ჩემპიონთა ლიგა. V ტურის წინ: 7:0 გვახსოვს, მაგრამ...

AutoSharing Option
ოთხი დღევანდელი ჯგუფიდან ორში ყველაფერი (თითქმის ყველაფერი) გარკვეულია, ორში კი დიდი ბატალიებია წინ. მთავარი ბრძოლები წინ აქვს "ბარსელონას", რომელსაც საშინაო ასპარეზზეც უჭირს და თავი ქუდში არც ლიგაზე აქვს.

დღეს მონაწილეთაგან ოთხმა კლუბმა (არსენალი, პსჟ, ატლეტიკო, ბაიერნი) წინა ტურში მიაღწია მიზანს და ახლა მათ არცთუ მნიშვნელოვანი ამოცანები აქვთ გადასაწყვეტი.

რა შეიძლება მოხდეს დღეს?
A ჯგუფი
* "არსენალსა" და "პარი სენ-ჟერმენს" შორის გამარჯვებული ჯგუფს მოიგებს.
* "ლუდოგორეცსა" და "ბაზელს" შორის გამარჯვებული ევროპალიგის პლეი ოფის საგზურს დაიბევებს.

B ჯგუფი
* თუკი "ბენფიკა" მოიგებს თავის
მატჩს, ის საგზურს შეწვდება.
* ამ შემთხვევაში, "ნაპოლიც" ავტომატურად ხდება მერვედფინალის საგზურის მფლობელი.
* თუ "ბეშიქთაში" მოიგებს და "ნაპოლი" - ვერა, "ბეშიქთაში" მერვედფინალშია.
* "დინამო" ბოლო ადგილს იბევებს, თუ ვერ მოიგო; თუ მოიგო, მას მე-2 ადგილის შანსი რჩება, იმ შემთხვევაში, თუ "ბეშიქთაში" ვერ მოიგებს.

C ჯგუფი
* თუ "ბარსელონა" მოიგებს, შემდეგ ეტაპზე გავა, ან ფრეს თუ ითამაშებს და "სიტი" გერმანიაში არ წააგებს.
* "ბარსელონა" პირველ ადგილს დაიბევებს მოგების შემთხვევაში, თუ "სიტი" თავის თამაშს ვერ მოიგებს.
* "მანჩესტერ სიტის" გამარჯვება ჰყოფნის საგზურის ნაადრევად მოსაპოვებლად.
* თუ "გლადბახი" ფრეს ითამაშებს და "სელტიკი" დამარცხდება, გერმანული კლუბი ევროპალიგის პლეი ოფში ითამაშებს.
* "სელტიკმა" უნდა მოიგოს და "სიტიმ" - ვერა, თუკი შოტლანდიელებს შანსის შენარჩუნება სურთ.
* თუ "სელტიკი" ამ ტურში "გლადბახზე" ნაკლებ ქულას აიღებს, შოტლანდიური კლუბი ბოლო ადგილს გაინაღდებს.

D ჯგუფი
* ორივე ლიდერი გასულია. "ატლეტიკო" პირველი ადგილით გავა, თუ მოიგებს და "ბაიერნი" ვერ იმარჯვებს, ან ფრეს ითამაშებს და "ბაიერნი" წააგებს.
* მესამე ადგილის ბედი ბოლო ტურამდე ვერ გადაწყდება.

გამორჩეული მატჩი: აუტსაიდერი და ფავორიტი
I ტურში "ბარსელონამ" "სელტიკს" ევროასპარეზზე რეკორდული მარცხი აგემა, ლეო მესის ჰეთ თრიკის დახმარებით 7:0 დაამარცხა შოტლანდიის ჩემპიონი. არგენტინელის ჰეთ თრიკს ლუის სუარესის დუბლი, ნეიმარისა და ანდრეს ინიესტას თითო გოლიც დაემატა. მაშინ თქვა ბრენდან როჯერსმა: "შეიძლება კარის წინ ორი ავტობუსი ჩააყენო, მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები იქამდე მისასვლელ გზებს მაინც მოძებნიან".

მას მერე გლაზგოელებმა შეძლეს და თავი ორ ქულას მოუყარეს. ასე რომ, ისინი ჯერ "თამაშში" რჩებიან, მაგრამ წინ ისევ "ბარსელონასთან" დაპირისპირებაა. ერთი დიდი განსხვავებით, ამჯერად, მატჩი "სელტიკ პარკზეა".

ურთიერთშეხვედრები
"სელტიკისა" და "ბარსელონას" ურთიერთობა იმ 7:0-ით არ დაწყებულა და არც დასრულდება. დღევანდელ მატჩამდე გუნდებმა ერთმანეთში 13-ჯერ ითამაშეს. 8 მატჩი ესპანელებმა მოიგეს, 2 შოტლანდიელებმა. ბურთების სხვაობა 28:10-ია "ბარსას" სასარგებლოდ.

"სელტიკს", ბუნებრივია, წინა მატჩის გამეორება არ სურს, სკოტთა მიზანი 2012 წლის შეხსენებაა კატალონიელთათვის - ოთხი წლის წინათ, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "სელტიკს" საოცარი ევროსაღამო ჰქონდა - ვიქტორ ვანიამამ და ტონი ვეტმა "სელტიკს" 2:1 მოაგებინეს.

"ბარსას" საკადრო პრობლემები
უქმეებზე "ბარსელონამ" ვერ შეძლო "მალაგას" კარის დალაშქვრა - 0:0, რაც დიდწილად იმის ბრალი იყო, რომ ლუის ენრიკეს შეტევაში არც დისკვალიფიცირებული ლუის სუარესი ჰყავდა და არც ლიონელ მესი, რომელიც თამაშამდე შეუძლოდ გახდა.

მწვრთნელს ამ მატჩისთვის ორივე სუპერვარსკვლავი უბრუნდება, მაგრამ დაცვაში საკადრო პრობლემები რჩება. ტრავმირებულები არიან სამუელ უმტიტი და ჟერემი მატიო, საეჭვოა ჟერარდ პიკეს თამაში. რა თქმა უნდა, კვლავ არ იქნება ანდრეს ინიესტა შუახაზში, რომლის ადგილსაც ან ანდრე გომეში დაიკავებს, ანაც რაფაელ ალკანტარა.

პრესკონფერენცია
ბრენდან როჯერსი (სელტიკი): "ჩვენ მეტისმეტი მოწიწებით ვეთამაშეთ მათ წინა დაპირისპირებაში და ეს საშინელი შედეგიც მივიღეთ. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭებმა ამ თამაშიდან სწორი დასკვნები გამოიტანეს. ჩვენ ამ მატჩში გამარჯვება გვსურს. ეს ძალიან ძნელი მისაღწევია, მაგრამ შიში არ გვაქვს და არც არაფერი დასაკარგავი, ვიბრძოლებთ ბოლომდე. თუკი ყველაფერს ჩავდებთ ამ თამაშში, შეიძლება ეს სასურველი შედეგითაც დაგვიფასდეს".

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "სულ სხვა მატჩი იქნება და მას საერთო არაფერი ექნება "კამპ ნოუზე" 7:0 მოგებულ შეხვედრასთან. "სელტიკისგან" ყველაფერს უნდა ელოდო და ჩვენ მზად ვართ. "სელტიკ პარკი" დიდებული სტადიონია. მინდა, რომ ფეხბურთელები გავიდნენ მოედანზე, სიამოვნებით ითამაშონ და აჩვენონ ის, რაც შეუძლიათ. თუკი ისინი ამას გააკეთებენ, გარწმუნებთ, ჩვენ მომდევნო ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ".

ათი წლის შემდეგ
ამავე ჯგუფში ხოსეპ გვარდიოლას "სიტი" გერმანიას სტუმრობს, სადაც მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ეთამაშება. დღეისათვის მეორე და მესამე ადგილებზე მყოფი კლუბების დაპირისპირება ბუნებრივია, სატურნირო თვალსაზრისით, ბევრს წყვეტს.

ანდრე შუბერტი ამტკიცებს, რომ ამ მატჩში "სიტი" გამოკვეთილი ფავორიტია. მოდი და, ნუ დაეთანხმები, ჯერ ერთი, ამ გუნდების წინა დაპირისპირება I წრეში ინგლისურმა კლუბმა 4:0 მოიგო. იმ შეხვედრაში სერხიო აგუერომ ჰეთ თრიკი შეასრულა. მეორეც, წინა ტურში პეპის "სიტიმ" მის ყოფილ "ბარსას" მოუგო.

გერმანელებს ერთბაშად ექვსი ფეხბურთელი დააკლდებათ, აქედან ორი დისკვალიფიკაციის გამო, მაშინ, როცა "ქალაქელთა" დანაკლისი მცირეა - დელფი დიდი ხანია, არ არის, ვენსან კომპანის თამაში კი ბოლოს გამოირიცხა. მაგრამ დელფის არყოფნასა და კომპანის ტრავმიანობას პეპი და კომპანია უკვე კარგა ხანია შეეჩვია.

ანდრე შუბერტი (გლადბახი): "ჩვენ ვართ აუტსაიდერები, თანაც გამოკვეთილი აუტსაიდერები და ჩვენ ეს კარგად ვიცით. თუმცა ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ ამბობდნენ გასულ სეზონში "სევილიასთან" 0:3 მარცხის მერე, რომ "ბორუსიას" არაფერი ესაქმებოდა ლიგაზე. ახლა იმ ხალხმა უკვე კარგად იცის, რომ ჩვენი დონე სწორედაც შეეფერება ჩემპიონთა ლიგის დონეს. ამ ჯგუფში ძალიან მძიმე მატჩები გვქონდა. ჩვენ ყველა უპირატესობას გამოვიყენებთ, რაც კი მეტოქესთან გვაქვს, სასურველი შედეგის მისაღწევად".

ხოსეპ გვარდიოლა (სიტი): "ჩვენ ახლაც ვამაყობთ "ბარსელონას" დამარცხებით, მაგრამ ეს იყო ერთი კონკრეტული თამაში. ამ მატჩის გამო ავტომატურად ფავორიტები არ ვხდებით. შესაძლოა, ათი წლის მერე "სიტიც" ისეთივე ფავორიტი იყოს ლიგაზე, როგორც ახლა "ბარსა" და "რეალია". ყველაფერს გავიღებ, რომ გუნდი მათ დონეზე გავიყვანო წლების მერე. "გლადბახი" ძალიან კარგი გუნდია, შესანიშნავი, მებრძოლი მენტალიტეტით. კომპანის მუხლი აწუხებს და ეს სამწუხაროა, მას კიდევ რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწევს".

გრანდების ჯახი
სამწუხაროა, რომ "არსენალისა" და პსჟ-ის დაპირისპირებას, რომელიც თავისთავად ასე საინტერესოა, დიდი სატურნირო მნიშვნელობა აღარ აქვს. ამ მატჩის გამარჯვებული ჯგუფს მოიგებს. ეს, რა თქმა უნდა, ცუდი ბონუსი არ არის, მაგრამ არა ისეთი, რომ გუნდებმა ერთმანეთს თავი შეაკლან.

არსენ ვენგერისა და უნაი ემერის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ (თუკი ევროპულ მედიას დავუჯერებთ) ისინი არ აპირებენ მეორე შემადგენლობებით თამაშს. ორივე გუნდს ბევრი ფეხბურთელი აკლია ტრავმის გამო. ჩვენ ტრავმირებულთა სიაში ჩავწერეთ მცველი ორიეც, მაგრამ ის უცნაური მიზეზის გამო ვერ ითამაშებს ლონდონში - ამ ფეხბურთელს ბრიტანეთის ვიზა არ მისცეს.

არსენ ვენგერი (არსენალი): "სერიოზულად უნდა განვეწყოთ და ასევე ვითამაშოთ, დაცვაშიც და შეტევაშიც. ორივე გუნდი დაცვაში კარგია. პსჟ-ს უყვარს ბურთის დაჭერა, ჩვენც გვიყვარს. პირველ წრეში ჩვენ შორის ძალიან ღია თამაში გაიმართა, რომლითაც მაყურებელი აუცილებლად ისიამოვნებდა. იმედი მაქვს, რომ მათ არც ხვალ გავაწბილებთ. უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა და უნდა მოვიგოთ და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ".

ოთხშაბათი. 23 ნოემბერი
A ჯგუფი
არსენალი-პსჟ 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბელერინი, პერესი, კასორლა, მერტეზაკერი, უელბეკი, აკპომი - დი მარია (?), პასტორე, კურზავა, რაბიო, ორიე, არეოლა (?)
სავარაუდო შემადგენლობა
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ჯენკინსონი, მუსტაფი, კოსიელნი, მონრეალი - კოკლენი, ჯაკა - ოქსლეიდ-ჩემბერლენი, იოზილი, ივობი - ჟირუ
პსჟ (4-3-3): არეოლა - მონიე, მარკინიოსი, ტ. სილვა, მაქსველი - ვერატი, ტ. მოტა, მატუიდი - ლუკასი, კავანი, დი მარია
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

ლუდოგორეცი-ბაზელი 23:45
დისკვალიფიკაცია: დიე, შტეფენი (ბაზელი)
ტრავმა: ვიტინია -
სავარაუდო შემადგენლობა
ლუდოგორეცი (4-2-3-1): სტოიანოვი - მინევი, მოცი, პალომინო, ნათანაელი - დიაკოვი, ანისეტი - მარსელინიო, ვანდერსონი, კაფუ - კეშერიუ
ბაზელი (4-5-1): ვაცლიკი - ლანგი, ბალანტა, სუხი, ტრაორე - ჯაკა, ზუფი, ბიარნასონი, ელიუნუსი, დელგადო - დუმბია
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)

თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 4 3 1 0 12-3 10
2. პსჟ 4 3 1 0 9-3 10
3. ბაზელი 4 0 1 3 2-8 1
4. ლუდოგორეცი 4 0 1 3 4-13 1

ბოლო ტური
6 დეკემბერი
პსჟ-ლუდოგორეცი
ბაზელი-არსენალი

B ჯგუფი
ბეშიქთაში-ბენფიკა 21:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ერკინი, ტალისკა, როდოლფო - ფეიშა, გრიმალდო (?), ორტა (?), ჟონასი (?)
სავარაუდო შემადგენლობა
ბეშიქთაში (4-2-3-1): ფაბრი - გიონული, მარსელო, ტოშიჩი, ბეკი - არსლანი, ჰატჩინსონი - ქვარეჟმა, იოზიაკუპი, ადრიანო - აბუბაკარი
ბენფიკა (4-4-2): ედერსონი - ელიზეუ, ლინდელიოფი, ლუიზაო, სემედო - სამარისი, პიცი, სერვი, სალვიო - გუედესი, მიტროღლუ
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

ნაპოლი-დინამო 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მილიკი, ალბიოლი (?), გაბიადინი (?) - დანილო სილვა, ფედორჩუკი, გლადკი, გუსევი
სავარაუდო შემადგენლობა
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, მაქსიმოვიჩი, კულიბალი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი - ინსინიე, გაბიადინი, კალეხონი
დინამო კ. (4-1-4-1): რუდკო - მოროზიუკი, ხაჩერიდი, ვიდა, მაკარენკო - რიბალკა - იარმოლენკო, სიდორჩუკი, გარმაში, ციგანკოვი - ჟ. მორაეში
მსაჯი: ოვიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ნაპოლი 4 2 1 1 9-7 7
2. ბენფიკა 4 2 1 1 6-5 7
3. ბეშიქთაში 4 1 3 0 6-5 6
4. დინამო კ. 4 0 1 3 2-6 1

ბოლო ტური
6 დეკემბერი
დინამო-ბეშიქთაში
ბენფიკა-ნაპოლი

C ჯგუფი
სელტიკი-ბარსელონა 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტიერნი, გრიფიტსი, ტურე (?) - ინიესტა, უმტიტი, მატიო, პიკე (?)
სავარაუდო შემადგენლობა
სელტიკი (4-2-3-1): გორდონი - ლუსტიგი, ტურე, სვიატჩენკო, ისაგირე - ბრაუნი, არმსტრონგი - ფორესტი, როგიჩი, სინკლერი - დემბელე
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, მასკერანო, პიკე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ანდრე გომეში - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

გლადბახი-სიტი 23:45
დისკვალიფიკაცია: კორბი, კრამერი (გლადბახი)
ტრავმა: დომინგესი, შულცი, დუკურე, დრმიჩი - დელფი, კომპანი
სავარაუდო შემადგენლობა
გლადბახი (3-2-3-2): ზომერი - ელვედი, კრისტენსენი, ვესტერგაარდი - დაუდი, შტრიობლი - ტრაორე, შტინდლი, ვენდტი - აზარი, რაფაელი
სიტი (4-2-3-1): ბრავო - საბალეტა, სტოუნსი, ოტამენდი, კლიში, კოლაროვი - ფერნანდინიო, გიუნდოგანი - სტერლინგი, დ. სილვა, დე ბრუინი - აგუერო
მსაჯი: ჯიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 4 3 0 1 14-4 9
2. სიტი 4 2 1 1 10-8 7
3. გლადბახი 4 1 1 2 4-7 4
4. სელტიკი 4 0 2 2 4-13 2

ბოლო ტური
6 დეკემბერი
ბარსელონა-გლადბახი
სიტი-სელტიკი

D ჯგუფი
როსტოვი-ბაიერნი 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - კომანი, ნოიერი, ვიდალი, მარტინესი, რობენი
სავარაუდო შემადგენლობა
როსტოვი (5-3-2): ჯანაევი - კალაჩევი, მევლია, ნავასი, გრანატი, კუდრიაშოვი - გაცკანი, ნობოა, ეროხინი - პოლოზი, აზმუნი
ბაიერნი (4-3-3): ულრაიხი - ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - ჩაბი ალონსო, სანჩესი, ტ. ალკანტარა - მიულერი, ლევანდოვსკი, რიბერი
მსაჯი: არტურ დიაში (პორტუგალია)

ატლეტიკო-პსვ 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ა. ფერნანდესი, ჩერჩი - გუარდადო, ჰენდრიქსი, ლოკადია, ბრენეტი
სავარაუდო შემადგენლობა
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, ხ. ხიმენესი, ფილიპე ლუიში - გაბი, კოკე, ს. ნიგესი, ფერეირა-კარასკო - გრიზმანი, ფ. ტორესი
პსვ (5-3-2): ზოეტი - არიასი, იზიმატ-მირინი, მორენო, შვააბი, ვილემსი - პრიოპერი, რამსელაარი, ნარსინგი - პერეირო, ლ. დე იონგი
მსაჯი: ალექსეი კულბაკოვი (ბელარუსი)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლეტიკო 4 4 0 0 5-1 12
2. ბაიერნი 4 3 0 1 11-3 9
3. პსვ 4 0 1 3 4-9 1
4. როსტოვი 4 0 1 3 3-10 1

ბოლო ტური
6 დეკემბერი
ბაიერნი-ატლეტიკო
პსვ-როსტოვი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული