ იძულებითი ცვლილება - ფლამინიმ ჩორლუკა დაამტვრია. 76-ე წუთზე პიენაარი გატუზოს გაცდა, განრისხებულმა რინომ კი ფოლის დროს აშკარად გადააჭარბა, რის გამოც მიიღო ყვითელი ბარათი, რომლის გამოც ის საპასუხო მატჩში დისკვალიფიცირებული იქნება. შესაძლოა, სწორედ ამიტომ მისცა გატუზომ თავს იმის უფლება, რაც საფინალო სასტვენის შემდეგ აკეთა, თუმცა ამაზე ქვემოთ...
კრაუჩის გამარჯვების გოლი: „ტოტენჰემმა“ მე-80 წუთზე ლენონის მეშვეობით კონტრშეტევა დაიწყო. ამ უკანასკნელის 40-მეტრიანი სპურტი შეუდარებელი დრიბლინგი იყო, იეპესი მის შეჩერებას სულ ტყუილად ეცადა, ლენონმა კი დროულად და კარგად გახსნილი კრაუჩი მოძებნა, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია.
Top ფეხბურთელი
აარონ ლენონი (ტოტენჰემი)
„ტოტენჰემის“ მარჯვენა ნახევარმცველმა „მილანის“ მარცხენა მცველ ლუკა ანტონინის სიცოცხლე განსაკუთრებით პირველ ტაიმში გაუმწარა - ლენონი თავის ფლანგზე დაფრინავდა და იტალიელთა საჯარიმოში ძალიან სახიფათოდ აწვდიდა. მეორე ტაიმში კი მისგან ბევრი აღარაფერი გვინახავს, მხოლოდ ერთხელ გაინავარდა, მაგრამ ისე, რომ იმ ერთ დრიბლინგს „ტოტენჰემის“ გოლი მოჰყვა.
Flop ფეხბურთელი
კლარენს ზეედორფი (მილანი)
რაც უფრო მალე დაივიწყებს ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებული კლარენს ზეედორფი ამ თამაშს, მით უკეთესი მისთვის. ვეტერანი ჰოლანდიელი პალასიოსმა კარგად ჩაკეტა, რის გამოც კლარენსმა თავდამსხმელებთა მჭიდრო კონტაქტი ვერაფრით დაამყარა. ამიტომაც იყო, ალეგრიმ ზეედორფი შესვენებაზე რომ შეცვალა.
მსაჯი
ფრანგი არბიტრი სტეფან ლანუა ორთაბრძოლებს ჯეროვნად ვერ აფასებდა. იყო მომენტები, როცა საკმაო უხეშობას არ აფიქსირებდა, ზოგჯერ კი მცირე შეხების დროსაც უსტვენდა. 55-ე წუთზე მას ფლამინი წესით მოედნიდან უნდა გაეძევებინა და ის ფაქტიც, რომ 75-ე წუთზე გატუზომ მხოლოდ ყვითელი ბარათი მიიღო, ლანუას აქტივში ნამდვილად ვერ ჩაეთვლება.
ანალიზი
მოედანზე მიმდინარე მოვლენებს არა „მილანი“ (როგორც მოსალოდნელი იყო), არამედ „ტოტენჰემი“ აკონტროლებდა. პირველ ათ წუთში რედნაპის შეგირდებმა „მილანის“ საჯარიმოში ცხრაჯერ ჩააწოდეს (ადრესატი ყოველთვის შორეულ ძელთან მდგარი პიტერ კრაუჩი იყო) და მეტოქის ნახევარზე უმეტესად ექვსი კაცით გადადიოდნენ.
„ტოტენჰემის“ მთავარი პლუსი ის გახლდათ, რომ ინგლისელებმა იტალიელებს მოედნის ცენტრი მოუგეს, რაც ზომიერად აგრესიულად განწყობილი პალასიოსისა და ორთაბრძოლებში დაოსტატებული სანდროს დამსახურებაა. მიუხედავად ამისა, ინგლისელებმა ნაღდი საგოლე მომენტები მაინც ვერ შექმნეს - რედნაპის გუნდის ტაქტიკა ამისათვის ზედმეტად ერთფეროვანი იყო (მუდმივი ჩაწოდებები კრაუჩისკენ). „მილანი“ აზრზე მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ მოვიდა, ისიც მეტ-ნაკლებად. „როსონერის“ წინა ხაზიდან მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ფაფხურობდა, საბოლოო ჯამში კი, მილანელებს პირველ ტაიმში „ტოტენჰემის“ კარში არც ერთხელ დაურტყიათ.
მეორე ტაიმში ალეგრიმ აჭრილი ზეედორფის ნაცვლად მოედანზე პატო შეუშვა, მაგრამ ბრაზილიელმა „მილანის“ თამაშ ბევრი ვერაფერი შემატა. ყოველ შემთხვევაში, „როსონერის“ საგოლე მომენტები თამაშიდან არ შეუქმნია - იეპესს გომეშის კარის დალაშქვრა ორჯერვე სტანდარტული მდგომარეობიდან შეეძლო. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტაიმში „მილანი“ დომინირებდა, მაგრამ „ტოტენჰემის“ კონტრშეტევები გაცილებით ეფექტური იყო, ვიდრე „როსონერის“ უაზრო დომინაცია.
რაც შეეხება ჯენარო გატუზოს: რინო მატჩის მიწურულს გადაირია, თავს ვეღარ აკონტროლებდა და ვინც გზად შეხვდა, ყველას ეჩხუბა. ეს რა თქმა უნდა, ცუდი საქციელია, მაგრამ მოდით, მედლის მეორე მხარეც დავინახოთ: მოგვეჩვენა, რომ გატუზო გუშინწინ ერთადერთი მილანელი იყო, ვისაც „როსონერის“ და ზოგადად იტალიური საკლუბო ფეხბურთის ბედი აღელვებს.
.