ექვსი წლის შემდეგ: მეოთხედფინალი რეალურია!

AutoSharing Option
რა უნდა მოხდეს სანტიაგო ბერნაბეუზე?


ლიონი-რეალი 1:1

"რეალმა" "ლიონს" ზედიზედ მეშვიდე თამაში ვერ მოუგო, მაგრამ "სტად ჟერლანზე" მიღწეულმა ფრემ (1:1) ჟოზე მოურინიოს გუნდს საპასუხო მატჩისთვის მეოთხედფინალში გასვლის ძალიან კარგი შანსი დაუტოვა და თუ "სანტიაგო ბერნაბეუზე" რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "სამეფო გუნდი" 2004 წლის შემდეგ პირველად გადალახავს მერვედფინალურ ეტაპს.

მატჩამდე
კლოდ პუელმა 4-2-3-1 ტაქტიკური სქემა აირჩია და ყველასათვის მოულოდნელად, პიანიჩი სათადარიგოთა სკამზე დატოვა, ერთადერთ ცენტრფორვარდად გომისი გაამწესა, ხოლო მის უკან სწრაფი გარემარბები, ბაშტოში და დელგადო, შუაში კი ჭკვიანი გურკუფი.
ჩვენი ესპანელი კოლეგების
ვარაუდი არ გამართლდა: მოურინიომ მესამე საყრდენზე უარი თქვა და ლასანა დიარა სკამზე დატოვა, მის ნაცვლად კი, სასტარტოში, შემტევი დუეტის, იოზილისა და რონალდოს გვერდით ანხელ დი მარია გაამწესა.

მატჩი
პირველი რეალური საგოლე მომენტი მხოლოდ 31-ე წუთზე შეიქმნა და კრიშტიანო რონალდოს საჯარიმო დარტყმას მოჰყვა, რომელიც ლორისმა მოიგერია. შემდეგ იყო ფრანგების ძალიან სახიფათო კონტრშეტევა: გომისმა ბაშტოშს ბურთი მარცხენა ფლანგზე გაატანა, ამ უკანასკნელმა კი კასილიასის საჯარიმოში ჩააწოდა. იკერმა კარი დატოვა, მაგრამ ბურთი უხეიროდ მოიგერია. გომისი ადგილზე გაჩნდა, 13 მეტრიდან დაარტყა, მაგრამ კასილიასმა რეაქცია მაინც მოასწრო და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მეორე ტაიმი რონალდოს მორიგი ბრწყინვალე ჯარიმით დაიწყო: პორტუგალიელმა ლორისის კარის ძელი შეაზანზარა. არ გასულა წუთზე მეტი და "ლიონი" გაშვებული გოლისგან ისევ ძელმა იხსნა, როცა იოზილის კუთხურს სერხიო რამოსი გამოეხმაურა.
65-ე წუთზე "რეალმა" ანგარიში გახსნა: ქარიმ ბენზემა მოედანზე სულ რაღაც 42 წამის შესული იყო, როცა ბურთისთვის სამაგალითოდ იბრძოლა და იოზილ-რონალდოს ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, საჭირო პაუზა გააკეთა და ლორისს ბურთი ფეხებსშუა გაუტარა. კრისი ბურთს მისწვდა, მაგრამ უხეიროდ - 0:1.
როცა ყველამ იფიქრა, რომ მადრიდელები თამაშს მოიგებდნენ, გომისმა წონასწორობა აღადგინა: გურკუფის საჯარიმო ჩაწოდება, კრისმა საჰაერო დუელი მოიგო და ბურთი თავით გომისს დაუგდო, რომელიც თამაშგარეში ჩარჩენას გადაურჩა და კასილიასს შანსი არ დაუტოვა.
ამრიგად, პირველ ტაიმში "ლიონი" ფლობდა უპირატესობას, მეორეში კი "რეალი", მაგრამ იმის გამო, რომ ბურთი ორჯერ მოხვდა "ლიონის" კარის ძელს, უნდა ვთქვათ, რომ ფრანგულ კლუბს გაუმართლა, ეს თამაში რომ არ წააგო.

რეაქციები
კლოდ პუელი ("ლიონის" მწვრთნელი): "ჩემი გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, თითოეული მათგანი მაქსიმალურად ეცადა, მაგრამ ვიცი, რომ მეტი შეგვიძლია. დაცვაში რეალურად მხოლოდ ერთხელ შევცდით და ის შეცდომაც გაშვებული გოლის ფასად დაგვიჯდა."
ჟოზე მოურინიო ("რეალის" მწვრთნელი): "ჩემპიონთა ლიგისთვის დამახასიათებელი თამაში გამოვიდა. ძალიან კარგ გუნდთან, რომელსაც ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს, სტუმრად 1:1 ვითამაშეთ და უკმაყოფილების საფუძველი არ მაქვს. მარტო მსაჯით ვარ უკმაყოფილო, რადგან მან 5 მეტრიდან ვერ დაინახა ის, რაც მე 50 მეტრიდან დავინახე. პენალტი გვეკუთვნოდა!"

თოპ ფეხბურთელი
ქარიმ ბენზემა (რეალი)
ფაქტია, რომ ბენზემას ეს საღამო ძალიან დიდხანს ემახსოვრება. მოურინიომ ყოფილ კლუბთან მატჩში ის სათადარიგოთა სკამზე დასვა და როცა მოედანზე შეუშვა, ფრანგ თავდამსხმელს უდიდესი მონდომება ეტყობოდა. რაც ყველაზე მთავარია, ბენზემამ მოედანზე შესვლიდან 42 წამში უაღრესად მნიშვნელოვანი გოლის გატანა შეძლო. ესეც რომ არ იყოს, ბენზემა გაცილებით ეფექტური იყო, ვიდრე მისი კონკურენტი ადებაიორი.

Fლოპ ფეხბურთელი
ანხელ დი მარია (რეალი)
არგენტინელი პირველ ტაიმში საერთოდ არ ჩანდა და "რეალის" მადრიდელთაგან პასების ყველაზე ცუდი კვოტა ჰქონდა. მან მთელი მატჩის განმავლობაში ერთადერთ შეტევაში მიიღო ნაყოფიერი მონაწილეობა: 85-ე წუთზე ლორისის კარისკენ დაარტყა და ააცილა.


მსაჯი
შეიძლება ითქვას, რომ გერმანელი ვოლფგანგ შტარკი მატჩს საკმაოდ კარგად გაუძღვა - მაგალითად, მან სამართლიანად უჩვენა მე-9 წუთზე სერხიო რამოსს ყვითელი ბარათი, მაგრამ იყო საკამათო ეპიზოდიც: 64-ე წუთზე შტარკს შეეძლო, "ლიონის" კარში პენალტი დაენიშნა, როცა რონალდოს ჯარიმის დროს გურკუფს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა.


ანალიზი
მოლოდინი გამართლდა: "სტად ჟერლანზე" პირველივე წუთებიდან უმძაფრესი ბრძოლა გაჩაღდა. ფეხბურთელები მოედნის ცენტრში ერთმანეთს სანტიმენტრსაც კი არ უთმობდნენ, რის გამოც პირველ ნახევარ საათში თვალსასეირო მომენტები ფაქტობრივად არ ყოფილა. სამაგიეროდ, იყო 20 ჯარიმა.
უნდა ითქვას, რომ "ლიონი" "რეალზე" მეტს ცდილობდა - განსაკუთრებით ბაშტოში და დელგადო აქტიურობდნენ ფლანგებიდან, "რეალს" კი "სტად ჟერლანზე" თავისი თამაშის პოვნა საკმაოდ გაუჭირდა. დი მარია სისოხომ გათიშა, რევეილერი, ტულალანი და კალსტრიომი კი რონალდოს და იოზილს, როგორც ვამბობთ ხოლმე, პირდაპირ "ფეხებზე აჯდნენ". სწორედ ამიტომ, მადრიდელებმა პირველ ნახევარ საათში ერთადერთი მომენტი სტანდარტულიდან შექმნეს (რონალდოს ჯარიმა).

სამაგიეროდ, მეორე ტაიმი "სამეფო გუნდმა" გაცილებით კარგად დაიწყო - მოურინიოს შეგირდებს დაეტყოთ, რომ გასახდელიდან უფრო მობილიზებულები გამოვიდნენ, რადგან "რეალის" თამაშმა გარკვეული სტრუქტურა მიიღო. თუმცა იოზილი და განსაკუთრებით დი მარია ისევ თვლემდნენ და ერთადერთი, ვინც ინიციატივა საკუთარ თავზე მართლა აიღო, კრიშტიანო რონალდო გახლდათ.
"ლიონისგან" ვეღარაფერს ვხედავდით, თუ არ ჩავთვლით შტურმისმაგვარ რაღაცას ბენზემას გოლამდე. ცხადია, მოურინიოს დამსახურებაა ისიც, რომ მეორე ტაიმში "რეალის" უკანახაზელებმა ბაშტოშისა და დელგადოს უკეთ გაკონტროლება შეძლეს და მადრიდული გრანდი დაცვაში გაცილებით უკეთ, ფაქტობრივად უშეცდომოდ ათამაშდა. მასპინძლებს გადამწყვეტი ძალისხმევა აკლდათ. ფლეიმეიქერი გურკუფი არ ჩანდა, გომისს კი პეპე და კარვალიო ძალიან კარგად მეურვეობდნენ, ოღონდ, მხოლოდ 83-ე წუთამდე, როცა გომისი მათ იდეალურად დაუძვრა და ანგარიში გაათანაბრა. გოლის შემდეგ "ლიონმა" უფრო მეტი, კერძოდ, მოგება მოინდომა და შეიძლება ითქვას, რომ პუელის შეგირდებს მეორე სუნთქვაც გაეხსნათ, მაგრამ მოურინიოს გუნდმა "ლიონს" მეტი აღარაფერი გააბედინა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული