კარლო ხარ და ქუდი გხურავს...

AutoSharing Option
"კოპენჰაგენი" პირველი დანიური გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაძლია და ეს უნდა იკმაროს - "კოპენჰაგენი" ვერ გახდება პირველი დანიური კლუბი, რომელიც მერვედფინალურ ეტაპსაც გადალახავს. "პარკენზე" გამართულ მატჩში, რომელიც "არისტოკრატებმა" დამაჯერებლად, 2:0 მოიგეს, ყველაზე საინტერესო არც მეტი, არც ნაკლები, კარლო ანჩელოტის ქუდი იყო...

მატჩამდე
როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში ორივე გუნდმა ერთნაირი ტაქტიკური სქემით დაიწყო: კლასიკური 4-4-2-ით. დანიელებს წინა ხაზზე სანტინისა და ნ"დოიეს წყვილი ჰყავდათ, ვინგაარდი კი ბევრისთვის გასაკვირად სათა
დარიგოთა სკამზე აღმოჩნდა. ანჩელოტიმ მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა გაიყვანა: ფერნანდო ტორესი ძირითადში ვიხილეთ და ამრიგად, ჩემპიონთა ლიგაში, "ჩელსის" მაისურით მისი დებიუტი შედგა. კარლიტომ ობი მიკელი სკამზე დატოვა, სასტარტოში კი რამირესი გაამწესა.

მატჩი
პირველივე საინტერესო მომენტი გოლით დაგვირგვინდა: გრონკიაერის არაზუსტი პასი დანიელებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა - ანელკამ ვილანდის კარისკენ აიღო გეზი და 15 მეტრიდან დაურტყა. ანტონსონი ბურთის მოგერიების მიზნით ამაოდ ჩაწვა და მეკარეც ცუდად გამოიყურებოდა.
თამაში ნანახიც რომ არ გქონდეთ და დიდი შანსია, რომ არც გეყურებინათ, რადგან პარალელურად "ლიონი"-"რეალი" მიმდინარეობდა, მიხვდებით, რომ მარტო "ჩელსი" ითამაშებდა. ასეც იყო.
22-ე წუთი: ტორესმა მარცხნიდან შეუტია, საჯარიმოში შეიჭრა, იორგენსენს გასცდა და 6 მეტრიდან დაარტყა, მაგრამ ვილანდმა იყოჩაღა.
32-ე წუთი: ამჯერად ანელკამ დააღწია თავი მცველებს, მაგრამ ათი მეტრიდან ცოტა უხეიროდ დაარტყა.
54-ე წუთი: ანელკას მეორე გოლი. აღსანიშნავია ფრენკ ლემპარდის გენიალური პასი.
59-ე წუთი: ისევ ლემპარდის პასი, ოღონდ ამჯერად ტორესისკენ, რომელმაც ორი მცველი მოატყუა და ათი მეტრიდან დაარტყა, მაგრამ ვილანდმა ისევ აუღო.
დასკვნა თქვენ გააკეთეთ...

თოპ ფეხბურთელი
ნიკოლა ანელკა (ჩელსი)

გარდა იმისა, რომ ორი გოლი გაიტანა, ფრანგმა გოლეადორმა "კოპენჰაგენის" მცველებს ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა. დანიელები მის წინააღმდეგ ვერაფერს გახდნენ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესდღეობით ანელკა ტორესსა და დროგბაზე გაცილებით უკეთეს ფორმაშია.

Fლოპ ფეხბურთელი
დეიმ ნ"დოიე (კოპენჰაგენი)

ექსპერტები "კოპენჰაგენისთვის" ამ მეტად მნიშვნელოვან შეხვედრაში ნ"დოიესგან ძალიან ბევრს ელოდებოდნენ, მაგრამ იმედები გაუცრუვდათ. სენეგალელი თავდამსხმელი თავიდან საერთოდ არ ჩანდა და მხოლოდ ორი უნიჭო სიმულაციით დაგვამახსოვრა თავი, "ჩელსის" კარისკენ კი ერთადერთხელ, ისიც 76-ე წუთზე და თანაც, ძალიან ცუდად დაარტყა. ეს ყველაფერი კი პირველ რიგში ჯონ ტერის დამსახურებაა, რომელმაც "კოპენჰაგენის" ფორვარდს ფეხი არ გაანძრევინა.

მსაჯი
თამაშის შინაარსიდან გამომდინარე გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს ის, რომ ჰოლანდიელ არბიტრ ბიორნ კუიპერსს პრობლემები ფაქტობრივად არ შეჰქმნია. მას მხოლოდ თამაშგარე მდგომარეობების დაფიქსირებისას არ გაუმართლა - ორჯერ. ისიც უნდა ითქვას, რომ კუიპერსმა ფეხბურთელებს ხუთი ყვითელი ბარათი უჩვენა და ხუთივე საკამათო იყო.


ანალიზი

"კოპენჰაგენმა" "ჩელსის" მატჩის დასაწყისშივე დაუთმო მოედნის ცენტრი და წარმატებაზე ფიქრი კონტრშეტევებით დააპირა, მაგრამ მხოლოდ დააპირა, რადგან დანიელებს ესეც არ გამოუვიდათ. "კოპენჰაგენს" ეს კონცეფცია ძალიან მალე, უკვე მე-17 წუთზე ჩაუვარდა, როცა გრონკიაერის უპატიებელ შეცდომას ანელკას პირველი გოლი მოჰყვა. მოვლენების ასეთმა განვითარებამ "ჩელსი" ზედმეტად თავდაჯერებული გახადა, რის გამოც "არისტოკრატები" საგოლე მომენტებს გულგრილად ეპყრობოდნენ. ასე რომ არ ყოფილიყო, მატჩის ბედი გაცილებით ადრე გადაწყდებოდა. ასე კი, მეორე გოლი მხოლოდ 54-ე წუთზე გავიდა. მერე კი, "ჩელსიმ" თამაში გააკონტროლა და მეტოქეს არაფერი გააბედინა. შედეგად, ანჩელოტის გუნდი ფაქტობრივად უკვე მეოთხედფინალშია, "სტემფორდ ბრიჯზე" გასამართი საპასუხო მატჩი კი მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობად იქცა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული