...და რა, გაგიკვირდათ?

AutoSharing Option

რომა-შახტარი 2:3

წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უკრაინული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში იტალიურ გუნდს სტუმრად მოუგებდა. უფრო ადრე ამას მაქსიმუმ კიევის "დინამოს" თუ ვუწინასწარმეტყველებდით და ისიც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. დღეს კი სულ სხვა რეალობაა: იტალიური საკლუბო ფეხბურთი თავქვე მიექანება და პირდაპირ ვთქვათ, რომ რეალურად არავის არ უნდა გაჰკვირვებოდა ის, რაც გუშინწინ რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" მოხდა. დონეცკურმა კლუბმა ზედიზედ მე-12 ოფიციალური თამაში მოიგო, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 9 თამაშიდან მე-8 დაასრულა თავის სასარგებლოდ. საპნის ოპერა: დონეცკში, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
არადა, "ჯალოროსი", ისევე, როგორც "მილანი", გასვლით მატჩში რაიმე ხეირიანის გამკეთებელს არ გავს. თანაც, "რომას" საპასუხო მატჩისთვის გუნდის ერთადერთი ნათელი წერტილი, მენეზი დააკლდება. ჰო, მართლა, ფრანჩესკო ტოტიმ ჩემპიონთა ლიგაში საიუბილეო, 50-ე შეხვედრა ჩაატარა.

მატჩამდე

კლაუდიო რანიერიმ გუნდი მისთვის საყვარელი ტაქტიკური სქემით, 4-3-1-2-ით ათამაშა - თავდასხმაში მირკო ვუჩინიჩს არა მარკო ბორიელო, არამედ ტოტი შეუწყვილა, მათ უკან კი მენეზი დააყენა. "შახტარის" თავკაცმა მირჩა ლუჩესკუმ კი 4-2-3-1 აირჩია - ბრაზილიელთა შემტევი კვარტეტით: ჟადსონი, ვილიანი, კოშტა და მათ წინ ლუის ადრიანო.

მატჩი

არადა, თამაშის დასაწყისი "შახტარს" კარგს არაფერს უქადდა. სიმონე პეროტას გოლს თავი რომ დავანებოთ, 22-ე წუთზე ბურდისოსაც მართებდა უკრაინელთა დამწუხრწება, როცა ტოტის კუთხურს დროულად გამოეხმაურა, მაგრამ რვა მეტრიდან თავით არაზუსტად დაარტყა. შესაბამისად, პეროტას გოლი ალოგიკური არ ყოფილა - გამოცდილმა ნახევარმცველმა ტადეის ჩაწოდებულს შორეულ ძელთან მიასწრო და რაცს ნახევრად ავტოგოლი გაატანინა. სამაგიეროდ, თამაშიდან გამომდინარე ცოტათი ალოგიკური იყო ჟადსონის გოლი, რომელიც დონეცკელთა ბრაზილიელმა ლიდერმა პეროტას გოლიდან ზუსტად ერთ წუთში გაიტანა და ამით უკრაინული კლუბის პროგრამა მინიმუმ შეასრულა. აბა, იმ მომენტში რა ვიცოდით, რომ "შახტარი" პროგრამა მაქსიმუმსაც შეასრულებდა. თუმცა ესეც ძალიან მალე, 36-ე წუთზე გავიგეთ, როცა დუგლას კოშტამ უკრაინული გრანდი წინ გაიყვანა, 41-ე წუთზე კი უკვე საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ "ოლიმპიკოზე" ყველაფერი თავდაყირა იყო დამდგარი: ლუის ადრიანომ მესამედ დალაშქრა დონის კარი. რომაელები კი მანამდე მხოლოდ კონტრშეტევებით (?!) იყვნენ დაკავებულები.
მენეზის ულამაზეს გოლს (61-ე წუთზე) არაფერი შეუცვლია გარდა იმისა, რომ რომაელმა გულშემატკივრებმა უფრო მეტი ინერვიულეს, რადგან ანგარიში 2:3 იყო და იმედის ნახევარი საათი წინ ჰქონდათ. ამ ნახევარ საათში რანიერის გუნდმა მხოლოდ ერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა: 81-ე წუთზე ტოტიმ ათი მეტრიდან პირდაპირ პიატოვისკენ დაარტყა.

თოპ ფეხბურთელი
დუგლას კოშტა (შახტარი)

20 წლის ფეხბურთელი თავიდან ზედმეტად ხშირად იხევდა უკან და დარიო სრნას რიისესთვის ყურადღების მიქცევაში ეხმარებოდა, მერე კი მხოლოდ იმაზე იყო კონცენტრირებული, რაც ყველაზე კარგად გამოსდის - შეტევაზე. მეორე გოლი თვითონ გაიტანა, მერე კი საგოლე პასიც მიითვალა. ფაქტია, რომ რამდენჯერაც ბურთს შეეხო, რომაელთა კარის სიახლოვეს იმდენჯერ გამწვავდა სიტუაცია. უკვე აღარ გვიკვირს, რომ მას ძალიან ბევრი მთხოვნელი ჰყავს.

Fლოპ ფეხბურთელი
იონ არნე რიისე (რომა)

ნორვეგიელი შეტევებში ზედმეტად გაერთო. თვითონ განსაჯეთ, თითქმის სულ დე როსიზე წინ იყო აწეული. სამაგიეროდ, დაცვაში არაფერი გამოუვიდა. რიისე განსაკუთრებით დუგლას კოშტამ დაჩაგრა. "შახტარის" მესამე გოლის დროს დაშვებული უპატიებელი შეცდომა კი მისი სამარცხვინო თამაშის პიკი გახლდათ.


მსაჯი
პორტუგალიელმა ოლეგარიო ბენკერენშამ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. არბიტრი მატჩს პირველიდან ბოლო წუთამდე აკონტროლებდა, მეორე ტაიმში კი კასეტისთვის მეორე ყვითელი ბარათია აფრიალება და მისი მოედნიდან გაძევება შეეძლო, თუმცა ვერც მისი დანდობის გამო დავძრახავთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული