მატჩამდე
ლეონარდოს ტაქტიკური სქემა არ შეუცვლია, მაგრამ რაკი პანდევის ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში სტანკოვიჩი გაამწესა, შედარებით ფრთხილი ტაქტიკა გამოუვიდა. ლუის ვან
მატჩი
გარდამავალი უპირატესობა და საკმაოდ ბევრი სახიფათო მომენტი - მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, თამაში მოლოდინისამებრ ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. "ინტერს" უკვე მეორე წუთზე შეეძლო ანგარიშის გახსნა, როცა სნეიდერის ჯარიმას რანოკია გამოეხმაურა, მაგრამ ძალიან კარგ პოზიციაში მყოფმა, ბურთი კარს ააცილა. შედარებით მოგვიანებით, დაახლოებით 19-20 წუთის შემდეგ იყო ლუის გუსტავოს ორი შორეული დარტყმა სულ რაღაც 60 წამის განმავლობაში - ერთხელ მცირე მანძილით ააცილა ჟულიო სეზარის კარის მარცხენა კუთხეს, ერთხელ კი მისი მის დარტყმას რიკოშეტული გაგრძელება მოჰყვა და მარჯვნიდან ასცდა "ინტერის" კარს. მილანელებმა მალევე ძალიან სახიფათო კონტრშეტევა განახორციელეს, ეტო"ო ბადშტუბერს გასცდა და კამბიასოს უპასა, რომლის კარგი დარტყმა კრაფტმა მოიგერია.
24-ე წუთი და ამჯერად ისევ "ბაიერნი": რობენის ჩაწოდება, რიბერის თავური და "ინტერი" ძელმა იხსნა. ოთხ წუთში რობენი უკვე გომესს მოემსახურა ძალიან კარგად, მაგრამ ამ უკანასკნელმა კარს ზემოდან გადააცილა. 33-ე წუთზე კრაფტმა ისევ იხსნა მიუნხენელები, რომლებიც კუთხურის დროს სიტუაციაში კარგად ვერ გაერკვნენ, ლუსიოსგან ბურთი ეტო"ოს მიუვიდა, რომელმაც "ბაიერნის" ახალგაზრდა კიპერის ბარიერი ვერ გადალახა.
პირველი ტაიმის მიწურულს, პრანიჩმა ტრავმა მიიღო და ვან გაალი იძულებული გახდა, შეეცვალა. ლუისმა თამაშში ბრენო ჩართო, რომელიც დაცვის ცენტრში დააყენა, ბადშტუბერს კი მარცხენა მცველობა უბრძანა.
მეორე ნახევარი ბავარიელთა კარგი მომენტით დაიწყო და ასისტენტად, რა თქმა უნდა, ისევ რობენი მოგვევლინა, რომლის ჩაწოდების შემდეგ, მიულერის თავური დარტყმა მცირე მანძილით ასცდა "ინტერის" კარს. ხუთ წუთში "ბაიერნის" ფეხბურთელებმა კვლავ ბრწყინვალე, ოთხსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს: შვაინშტაიგერი, რიბერი, რობენი, მიულერი, ისევ რობენი, ჰოლანდიელის დარტყმა მახვილი კუთხიდან და ბურთი უკვე მეორედ მოხვდა ჟულიო სეზარის კარის ძელს.
57-ე წუთზე მილანელებს ისეთი მომენტი შეექმნათ, რომ ვალდებულები იყვნენ, ანგარიში გაეხსნათ: შვაინშტაიგრის არაზუსტ პასს ეტო"ო დაეუფლა, ტიმოშჩუკი იოლად ჩამოიტოვა და დაჰკრა - კრაფტი ფხიზლად იყო, თუმცა მისი მოგერიებული თავუსფალ კამბიასოს მიუვიდა, რომელმაც მცირე მანძილიდან ააცილა. 85-ე წუთზე კი უკვე ტიაგო მოტას შეეძლო გატანა, მაგრამ სნეიდერის კუთხურის შემდეგ მისი თავური კრაფტმა მოიგერია.
მთავარსაც მივადექით: გომესის გოლი, რომელიც რობენის დამსახურება გახლდათ: ჰოლანდიელმა ჩვეული ტრიუკი ჩაატარა, მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და ძლიერად დაარტყა, "ინტერის" მეკარემ ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა, გომესი კი ადგილზე გაჩნდა და მარტივად, ყოველგვარი დაძაბვის გარეშე დაამწუხრა "ნერაძურის" ბრაზილიელი მეკარე.
ვერ ვიტყვით, რომ "ბაიერნმა" მოგება დაიმსახურა, ფრე ალბათ მაინც უფრო ლოგიკური შედეგი იქნებოდა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ მიუნხენელებს გამარჯვება არ დაუმსახურებიათ - მათ ორჯერ შეაზანზარეს ჟულიო სეზარის კარის ძელი.
რეაქცია
ვესლი სნეიდერი (ინტერი): "გამარჯვებას ჩვენ ვიმსახურებდით, რადგან კარგად ვითამაშეთ, წარმატებამდე კი მხოლოდ გოლი დაგვაკლდა. ჩემპიონთა ლიგიდან ჯერ არ გავარდნილვართ, წინ საპასუხო მატჩია, რომლის მოგება იოლი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ეს შეგვიძლია."
ლუის ვან გაალი ("ბაიერნის" მწვრთნელი): "სანახაობრივი თამაში გამოვიდა, რომელიც აბსოლუტურად დამსახურებულად მოვიგეთ. განსაკუთრებით კარგად მეორე ტაიმში ვითამაშეთ. ყველაფრით კმაყოფილი ვარ, ჩემი გუნდიდან კი თომას კრაფტი უნდა გამოვყო - მან დაამტკიცა, რომ უკვე ძალიან მაღალი კლასის მეკარეა."
TOP ფეხბურთელი
თომას კრაფტი (ბაიერნი)
სამუელ ეტო"ომ მიუნხენელ მცველებს ბევრი პრობლემა შეუქმნა და მათ უმეტესად ჩაგრავდა კიდეც. გოლი რომ ვერ გაიტანა, ეს მხოლოდ და მხოლოდ რეკორდმაისტერის ახალგაზრდა მეკარე კრაფტის დამსახურებაა. ზოგადადაც: ის, რომ "ინტერმა" გოლის გატანა ვერ შეძლო, არა "ბაიერნის" მცველების, არამედ კრაფტის "ბრალია".
FLOP ფეხბურთელი
დეიან სტანკოვიჩი (ინტერი)
სერბმა აბსოლუტურად ვერაფერი გააწყო. "ინტერის" შეტევებში ხეირიანი მონაწილეობა არ მიუღია და არც შორეული დარტყმები უცდია - სხვას თუ არაფერს, სტანკოვიჩი ამას მაინც ახერხებს ხოლმე.
მსაჯი
უნგრელ ვიკტორ კასაის სერიოზული შეცდომა არ დაუშვია, ისე კი, რამდენიმე სადაო გადაწყვეტილება მიიღო. მას ყვითელი ბარათი რატომღაც "ენანებოდა" (ლუის გუსტავო Vშ სნეიდერი, სნეიდერი Vშ ლამი, შვაინშტაიგერი Vშ ლუსიო). რამდენჯერმა კი, 50/50-ზე სიტუაციებში გადაწყვეტილება "ბაიერნის" სასარგებლოდ მიიღო. მაგალითად, მე-20 წუთზე ტიმოშჩუკისა და ეტო"ოს ორთაბრძოლის შემდეგ შეეძლო, მიუნხენელთა კარში პენალტი დაენიშნა...
ანალიზი
პირველ ტაიმში "ბაიერნს" ბურთის ფლობის 61-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა, რასაც უყურადღებოდ ვერ დავტოვებდით. სხვამხრივ, "ჯუზეპე მეაცას" მოედანზე თავიდან მხოლოდ ტაქტიკური ბრძოლა იყო. ლუის გუსტავომ თამაში მარცხენა მცველის რანგში დაიწყო, მაგრამ ვან გაალი მალე მიხვდა, რომ დანიელ პრანიჩი საყრდენის რანგში სნეიდერს ვერ უძლებდა, რის გამოც მას და ბრაზილიელს ადგილები გაუცვალა. ამის შემდეგ, სნეიდერი უმეტესად მხოლოდ მარცხნიდან უტევდა, იქ კი ლამის წინააღმდეგობას აწყდებოდა, ლუის გუსტავოს კი კამბიასოზე მოუხდა ზრუნვა. რაკი მაიკონმა პრანიჩს ბევრი პრობლემა შეუქმნა, ვან გაალმა ამ უკანასკნელისთვის დახმარება შვაინშტაიგერს დაავალა.
ამავდროულად, "ინტერის" ფეხბურთელები ძალიან საინტერესოდ აკონტროლებდნენ რობენს: ყველამ იცის, რომ ჰოლანდიელ დრიბლიორს ფლანგური გარღვევის შემდეგ ცენტრისკენ შეწევა და იქიდან დარტყმა უყვარს. ამიტომაც, როცა ბურთი რობენს ჰქონდა და მას "ინტერის" მარცხენა მცველი კივუ ეთამაშებოდა, ამ დროს კამბიასო იქვე, ოდნავ ცენტრისკენ იდგა და რობენის საფირმო ტრიუკისგან თავისი გუნდის დაზღვევას ცდილობდა, რაც ბევრჯერ გამოუვიდა, რამდენჯერმე კი - ვერა.
ჩახლართული ტაქტიკური ბრძოლების მოყვარულთათვის უგემრიელესმა მატჩმა არც ტემპი დაგვაკლო და ზოგადად, ყველა დანაპირები შეგვისრულა. მეოცე წუთიდან "ბაიერნმა" დომინანტის როლი შეითავსა, 35-ე წუთიდან შესვენებამდე კი "ინტერს" ეპყრა სადავეები ხელთ. სნეიდერი და მაიკონი ყველაზე მეტს ცდილობდნენ, "ბაიერნის" "მცველებს" ეტო"ოსთვის ბურთის ართმევა უჭირდათ. მიუნხენელები კი უმეტესად ფლანგებიდან უტევდნენ - რიბერი და რობენი მაქსიმალურად იყვნენ დატვირთულები, მაგრამ ფლანგებიდან "ინტერის" კართან თითქმის მხოლოდ მაშინ იქმნებოდა მომენტები, როცა რობენს ან რიბერის ლამი ან პრანიჩი ეხმარებოდნენ.
მეორე ტაიმში კი მიუნხენელები უფრო კონცენტრირებულები ჩანდნენ, ვიდრე "ინტერის" ფეხბურთელები და პირველი ათი წუთის განმავლობაში "ნერაძური" საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვეს. მერე კი ლეონარდოს გუნდიც გამოცოცხლდა და კამბიასოს იდეალური მომენტიც შეექმნა. თუმცა მეორე ნახევარში მილანელები უკვე საკმაოდ ბევრ შეცდომასაც უშვებდნენ. ბოლოს მასპინძლებმა მეტ-ნაკლებად მოინდომეს, მაგრამ გოლი არათუ ვერ გაიტანეს, არამედ გაუშვეს.
ამრიგად, რეკორდმაისტერი ცალი ფეხით მეოთხედფინალშია, იტალიური საკლუბო ფეხბურთის იმიჯი კი კიდევ ერთხელ გაითელა. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში სამი აპენინური კლუბი თამაშობს, სამივემ საკუთარ მოედანზე წააგო და მეოთხედფინალში გასვლის შანსი სამივეს მინიმალური აქვს...