როცა ყველა კმაყოფილია, სამოცი ათასი გულშემატკივარის გარდა

AutoSharing Option
"ველოდრომზე" 60 000 გულშემატკივარი მივიდა, თამაში კი ვერ გამოვიდა ისეთი სანახაობრივი, როგორსაც ველოდით. 0:0 ისეთი ანგარიშია, რომლითაც სერ ალექს ფერგიუსონი კმაყოფილი დარჩა და არც დიდიე დეშამს აქვს საწუწუნო.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კარი მშრალად შევინახეთ. მეორე ტაიმში მართლა კარგად ვითამაშეთ და შეიძლებოდა, გაგვეტანა კიდეც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სუპერგრანდის წინააღმდეგ ვთამაშობდით. 0:0 მისაღები შედეგია," - თქვა მატჩის შემდეგ "მარსელის" თავკაცმა დიდიე დეშამმა.

მატჩის წინ
დეშამმა 4-2-3-1 ტაქტიკური სქემა აირჩია და ტრავმირებული ჟინიაკის ნაცვლად, ერთადერთ ცენტრფორვარდად ბრანდაო გაამწესა, ბლომდე ვერგამოჯანმრთელებული
ვალბუენა კი სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

"მანჩესტერს" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე მოუხდა ფონს გასვლა: ფერდინანდი, გიგზი, ანდერსონი, ევანსი და პარკი ტრავმირებულები იყვნენ. დაცვაში მარჯვნივ ო"ში ვიხილეთ, საყრდენად კი, ქერიკისა და ფლეტჩერის ნაცვლად, გიბსონი. ფერგიუსონმა რაფაელი და სქოულზი სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

TOP ფეხბურთელი
კრის სმოლინგი (მანჩესტერი)
სმოლინგმა "მანჩესტერის" დაცვის ტრავმირებული ბურჯი ფერდინანდი იდეალურად შეცვალა. ახალგაზრდა უკანახაზელი ბრანდაოს მშვენივრად მეურვეობდა და პოზიციურადაც ძალიან კარგად ითამაშა.

FLOP ფეხბურთელი
უეინ რუნი (მანჩესტერი)
მანკუნიანელთა ლიდერს ხეირიანი არაფერი გაუკეთებია – რუნიმ მბიასა და ფანის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. 90 წუთის მანძილზე ის მხოლოდ 27-ჯერ შეეხო ბურთს, რაც უეინის დარი ფეხბურთელისთვის ძალიან ცოტაა.

მსაჯი
გერმანელი დოქტორი ფელიქს ბრიხი მატჩს ძალიან კარგად, აბსოლუტურად უშეცდომოდ გაუძღვა.

ნალიზი
მანჩესტერელებმა თავიდანვე სცადეს "ველოდრომზე" მოვლენების გაკონტროლება და ეს გარკვეულწილად მოახერხეს კიდეც. ფერგიუსონის გუნდი უმეტესად მარჯვენა ფლანგიდან უტევდა, სადაც ნანი კაბორესა და ჰაინცეს წინააღმდეგ თავის სისწრაფეს მშვენივრად იყენებდა. დეშამის შეგირდებს კი მეტოქის ნახევარზე პრესინგის განხორციელებაზე არც უფიქრიათ და მანჩესტერელებს უმეტეს შემთხვევებში თავის ნახევარზე კომპაქტურად "ჩაწყობილები" ელოდებოდნენ.

ფრანგების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ "მარსელი" დაცვაში ბრწყინვალედ თამაშობდა - ინგლისელებს მანდანდას კარისკენ მისასვლელი გზების პოვნა ძალიან უჭირდათ. პირველ ტაიმში "ოლიმპიკის" ფეხბურთელებს შეტევაზე არც უფიქრიათ. აი, მეორე ნახევრიდან კი შედარებით აქტიურები გახდნენ, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე ვერცერთხელ ვერ მიიყვანეს. "მანჩესტერი" კი საფინალო სასტვენამდე დიდი ხნით ადრე დათანხმდა ნულოვან ფრეს, რომელიც ფერგიუსონის გუნდის ფავორიტობას "ოლდ ტრაფორდზე" გასამართი მატჩის წინ კიდევ უფრო ნათლად უსვამს ხაზს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული