ვალენსია-შალკე 1:1
ვალენსია (4-1-2-1-2): გუაიტა - მიგელი, დავიდ ნავარო, რიკარდო კოშტა, მატიო (78. ხორდი ალბა) - თოფალი - ბანეგა (68. ვისენტე), ტინო კოსტა - დომინგესი (68. ხოაკინი) - სოლდადო, ადურისი.
შალკე (4-2-2-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, შმიტცი - მატიპი, კლუგე - ფარფანი (78. დრაქსლერი), ხურადო (83. ედუ) - რაული, ჰუნტელაარი (90. ჰაო).
გოლები: 1:0 სოლდადო (17), 1:1 რაული (63)
გაფრთხილება: რიკარდო კოშტა - მატიპი, ნოიერი, ხურადო
გაძევება: შმიტცი (94. შალკე)
მაყურებელი: 42 703
ვერ გეტყვით, დარწმუნდა თუ არა საფეხბურთო გერმანია
მატჩამდე
„ფრაიბურგთან“ მატჩის შემდეგ (1:0) მაგათმა ძირითადი შემადგენლობა მხოლოდ ერთ პოზიციაზე შეცვალა და ისიც იძულებითი ცვლილება გახლდათ: რაკი ახალწვეულ ანანს ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება არ აქვს, ფელიქსმა მის ნაცვლად მატიპი ათამაშა. აი, „ვალენსიას“ სასტარტო თერთმეტეული კი, „ატლეტიკოსთან“ მოგების შემდეგ ერთბაშად ექვს პოზიციაზე შეიცვალა (შეცვლილი იყო ტაქტიკური სქემაც - რომბისებული 4-4-2): ხოაკინი ყველასათვის მოულოდნელად სკამზე დაჯდა, მატა კი მატჩს ტრავმის გამო გამოაკლდა.
მატჩი
შეხვედრის მე-9 წუთზე „შალკეს“ ფანებმა კიდევ ერთხელ შემოირტყეს ხელები თავში და ვინ მოთვლის, მერამდენედ დაწყევლეს კლაას-იან ჰუნტელაარი და მისი გელზენკირხენში ჩამყვანი მაგათი: ხსენებულ დროს ჰოლანდიელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან არაეფექტური ფორვარდია, როცა კარიდან შვიდ მეტრში მდგარი ბურთს ისე საცოდავად მოექცა, რომ ძალიან ბევრს შეეცოდებოდა კიდეც. მე-17 წუთზე სოლდადომ ჰუნტელაარს უჩვენა, თუ როგორ უნდა გოლის გატანა - „შალკეს“ ცენტრალურ მცველებს, ჰიოვედესსა და მეტცელდერს იოლად დაუძვრა და ანგარიშიც გახსნა. ეს იყო სოლდადოს მე-6 გოლი ჩემპიონთა ლიგის მე-6 მატჩში. გერმანელებს ანგარიშის გათანაბრება 26-ე წუთზე შეეძლოთ, როცა პეერ კლუგე ჯეფერსონ ფარფანის ჩაწოდებას გამოეხმაურა, მაგრამ გუაიტამ დროულად იფრინა და მომენტი გააუვნებელყო. ოთხ წუთში სოლდადოს დუბლის შესრულება მართებდა.
მეორე ტაიმში „ვალენსიამ“ „შალკეს“ კართან მხოლოდ ერთი ხეირიანი მომენტი შექმნა და ამჯერადაც სოლდადოს შეეძლო მანუელ ნოიერის დამწუხრება. მერე კი იყო რაულის გოლი - ვეტერანმა ესპანელმა მისთვის დამახასიათებელ სტილში, გოლი ფაქტობრივად არაფრიდან გაიტანა. ეს იყო გონსალეს ბლანკოს 69-ე გოლი ჩემპიონთა ლიგაში, სადაც რაული ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მას 91-ე წუთზე მეორე გოლის გატანა და „ვალენსიას“ დამარცხებაც შეეძლო, მაგრამ გუაიტამ იხეირა.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „შალკეს“ რაულის ერთი ეფექტური მოძრაობა ეყო იმისათვის, რომ „მესტალიაზე“ სასურველი ფრისთვის მიეღწია.
თოპ ფეხბურთელი
ტინო კოსტა (ვალენსია)
„მონპელიდან“ „ვალენსიაში“ გადასვლის შემდეგ მას თავიდან პრობლემები ჰქონდა, ახლა კი სრულფასოვანი ვალენსიელი და „ღამურების“ შეუცვლელი ფიგურაა. „შალკესთან“ მატჩში მან დაამტკიცა, რომ ერთნაირად კარგად შეუძლია როგორც შემტევი ნახევარმცველის ფუნქციების შესრულება, ისე მეტოქე გუნდის იერიშების ჩაშლაც. არგენტინელის 40, 50-მეტრიანი უზუსტესი პასები მართლაც გასაოცარია და ამით ის ხუან სებასტიან ვერონს გვაგონებს.
Fლოპ ფეხბურთელი
ლუკას შმიტცი (შალკე)
22 წლის ლუკას შმიტცი მარცხენა მცველი არ არის და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ პოზიციაზე კარგად ვერ ითამაშა. ლუკასს „მესტალიაზე“ უბრალოდ არაფერი გამოუვიდა, ის მიგელსა და დომინგესს მაგრად შემოეჩაგრათ და ბოლოს „გადატვირთული“ შალკელი მოედნიდანაც გააძევეს.
მსაჯი
რუსმა ალექსეი ნიკოლაევმა „ვალენსია“ ბევრჯერ დაჩაგრა, მაგრამ ესპანელებს არაფერი გაუპროტესტებიათ. შმიტცს მეორე ყვითელი ბარათი რომ უჩვენა, წითლის ამოღებას არ აპირებდა და შალკელი მოედნიდან მხოლოდ მას მერე გააძევა, რაც ლაინსმენმა შეახსენა, მაგას ერთი ყვითელი უკვე მიღებული აქვსო. ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, ეს რომ ხსომებოდა, შმიტცს მეორე ყვითელს არც აუფრიალებდა...
ანალიზი
„შალკემ“ თამაში „ვალენსიაზე“ უკეთ დაიწყო, მაგრამ მას მერე, რაც ჰუნტელაარმა ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენა, გელზენკირხენელებმა თავდაჯერება დაკარგეს. შეტევების დროს შალკელთაგან ყველაზე კარგად პეერ კლუგე გამოიყურებოდა, უკანა ხაზში მაგათის შეგირდები ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებდნენ. შმიტცზე უკვე ბევრი ვთქვით და ვერც ჰიოვედესისა და მეტცელდერის შეუთანხმებლობა უძლებს კრიტიკას. ის ფაქტი, რომ მე-60 წუთისთვის „ვალენსია“ მხოლოდ 1:0-ს იგებდა, მხოლოდ და მხოლოდ იმის ბრალია, რომ ესპანელებს მიზანი ჰქონდათ გასასწორებელი.
იმ დროს, როცა „ვალენსიას“ ნახევარდაცვაში მუდმივად ბევრი რამ იცვლებოდა და ტინო კოსტას, ბანეგასა და დომინგესის ტრიო ძალიან ეფექტურად მოქმედებდა, შალკელთაგან შუა ხაზში მხოლოდ კლუგე იბრძოდა ბოლომდე. მატიპი არ ჩანდა, ფარფანი მატიომ გათიშა და იმედები საერთო ჯამში ვერც ხურადომ გაამართლა - თუ არ ჩავთლით რაულისთვის მიცემულ საგოლე პასს, რითაც ხურადომ გარკვეულწილად რეაბილიტაცია მოახერხა.
„ლელოს“ გუშინდელი ნომრის პირველ გვერდზე აუცილებლად ნახავდით ფოტოს, სადაც სიხარულისგან გადარეულ რაულს „ვალენსიას“ ერთ-ერთი ფანი შუა თითს უჩვენებს. მისდამი ყველა ასე როდი იყო განწყობილი. აი, ფოტო, სადაც რაულს ეუბნებიან, გვენატრები, კაპიტანოო...