ეს ჟურნალი იყო, კინო კამპ ნოუზე ვნახოთ!

AutoSharing Option

ვენგერმა მთავარს მიაღწია: მისმა გუნდმა ბარსელონა დაღალა!


არსენალი-ბარსელონა 2:1

"არსენალმა" "ბარსელონასთან" მოგებული მატჩით ბევრი რამ დაამტკიცა, ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ლონდონური კლუბი წელს შარშანდელზე უფრო ძლიერი და მებრძოლი გუნდია. "მეთოფეებმა" კატალონიურ გრანდს მეექვსე დუელიდან პირველი მოუგეს, "ბარსელონა" კი ჩემპიონთა ლიგაში 2010 წლის მაისის შემდეგ (1:3 "ინტერთან") პირველად დამარცხდა. გაგიკვირდებათ და მას მერე, რაც პეპ გვარდიოლა წვრთნის, "ბარსას" ჩემპიონთა ლიგაში გასვლითი თამაში არ მოუგია...

მატჩის წინ
"არსენალს" "ბარსელონასთან" დუელისთვის ტრავმირებულები, სანია, დიაბი და შამახი აკლდნენ. არსენ ვენგერის 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში ერთადერთი
ცენტრფორვარდი რობინ ვან პერსი გახლდათ. ვენგერმა ბენდტნერი ისევ სათადარიგოთა სკამზე დატოვა. კატალონიელებს კი წამყვანი ფეხბურთელებიდან მხოლოდ კაპიტანი კარლეს პუიოლი (მუხლის ტრავმა აქვს) აკლდათ, რის გამოც გვარდიოლამ დაცვის ცენტრში პიკეს გვერდით აბიდალი გაამწესა, მარცხენა მცველის პოზიციაზე კი მაქსველი ვიხილეთ.

მატჩი

აშკარა და თვალშისაცემი უპირატესობა არცერთ გუნდს არ ჰქონია, თითქმის ყველაფერში თანაფარდობა იყო, გარდა ორისა: "ბარსელონა" ბურთს შესამჩნევად დიდხანს ფლობდა, თამაში კი "არსენალმა" მოიგო. თავიდან ვენგერის გუნდს შეეძლო დაწინაურება: მე-6 წუთზე უოლკოტმა ბუსკეტსი გააცურა და ფაბრეგასს უპასა, რომელმაც უკვე ვან პერსი მოძებნა, ამ უკანასკნელის დარტყმა კი ვალდესმა მოიგერია. მერე უკვე კატალონიელებმა გამოაჩინეს "კლანჭები": ვილიამ ლონდონელთა საჯარიმოში მესი შეგზავნა, ლეომ მცირე პაუზა გააკეთა და შჩესნის რეაქციას დაელოდა, მერე კი მისთვის ბურთის თავზე გადაგდება სცადა, მაგრამ ააცილა. 26-ე წუთზე "ბარსელონამ" ანგარიში მაინც გახსნა, ხიფათი კი ლონდონელთა კართან კვლავ ვილია-მესის კომბინაციით შეიქმნა, ოღონდ, ამჯერად მესი მოგვევლინა ასისტენტის როლში და მისი ბრწყინვალე პასი, რომელმაც "არსენალის" მთელი დაცვა მოკვეთა, ვილიამ გამოიყენა - კოშელნის გაექცა და შჩესნის ბურთი ფეხებსშუა გაუტარა.
ახლა უკვე "არსენალის" რიგი იყო: 29-ე წუთზე ვალდესის საჯარიმოს უილშირმა შეუტია და ვან პერსი მოძებნა, რომელიც ძალიან კარგ პოზიციაში იყო, მაგრამ ვერ ივარგა. 38-ე წუტზე მესი ჩვეული დრიბლინგის შემდეგ ჩინებული პასით პედროს "მოემსახურა", ეს უკანასკნელი კი შჩესნისთან პირისპირ იყო, მაგრამ "არსენალის" მეკარეს ვერაფერი დააკლო. პედრომ მეორე შანსიც მიიღო, ბურთი მესის თავში მოხვდა და კარში გავიდა, მაგრამ ლეოზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.
მეორე ტაიმი უფრო "არსენალის" ოყო - არა მარტო ანგარიშიდან, არამედ თამაშიდან გამომდინარეც. 62-ე წუთზე ფაბრეგასს შეეძლო, 18 მეტრიდან თვითონაც დაერტყა, მაგრამ შეტევის უფრო ჭკვიანური გაგრძელება მოიფიქრა და ბურთი მარცხნივ ნასრის გაატანა, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა და ვან პერსის უპასა, მაგრამ ჰოლანდიელმა ისევ ვერ შეძლო გოლის გატანა. ფაქტი იყო, რომ ვან პერსის ოდესღაც უნდა გაეტანა, თანაც, აშკარად ჩანდა, რომ კატალონიელთა კარში გოლი მწიფდებოდა.
78-ე წუთი: კლიშიმ ძალიან ჭკვიანური პასითYვან პერსი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, ჰოლანდიელმა ბურთიანად კიდევ უფრო წინ წაიწია და იმ დროს, როცა ვალდესს ეგონა, მაქსიმუმ ჩააწვდის, მინიმუმ კი გამჭოლ პასს გააკეთებს, მახვილი კუთხიდან "ბარსელონას" მეკარეს ახლო კუთხეში დაურტყა და გააბითურა - 1:1.
83-ე წუთი: სესკ ფაბრეგასის 40-მეტრიანი, საოცნებო პასი ნასრის მისამართით, რომელიც "ბარსელონას" საჯარიმოში შეიჭრა და დასარტყმელი პოზიციისკენ მოძრავი ანდრეი არშავინი დროულად შენიშნა და დროულადვე უპასა, რუსმა კი ვალდესი მოძრაობაზე დაიჭირა და კატალონიელთა მეკარეს მოძრაობის მიმართულების საპირისპირო კუთხეში გაუტანა – 2:1.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ "ბარსამ" აბსოლუტურად სამართლიანად დათმო თამაში უდიდესი ვნებითა და აღტკინებით მოთამაშე "მეთოფეების" წინააღმდეგ.

თოპ ფეხბურთელი
ჯეკ უილშირი (არსენალი)

"არსენალის" 19 წლის ნახევარმცველმა იდეალურად ითამაშა და თანაც ვისთან? მსოფლიოში საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ! დაუჯერებელია, როგორ ახერხებს ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელი ამდენი ორთაბრძოლის მოგებას. ამასთან, უილშირს მოედნის შესანიშნავი ხედვა აქვს. ორი აზრი არ არსებობს: მისი სახით "არსენალს" დიდი ფეხბურთელი ეზრდება.

Fლოპ ფეხბურთელი
ალექს სონგი (არსენალი)

კამერუნელმა მეექვსე წუთზე ლიონელ მესიზე ტაქტიკური ფოლის გამო ყვითელი ბარათი მიიღო. სონგი სავარაუდოდ სწორედ ამის გამო დაკომპლექსდა და მერე ორთაბრძოლებს ხშირად გაურბოდა. პრინციპში, მას ვერც გავამტყუნებთ, რადგან ინიესტასთან და ჩავისთან ორთაბრძოლებში თამამად შესვლა მისი მხრიდან "რუსული რულეტკის" თამაში იქნებოდა. კამერუნელი ყველგან და ყოველთვის აგვიანებდა. ის აშკარად უილშირის ჩრდილში იყო მოქცეული.

მსაჯი
მიუხედავად იმისა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მაღალი ტემპი იყო, იტალიელ ნიკოლა რიცოლის თამაშზე კონტროლი არ დაუკარგავს. მან მერვედფინალის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი ფაქტობრივად უნაკლოდ იმსაჯა. ერთი კია, უმჯობესი იქნება, თუ მომავალში რიცოლი ამ ლაინსმენებს აღარ ენდობა.

ანალიზი
როცა პეპ გვარდიოლას ფორმაციის "ბარსელონას" ეთამაშები, ძნელია, პირველიდან ბოლო წუთამდე შენ იყო ინიციატორი და თამაში აკონტროლო. მიუხედავად ამისა, ლონდონელმა ფეხბურთელებმა ვენგერის კატეგორიული მოთხოვნა, მედგრად შეეტიათ, პირნათლად შეასრულეს - ეს განკუთრებით პირველ ტაიმზე ითქმის. უილშირი და ფაბრეგასი მოედნის ცენტრში ჩავი-ინიესტას დუეტს ჯეროვან კონკურენციას უწევდნენ, მარცხენა ფლანგზე ნასრი ჩაგრავდა დანი ალვეშს, მარჯვენაზე კი უოლკოტი ბატონობდა.
შესაბამისად, კატალონიელებმა საყრდენი ნახევარდაცვის ცენტრი დაკარგეს - ბუსკეტსი ყოველთვის მინიმუმ ორი ლონდონელის გარემოცვაში ხვდებოდა და რა გასაკვირია, რომ ისიც დაიჩაგრა. გვარდიოლას გუნდმა სადღაც მე-15 წუთიდან დაიწყო აზრზე მოსვლა: ჩავიმ მოხდენილი პასების ჩამორიგება დაიწყო და ბარსელონელებმა "მეთოფეები" აიძულეს, მათ კომბინაციურ ფეხბურთს აჰყოლოდნენ. ვილია და მესი მყისიერი მოძრაობებით მაგრად აბნევდნენ "არსენალის" ცენტრალურ მცველებს, კოშელნისა და ჯურუს, მეოთხე მცდელობით კი გოლიც გაიტანეს, რის შემდეგაც "ბარსელონა" შესვენებამდე დომინატის როლში დარჩა.
როგორც ჩანს, შესვენებისას ვენგერმა თავის ბიჭებს აბსოლუტურად სწორი დარიგებები მისცა: ლონდონელები გასახდელიდან "გამგელებულები" გამოვიდნენ და მრისხანე მეტოქეს ისევ აღვირახსნილები ეტაკნენ. თუმცა "არსენალს" "ბარსას" დაცვაში ხვრელების პოვნა უჭირდა და ეს ვითარება ვერც არშავინის გამოჩენამ გამოასწორა - ვენგერმა გუნდი 4-3-3-ზე კი გადააწყო, მაგრამ უშედეგოდ.
ბარსელონელები კი თავის მხრივ ზედმეტ რისკზე წასვლას ერიდებოდნენ და შესაძლოა, ამიტომაც დაისაჯნენ. გვარდიოლას გუნდი ტემპს კი აკონტროლებდა, მაგრამ კატალონიელთა კომბინაციებს ბოლო, გადამწყვეტი ნაბიჯი აკლდა. ვენგერის გუნდი კი სწორედ მაშინ აფეთქდა, როცა ამას უკვე ვეღარავინ წარმოიდგენდა: ჯერ ვან პერსიმ გაიტანა ძალიან ეფექტური გოლი და ამით აღტკინებულმა ლონდონელებმა კიდევ უფრო მეტი მონდომებითა და ვნებით შეუტიეს, რასაც არშავინის გამარჯვების გოლი მოჰყვა.
ფაქტია, რომ "არსენალმა" "ბარსელონას" წინააღმდეგ წელს გაცილებით უკეთ ითამაშა, ვიდრე შარშან და გამარჯვებაც დაიმსახურა. კატალონიელებმა კი ისევ თავის თავს უნდა დააბრალონ, მატჩის მიწურულს თამაშის სადავეები ხელიდან რომ გაუშვეს. თუ გახსოვთ, შარშან "ემირეიტსზე" ამ გუნდების დაპირისპირება 2:2 დასრულდა, "ნოუ კამპზე" კი "ბარსამ" "არსენალი" მაგრად შეარცხვინა. რა მოხდება ამჯერად საპასუხო შეხვედრაში 8 მარტს? საკითხავი აი, ეს არის.

რეაქციები
არსენ ვენგერი: "ეს ორი განსაკუთრებული გუნდის განსაკუთრებული თამაში იყო. ვამაყობ ჩემი შეგირდების მენტალური სიძლიერით. "ბარსასთვის" თამაშის შეტრიალება ფეხბურთში არსებულ ამოცანებს შორის ყველაზე რთულია და მიუხედავად ამისა, ბიჭები ბოლომდე არ დანებდნენ. თუ არ ვცდები, მეორე ტაიმში ბარსელონელები დავღალეთ. ეს კი ყველაზე მთავარი იყო! ახლა უკვე ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ მეოთხედფინალში გასვლა შეგვიძლია."
პეპ გვარდიოლა: "ატლეტიკოსთან" (3:0) და "ხიხონთან" (1:1) კარგად არ გვითამაშია, ახლა კი, ჩემმა შეგირდებმა გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს. ცხადია, მაინც უკმაყოფილო ვარ, რადგან წავაგეთ. ვფიქრობ ამის მიზეზი ისაა, რომ ბოლოს ჩაგვეძინა. "არსენალის" დარ მოძრავ გუნდებთან კი ეს არაფრისდიდებით არ უნდა დაგემართოს. თუმცა წინ საპასუხო მატჩია და ხომ იცით, საკუთარ მოედანზე ყოველთვის რამდენიმე გოლის გატანა შეგვიძლია."

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული