ინტერი-ბაიერნი - მატჩის წინ

AutoSharing Option
გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამ მატჩს, რომელიც მერვედფინალური სტადიის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრაა, "ბაიერნის" გულშემატკივრები უფრო დიდი მონდომებით ელოდებიან, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის, მილანის "ინტერის" ტიფოზერია. მიზეზი ყველასათვის ნათელია: გერმანელებს შურისძიების სურვილი კლავთ! მიუნხენში, რა თქმა უნდა, არავის დავიწყებია შარშანდელი ფინალი და ის, რომ "ინტერმა" რეკორდმაისტერი 2:0 დაამარცხა.

შარშანდელი ფინალის შემდეგ, "ინტერში" გაცილებით მეტი რამ შეიცვალა, ვიდრე მიუნხენურ კლუბში. მარტო ის რად ღირს, რომ "ნერაძურიმ" მაისის შემდეგ ორი მწვრთნელი გამოიცვალა - ჟოზე მოურინიოს შემდეგ "ინტერს" ჯერ რაფაელ
ბენიტესი წვრთნიდა, რომელმაც იმედები ვერ გაამართლა, ახლა კი სათავეში ბრაზილიელი ლეონარდო უდგას. ამ უკანასკნელის ხელში მილანური კლუბი აშკარად გამოსწორდა, რაზეც თუნდაც ბოლო შედეგები მეტყველებს: "ინტერმა" უკანასკნელი 13 მატჩიდან 11-ის მოგება შეძლო. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თამაშის ხარისხის მხრივ იტალიის მოქმედი ჩემპიონი მაინცდამაინც ვერ ბრწყინავს. გასულ უქმეებზე "ნერაძურიმ" "კალიარი" მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა და ამ შეხვედრაში ლეონარდომ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა - რა თქმა უნდა, "ბაიერნთან" მატჩისთვის, რომელიც "ინტერისთვის" სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თამაშია.

"კალიარისთან" არც "ბაიერნის" ყოფილ მცველს, ლუსიოს უთამაშია, დღეს კი აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში იქნება და სხვათა შორის, ბრაზილიელი დარწმუნებულია, რომ "ინტერი" მის ყოფილ გუნდს ისევ დაამარცხებს. ლეონარდო დაცვის ცენტრში ლუსიოს გვერდით ვერ ამოუყენებს ვალტერ სამუელს, რომელსაც მძიმე ტრავმა აქვს - არგენტინელი უკანახაზელისთვის ეს სეზონი უკვე დამთავრებულია. სწორედ ამიტომ შეიძინეს მილანელებმა იანვარში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მცველი ანდრეა რანოკია, რომელიც სამუელს კარგად ცვლის.

დღეს "ინტერის" რიგებში ვერც შარშანდელი ფინალის გმირს, დიეგო მილიტოს ვიხილავთ - გეხსომებათ, ფინალში მან დუბლი შეასრულა. მილიტოს მყესები აქვს გაწყვეტილი და სამუელის დარად, მასაც ხანგრძლივი პაუზა აქვს გამოწერილი. "ნერაძურიმ" იანვარში გენუის "სამპდორიადან" იტალიის ნაკრების თავდამსხმელი ჯამპაოლო პაცინი კი იყიდა, მაგრამ ამ უკანასკნელს ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება არ აქვს, რადგან ამ ტურნირზე უკვე ითამაშა გენუური კლუბის მაისურით. ასე რომ, ლეონარდო პაცინის მხოლოდ სერია A-ში იყენებს.

"ბაიერნის" მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალს გაცილებით ნაკლები, უფრო სწორად, ოდენ ერთი საკადრო პრობლემა აქვს. რეკორდმაისტერს მხოლოდ ხორვატი ფორვარდი ივიცა ოლიჩი ჰყავს ტრავმირებული და ეს უკანასკნელი ამ სეზონში ვერცერთ თამაშს ვერ ჩაატარებს. რაც მთავარია, უკვე დიდი ხნის გამოჯანმრთელებულები არიან და საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებიან მიუნხენური გრანდის ლიდერები არიენ რობენი და ფრანკ რიბერი. გასულ უქმეებზე, "მაინცთან" მოგებული მატჩის (3:1) დროს მეკარე თომას კრაფტმა და გოლეადორმა მარიო გომესმა მცირე ტრავმები კი მიიღეს, მაგრამ დღევანდელი თამაშისთვის ორივე გამოჯანმრთელდა. ასე რომ, "ჯუზეპე მეაცაზე" კრაფტიც ითამაშებს და გომესიც.

"ბაიერნი" საკმაოდ კარგ ფორმაშია და ერთადერთი პოზიცია, რომელსაც პრობლემატური ეთქმის, დაცვის ხაზია. ვან გაალი დაცვის ცენტრში ნომინალური საყრდენი ნახევარმცველის, ანატოლი ტიმოშჩუკისა და ახალგაზრდა ჰოლგერ ბადშტუბერის ტანდემს ათამაშებს ხოლმე, რის გამოც ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ სხვა გზა ფაქტობრივად არც აქვს, რადგან სათადარიგოთა სკამზე შარშანდელი ფინალის ანტიგმირი და მრავალგზის შერცხვენილი დანიელ ვან ბუიტენი და ასევე ძალიან უნიათო ბრენო უზის.

"ინტერი" არც შარშან იყო დაუმარცხებელი გუნდი და მით უმეტეს არც ახლაა. ვფიქრობ, მეოთხედფინალში გასვლის ძალიან კარგი შანსი გვაქვს. ჩემი აზრით, ფინალი "ინტერმა" კი არ მოიგო, ჩვენ წავაგეთ. ისიც ცხადია, რომ "ინტერი" ახლა შედარებით უფრო სუსტი გუნდია," - ეს "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველის, თომას მიულერის სიტყვებია.

"ორივე გუნდი ძალიან ძლიერია და ამ დუელში ფავორიტი არ არსებობს. ფინალის შემდეგ "ბაიერნში" ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა და თუ შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვავლენთ, ვფიქრობ, მეოთხედფინალში მაინც ჩვენ გავალთ," - აცხადებს ლუსიო.

"არა მგონია, რომ თამაში ზუსტად ისეთი გამოვიდეს, როგორიც ფინალი იყო. რაღაც-რაღაცები ჩვენთანაც შეიცვალა, "ინტერში" კი უფრო მეტი ცვლილება მოხდა. ჩემი აზრით, მილანში უნდა მოვიგოთ, ფრეზე თანახმა არ ვარ. ფაქტია, რომ კონტრშეტევებზე ვითამაშებთ და რატომღაც მჯერა, რომ ერთ-ორ გოლს აუცილებლად გავიტანთ. ფინალში "ინტერი" არ გვიტევდა და ჩვენს შეცდომებს ელოდა, ახლა კი იგივე ჩვენ უნდა გავუკეთოთ," - ეს კი რობენის მოსაზრებაა.


სავარაუდო შემადგენლობები
ინტერი (4-3-2-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, რანოკია, კივუ - ხ. ძანეტი, კამბიასო, მოტა - სტანკოვიჩი, სნეიდერი - ეტო"ო.
ბაიერნი (4-2-3-1): კრაფტი - ლამი, ტიმოშჩუკი, ბადშტუბერი, ლუის გუსტავო - პრანიჩი, შვაინშტაიგერი - რობენი, თ. მიულერი, რიბერი - გომესი.
არბიტრი: ვიქტორ კასაი (უნგრეთი)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული