ჩემპიონთა ლიგა. გამოხმაურება: თვითმკვლელობა "ოლიმპიკოზე"

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას წინ საფეხბურთო რყევები უძღვოდა. "რომამ" სამარცხვინოდ წააგო (0:3, პირველი მატჩი 1:1) "პორტუსთან" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩი, უპრესტიჟულეს ტურნირს გამოეთიშა და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლა.

თუ არ ჩავთვლით "იუვენტუსს", რომელმაც შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა (და "ბარსელონასთან" 1:3 დამარცხდა), ფაქტია - იტალიურ გუნდებს ევროსარბიელზე არაფერი გამოსდით. თუმცა იგივე "იუვენტუსი" არ იყო, "გალათასარაისთან" რომ დამარცხდა ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში და 1/8-ფინალის მიღმა დარჩა?

სადღაა ის წლები (90-იანებიდან 2000-იანების შუამდე), როცა "პარმაც" კი ახერხებდა ევროთასის
მოგებას. ახლა იტალიური საკლუბო ფეხბურთი საკუთარ ნაჭუჭშია ჩაკეტილი, ვერ არგებს გასაღებს კონტინენტურ ტურნირებს და ტყავში ძვრება, რაღაცას რომ მიაღწიოს. ამის ნათელი დასტურია "რომას" გუშინწინდელი მარცხიც.

თუმცა იტალიელები უიმედოდ მაინც არ არიან - აგერ, აპენინებს შტორმივით მიაწყდა ჩინური ინვესტიცია და ჭკვიანი ხალხის ხელში შეიძლება ეს დიდი შემოტრიალების წინაპირობად იქცეს...

დავუბრუნდეთ "რომას". გუშინ ერთ-ერთმა საიტმა ზუსტად დაწერა - ეს იყო ნამდვილი თვითმკვლელობაო. თავად განსაჯეთ, ჯერ დანიელე დე როსიმ გააგდებინა თავი (მე-14 გაძევება კარიერაში) არბიტრს, ხოლო ის, რაც მეორე ტაიმის დასაწყისში ემერსონმა ჩაიდინა, რაღაც საფეხბურთო კრიმინალის მსგავსი იყო - სრულიად უწყინარ სიტუაციაში ისე გამეტებით ჩასცხო ჟესუშ კორონას წვივში, საკვირველია, როგორღა დადგა ფეხზე "პორტუს" შემტევი. მერე კორონამ შური იძია - მესამედაც შეარხია მასპინძელთა კარის ბადე და რომაელთა კოშმარულ საღამოს წერტილი დაუსვა.

სხვათა შორის, ამ გუნდების პორტუგალიური მატჩიც არ ყოფილა გაძევების გარეშე - თომას ვერმალენმა პირველივე ტაიმის 13-წუთიან ინტერვალში ორი ყვითელი ბარათი (ზედაც წითელი) მიიღო და ასე "აღნიშნა" დებიუტი "ჯალოროსიში".

ერთი სიტყვით, ლუჩანო სპალეტის პრობლემები აქვს არა მხოლოდ წმინდა საფეხბურთო ნიუანსებში, არამედ ფსიქოლოგიაშიც - ორ მატჩში 3 გაძევება მეტისმეტია და ჯანსაღ ატმოსფეროზე ნამდვილად არ მიანიშნებს.

"ჩვენ წავაგეთ უმნიშვნელოვანესი მატჩი, რაც მთლიანად შეცვლის სეზონს და ამას უნდა თვალი გავუსწოროთ, - თქვა სპალეტიმ პრესკონფერენციაზე. - თავიდანვე ვერ გავაკონტროლეთ ბურთი, მერე იყო პირველი გაძევება, რამაც თავდაყირა დააყენა ყველაფერი ის, რასაც თამაშის წინ ვგეგმავდით. ძალიან ბევრი წუნი გვქონდა გადაცემებში და ამას მშვენივრად იყენებდა მეტოქე. ამან შექმნა ფსიქოლოგიური პრობლემა, რაც ვერა და ვერ დავძლიეთ...

...მესმის, რომ ახლა ხალხი დაიწყებს დამნაშავის ძებნას, ისიც ვიცი, ვისკენაც გაიშვერენ ხელს, მაგრამ ეს მძიმე პერიოდი ღირსეულად უნდა გავიაროთ, თავი დაბლა დავხაროთ, ძალების კონცენტრირება მოვახდინოთ და ბევრი ვიშრომოთ...

...გასულ სეზონში ჩვენ ზედიზედ 15 თუ 16 მატჩი ჩავატარეთ ისე, ერთი გაძევებაც არ გვქონია. ამიტომ არ მესმის, რა მოხდა ახლა. თან ეს ემართებათ მაღალი კლასის გამოცდილ ფეხბურთელებს, მაგალითად, ვერმალენს, რომელიც თამაშამდე სამი დღით ადრე მოვიდა "რომაში"...

სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. არადა, ძალიან შინაარსიანი კვირა გვქონდა, ჩინებულად დავიწყეთ სერია A-ც და ასეთი საღამოს წინაპირობა არ არსებობდა. არ შეიძლებოდა, ეს ვინმეს წარმოედგინა. ამიტომაც ვერ შევძელით მარცხის თავიდან აცილება. უბრალოდ, მზად არ ვიყავით ამისთვის".

როგორც ხედავთ, სპალეტის ერთი სიტყვაც არ დასცდენია არბიტრზე (პოლონელი შიმონ მარცინიაკი), სამაგიეროდ, "რომას" პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ, რომელიც ჟურნალისტების წინ ცეცხლებს ყრიდა, მსაჯის მიმართ "ტკბილი" სიტყვები არ დაიშურა:

"ის, უბრალოდ, ამაზრზენი იყო! არბიტრმა მთლიანად მოშალა, დაანგრია ჩვენი თამაში... მითხარით, როგორ უნდა მოიგო ასეთ მატჩში 9 ან თუნდაც 10 კაცით?!. რა მოჰყვება ამ მარცხს? არაფერიც არ მოჰყვება! მე კიდევ ერთხელ ვამბობ - ძალიან გაბრაზებული ვარ მსაჯზე. ყველაფერი მისი ბრალია".

ანალიზიც ამას ჰქვია...

გიორგი ნინიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული