სიტი-ბარსელონა. გამოხმაურება: დაივიწყეთ მესი, საუკეთესო დე ბრუინია

AutoSharing Option
AUTO PLAY
* რაც ხოსეპ გვარდიოლა მწვრთნელია, მის გუნდს ბურთის ფლობის ასეთი დაბალი პროცენტი არ ჰქონია - 34,7.

* კევინ დე ბრუინი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ლიგაზე "ბარსას" პირდაპირ საჯარიმო დარტყმით გაუტანა ჟუნინიოს (2009 წ) შემდეგ.

* ლიონელ მესიმ ყველაზე მეტი გოლი გაიტანა "სიტის" კარში ჩემპიონთა ლიგაზე - 6.

ხოსეპ გვარდიოლამ ყოფილ გუნდს მოუგო და ამით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. "სიტი" და "ბარსელონა" ბოლო წლებში არაერთხელ გადაეყარნენ ერთმანეთს. აქამდე ყველა შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა. "ბარსამ" მოიგო ცოტა ხნის წინათ "კამპ ნოუზე" ჩატარებული მატჩიც, თუმცა,
ამჯერად "ქალაქელებმა" "ეტიჰადზე" იძალეს.

მანჩესტერელებმა მეორე ტაიმი დიდებულად ჩაატარეს და, მიუხედავად იმისა, რომ ლიონელ მესიმ ანგარიში გახსნა, "სიტიმ" გამარჯვების (3:1) მოპოვება მოახერხა. განსაკუთრებულად კარგი კი კევინ დე ბრუინი გახლდათ. აი, ახლა გამოჩნდა, რატომ თქვა პეპმა, ლეო მესის მერე საუკეთესო დე ბრუინიაო. ბელგიელმა შესანიშნავად ითამაშა და თავისი გუნდის მეორე გოლიც გაიტანა.

თითო საგოლე პასი მიითვალეს რაჰიმ სტერლინგმა და სერხიო აგუერომ, ხოლო ილქაი გიუნდოგანმა დუბლი შეასრულა. გამოჩნდა ისიც, თუ რატომ გახდა გიუნდოგანი გვარდიოლას პირველი შენაძენი. ტრავმამოშუშებულ ილქაის თავიდანვე ეფექტის მოხდენა გაუჭირდა, მაგრამ ბოლო მატჩებს იგი დიდებულად ატარებს.

ამ ყოველივეს მიუხედავად, გვარდიოლა ისევ ფრთხილობს და ამბობს, რომ პირველი 38 წუთი მისმა გუნდმა საშინლად ჩაატარა და ასე შორს ვერ წავალთ, "კამპ ნოუზე", სანამ კაცს გაგვიძევებდნენ, გაცილებით კარგად ვითამაშეთ, ვიდრე მანჩესტერული შეხვედრის პირველ ტაიმშიო.

"მეტოქე 0:1-ს იგებდა და მომენტებიც ჰქონდა. "ბარსას" მეორე გოლი რომ გაეტანა, მატჩი დამთავრებული იქნებოდა. ჩვენმა გოლმა ხასიათი შეგვიცვალა. მეტოქე მჭიდრო პრესინგს გვეთამაშებოდა, მაგრამ თავდაჯერება შეგვემატა და სათამაშო სტილიც შევცვალეთ. მეორე ტაიმში უკვე უფრო კომფორტულად ვგრძნობდით თავს, უფრო პირდაპირ და მსუბუქად ვთამაშობდით. თუ მთელ მატჩს შევაფასებთ, პირველი 38 წუთის გათვალისწინებით, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ მზად საუკეთესო კლუბებთან ტოლ-სწორად ჭიდილისთვის. აი, მეორე ნახევარი უკვე სულ სხვაგვარი იყო.

ჩემმა ბიჭებმა გაიაზრეს, რომ რთული მომენტი გადაიტანეს და "ბარსელონას" ბევრი პრობლემა შეუქმნეს. ახლა ისინი გადახარშავენ, რომ საუკეთესო გუნდი დაამარცხეს. ეს ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობისთვისაც სამაგალითო იქნება და ისინიც იმავეს მიღწევას მოინდომებენ. ეს პროცესია, მუშაობას ვაგრძელებთ.

ასე იყო, მაგალითად, ჯო ჰარტისა და ვენსან კომპანის შემთხვევაშიც. მათ ერთად მოიგეს ჩემპიონატი და შემდეგ გუნდში გამოჩენილ სხვა ფებხურთელებსაც იმავეს გაკეთების სურვილი გაუჩნდათ და იციან, რომ ასეთ წარმატებებს უნდა მიაღწიონ" - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ცოტა ხნის წინ პეპმა აღნიშნა, "ბარსაში" 20 წელი ვიყავი, "სიტიში" კი 3 თვეა, რაც ვარ და ფილოსოფიის დანერგვასა და ყველაფრის აწყობას ცოტა დრო დასჭირდებაო.

"მეტოქის პირველ გოლამდე ერთ-ერთი საუკეთესო 40 წუთი იყო, რომელიც ასეთი დონის შეხვედრებში ჩაგვიტარებია, ასეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან. გაშვებული გოლის მერე კი პრობლემები შეგვექმნა. მატჩის მსვლელობას ვეღარ ვაკონტროლებდით და შეცდომებს ვუშვებდით. "სიტიმ" აგრესიული თამაში და პრესინგი დაგვიპირისპირა და ამით ჩვენი შეცდომების პროვოცირება მოახდინა, რითაც საბოლოო ჯამში ისარგებლა კიდეც" - განაცხადა ლუის ენრიკემ.

სერხიო აგუერო: "ჩვენ ბევრს ვშრომობთ იმისთვის, რომ მსგავსი შედეგები სტაბილურად გვქონდეს. ამ შეხვედრაში მიზნის მიღწევა გამოგვივიდა და ეს გვახარებს. დიდი მადლობა "ეტიჰადზე" მოსულ ფანებს მხარდაჭერისთვის".

"ერთი მატჩი არაფერს ცვლის და არაფერს წყვეტს, სეზონი გრძელია. ექსპერტებისა და ფანების დიდი ნაწილი ზედმეტად აფასებს "სიტის" ამ მიღწევას. პეპის წვლილი კი გადაფასებულია" - აი, ასეთი კომენტარი გააკეთა საფეხბურთო მიმომხილველმა ენდი გრირიმ.

"გვარდიოლამ შესანიშნავი გადაადგილებები მოახდინა და მესი მეორე ტაიმში დაიკარგა, ისევე, როგორც მისი მეგობრები" - ვკითხულობთ ერთ-ერთ კომენტარში.

"დაივიწყეთ მესი, მსოფლიოში საუკეთესო დე ბრუინია" - წერს მეორე.

"რა სწორი და კარგი შენაძენია გიუნდოგანი. თუ ის ტრავმას აღარ მიიღებს და ჯანზე დარჩება, იდეალური იქნება. ტურეს შემცვლელი!" - ამბობს მესამე.

"ეს რომ პლეი ოფი ყოფილიყო, "ბარსელონა" ორი მატჩის ჯამში 5:3-ს მოიგებდა. ყოჩაღ "სიტის", მაგრამ აჟიოტაჟი მაინც გადაფასებულია. კლუბი სწორ გზაზე დგას, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრია" - აღნიშნა მეოთხემ.

ბოლოს კი ისევ გვარდიოლას სიტყვებით დავასრულოთ: "ისე არ არის, რომ "სიტის" მფლობელი შეიხი მანსური ან ჩვენი თავმჯდომარე ხალდუნ ალ მუბარაქი მოვიდნენ და თქვან, რომ ევროპაში საუკეთესო კლუბის ყოლა სურთ და უცბად ასე მოხდეს. ეს ყველას ესმის და ყველამ უნდა გაიგოს. ამისთვის 10, 15, 20… წელია საჭირო. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს დრო შევამციროთ და მიზანს უფრო მოკლე პერიოდში მივაღწიოთ. გვინდა, ფანებს ბევრი სიხარული და ისეთი ღამე ვაჩუქოთ, როგორიც "ბარსელონასთან" გამარჯვების მერე დაუდგათ".

P.S. "მარკას" ინფორმაციით, გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში ლიონელ მესის კონფლიქტი მოუვიდა "სიტის" ფეხბურთელებთან. არგენტინელმა ერთ-ერთს სულელიც კი უწოდა. საბედნიეროდ, სერხიო აგუერომ შეძლო მხარეების დაშოშმინება და ინციდენტი აღარ გაგრძელებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მესის არ აქვს მსოფლიო მოგებული (მეორეადგილოსანია) . პელეს და მარადონას ჩემპიონთა ლიგა და ოქროს ბურთები... ტიტულების დატოლება კი არა, თამაში ხარისხია მთავარი, სადაც მესი დღევანდელ ფეხბურთში ყველაზე სტაბილურია ჩემი მოკრძალებული აზრით...
.........-s- ს :)
03 ნოემბერი 2016 14:29
0
მესის სანაკრებო დონეზე ჯერ არაფერი არ აქვს მოგებული ამიტომ პელეს და მარადონას გვერდით ხსენება უხერხულია!
ხო კიდევ რონალდინიო გამოგრჩა რომელიც ალბათ მესიზე არანაკლებ ნიჭიერი იყო მაგრამ იმ თაობის ბრაზილიელი ვარსკვლავები დროსტარებაზე უფრო მეტს ფიქრობდნენ ვიდრე ფეხბურთზე...
.........-s
03 ნოემბერი 2016 14:10
1
დე ბრუინი არა მიკლუხო მაკლაი. დე ბრუინისნაირი ....ი ჯოგებად დარბიან ყოველ ათწლეულებში. მესი, მარადონა და პელე კი ფეხბურთის მეფეები არიან და დარჩებიან. ამათ შეიძლება ოდესმე კიდევ მიემატოს ვინმე, მაგრამ ჯერჯერობით ჰორიზონტზეც კი არავინ ჩანს. ვინც რონალდუს, ნეიმარს და მაგისთანებს ამათ დონედ თვლით იმათ შეგიძლიათ ფეხბურთის ყურებას თავი მიანებოთ ან უბრალოდ ისტორიას გადახედოთ და მინიმუმ 1000 ასეთივე მაგარ ფეხბურთელს აღმოაჩენთ. კრუიფი, გარინჩა, ჩარლტონი, პუშკაში, დი სტეფანო, "კიჭა"რონალდო, ეს ხომ ზღვაში წვეთიც კი არ არის, ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება და მერე თვითონვე ჩაფიქრდები და გაიაზრებ თურმე რამდენად მდიდარი ყოფილა საფეხბურთო სამყარო ყველა ეპოქაში და მაინც ეს სამი გამოირჩევიან ამ ყველაფრის ფონზე. ამიტომაც არიან ისინი სხვა სამყაროდან და დანარჩენები ამ სამყაროს ალამაზებენ და ავსებენ.
........
03 ნოემბერი 2016 13:34
0
ბარსელონას მეკარე არ ყავს და სამწუხაროდ ამაზე არავინ არ საუბრობს. ტერშტეგენით ასეთი დონის კლუბს რამე შედეგის მიღების იმედი არ უნდა ჰქონდეს.
vano
03 ნოემბერი 2016 10:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული