სადაც ევროთასებია, ბოლოს ყველგან იტალიური ფეხბურთის კრიზისზე ლაპარაკობენ. ევროპის ლიგის ეს ეტაპი კი გამონაკლისია (თუმცა, არა გვგონია, სასიამოვნო ტიფოზებისთვის) - იქ, სადაც 3 რუსული კლუბი თამაშობს, ერთი იტალიურიც არ გასულა.
მაშ ასე, ვნახოთ რა გაირკვა და რა ჯერ არა ევროპის ლიგის ფინალამდე 69 დღით ადრე...
ბრაგა-ლივერპული 1:0
"ბრაგამ"
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მარსიო მოსორო (ბრაგა) - ბრაზილიელმა პირველ ტაიმში მისი პასების კასკადმა თავბრუ დაახვია მეტოქის მცველებს, მოიპოვა გადამწყვეტი პენალტი.
კენი დალგლიში (ლივერპული): "პირველი 35 წუთის განმავლობაში ჩვენ უბრალოდ საშინლად ვთამაშობდით. არა მგონია, "ბრაგას" გადამწყვეტი უპირატესობა ჰქონოდა, მათ პენალტის წყალობით მოიგეს, როცა ჩვენმა მცველმა მეტოქე მაშინ მოცელა, როცა მისგან საფრთხეს ნაკლებად ველოდით. ბიჭები მინდა შევაქო მეორე ტაიმისთვის, უკეთ ითამაშეს, ტემპს მოუმატეს, შეეცადნენ ანგარიში გაეთანაბრებინათ. ახლა კი დაველოდოთ მატჩს "ენფილდზე".
პსვ-რეინჯერსი 0:0
"რეინჯერსმა" ჰოლანდიაში გმირულად შეინარჩუნა სასტარტო ანგარიში. ეინდჰოვენელთაგან გოლის გატანის ყველაზე კარგი შანსი მცველ მარსელოს ჰქონდა, რომელმაც ხელსაყრელი სიტუაციიდან თავური ააცილა შოტლანდიელთა კარს. უოლტერ სმითის გუნდი დაცვაში იყო გამაგრებული (დაცვაში 5 კაცით ითამაშეს) და ფრედ რუტენის შეგირდებს უჭირდათ შოტლანდიური ბასტიონის გარღვევა. ზემოთ აღწერილი მარსელოს ეპიზოდი თამაშის 71-ე წუთზე მოხდა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ბალაშ ჯუჯაკი (პსვ) - ძალიან მოწადინებული იყო, ჩაწოდებებით, საჯარიმო დარტყმებით ცდილობდა შოტლანდიელთა სამკაციანი ცენტრალური დაცვის გარღვევას. იტვირთა ლიდერის ფუნქციები.
ფრედ რუტენი (პსვ): "გაორებული გრძნობა მაქვს, თან კარგად ვითამაშეთ და სასაყვედურო არაფერი მაქვს ბიჭებისთვის, თან შედეგს ვერ მივაღწიეთ და საქმე რთულადაა. ბოლოს კი, რომ არა ისაკსონი, სულაც წავაგებდით".
ლევერკუზენი-ვილიარეალი 2:3
მას შემდეგ, რაც გერმანიის მე-10 გუნდმა (მიმდინარე ცხრილში) ჩემპიონთა ლიგაზე ესპანეთის მე-3 გუნდი დაამარცხა, ალაპარაკდნენ, რომ ბუნდესლიგამ პრიმერადივიზიონსაც გადაუსწრო დონით. ოპტიმისტებს მალევე მოუსწრო ლევერკუზენულმა მატჩმა, სადაც "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" 3:2 მოუგო ადგილობრივ "ბაიერს" და მეოთხედფინალისკენ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა. მატჩის გმირი კი უდავოდ ბრაზილიელი ნილმარია, რომელმაც 94-ე წუთზე (!) გაამარჯვებინა "ვილიარეალს".
არადა, ყველაფერი კარგად მასპინძელთათვის დაიწყო - 33-ე წუთზე მიხალ კადლეცმა შორეული დარტყმით გახსნა ანგარიში. ტაიმის მიწურულს ჯუზეპე როსიმ კონტრშეტევაზე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. მეორე ტაიმში კი ნილმარშოუ ვიხილეთ, ის ჯერ 70-ე წუთზე იოლად გაუსწორდა ორ მცველს და ბრწყინვალე გოლი გაიტანა (თუმცა მალევე გონსალო კასტრომ გაათანაბრა), შემდეგ კი, მატჩის მიწურულს გამარჯვება მოუტანა ესპანურ კლუბს, რისთვისაც იშვიათი ინდივიდუალური ოსტატობა გამოავლინა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ნილმარი (ვილიარეალი) - მოედანზე სულ რაღაც 21 წუთი დაჰყო და ორი ბრწყინვალე გოლი გაიტანა. შესაძლოა, მან ამ წყვილში ყველაფერი 90 წუთით ადრე გაარკვია.
იუპ ჰაინკესი (ლევერკუზენი): "ჩემმა გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა, მაგრამ მეტოქე უფრო ეფექტური იყო. ჩვენ უკეთ ვითამაშეთ, ბურთს მეტად ვფლობდით, ბევრი ვურტყით კარში, მაგრამ გაიმარჯვა მეტოქემ. ხანდახან, ასეთიცაა ფეხბურთი".
ცსკა-პორტუ 0:1
რუსული არმია ევროთასებზე სეზონში პირველად დამარცხდა. გადამწყვეტი გოლი ფრედი გუარინმა 70-ე წუთზე გაიტანა, როცა ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, ჭკვიანური პაუზა გააკეთა და აკინფეევს გაუტანა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ფრედი გუარინი (პორტუ) - ერთადერთი გოლის ავტორი, რუსული კლუბის საჯარიმოსთან ნამდვილი ფორვარდივით გაისარჯა.
ფრედი გუარინი (პორტუ): "ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება, ჩვენ მივაღწიეთ სასურველ შედეგს, თანაც შემტევი სტილისთვის არ გვიღალატია. ის ხომ ჩვენ გენებში გვაქვს".
ტვენტე-ზენიტი 3:0
ჰოლანდიის ჩემპიონმა რუსეთისა გაანადგურა, ეს კი ლუუკ დე იონგის დამსახურებაა. 20 წლის ფორვარდი ტყვიასავით ურტყამს თავით ბურთს, რაშიც "ზენიტის" გოლკიპერი მალაფეევი ორჯერ დარწმუნდა. დე იონგმა 25-ე წუთზე გახსნა ანგარიში, 56-ეზე დენი ლანდზაატმა მეორეც გაიტანა რუსთა კარში, ხოლო მატჩის მიწურულს ისევ დე იონგმა შეახსენა ყველას თავი. თითქოს, ამ წყვილში ყველაფერი გადაწყვეტილია, თუმცა მაინც დაველოდოთ საპასუხო მატჩს.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლუუკ დე იონგი (ტვენტე) - დუბლის ავტორი.
მიშელ პრუდომი (ტვენტე): "ასეთი რამ ყოველ მეორე დღეს არ ხდება. ჩვენ მივაღწიეთ ფანტასტიკურ შედეგს ბრწყინვალე გუნდთან თამაშში".
ლუჩიანო სპალეტი (ზენიტი): "0:3-ის მიუხედავად, ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი. მეტსაც ვიტყვი, ჩემი გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ".
აიაქსი-სპარტაკი 0:1
ასეც ხდება ფეხბურთში - უტევს ერთი გუნდი, მაგრამ მეტოქის გოლკიპერი გადაულახავ ზღუდედ ექცევა მას. ანდრეი დიკანმა მოიგერია ყველაფერი, რაც მისი კარის მიმართულებით წავიდა (სულ 10 ასეთი დარტყმა იყო). სამაგიეროდ, 57-ე წუთზე "სპარტაკის" ბრაზილიელმა კაპიტანმა ალექსმა ბრწყინვალედ დაარტყა და "სახალხო გუნდს" მინიმალური ანგარიშით მოაგებინა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ანდრეი დიკანი (სპარტაკი) - მოიგერია ლორენცო ებესილიოს, დემი დე ზეუვის და სიემ დე იონგის სახიფათო გასროლები და კარი "მშრალად" შეინახა.
ფრანკ დე ბური (აიაქსი): "დღეს ისეთი დღე იყო, როცა არაფერში არ გიმართლებს, ბურთს უბრალოდ არ სურდა ჩვენი "მოსმენა". თამაშის დიდი ნაწილი დიდებულად ვითამაშეთ და, დასანანია, რომ წავაგეთ. გოლი კი რუსებმა არაფრისგან შექმეს".
ვალერი კარპინი (სპარტაკი): "მინდა მეტოქე შევაქო, რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა".
დინამო კ.-მანჩესტერ სიტი 2:0
ესეც მრავალმილიონიანი და რეკლამირებული "სიტი", რომელიც კიევში ჩამოწერილმა ვარსკვლავმა ანდრეი შევჩენკომ დაამარცხა. ინგლისელთა კარში გოლები შევჩენკომ და ოლეჰ გუსევმა გაიტანეს. 25-ე წუთზე შევჩენკომ "ბებერ ევროპას" აჩვენა, რომ 34 წლის ასაკში ბოლომდე არ დაუკარგავს ახალგაზრდული მოქნილობა, ის ძალიან კარგად გაუმკლავდა იარმოლენკოს ჩაწოდებულს და ანგარიში გახსნა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ოლეჰ გუსევი (დინამო) - ბრწყინვალედ შეასრულა კიეველთა მეორე გოლი, ითამაშა ფანტასტიკურად. ყოველთვის მზად იყო ეპიზოდში ჩასართველად, კარგად იხსნებოდა.
იური სიომინი (დინამო): "ჩვენ შევიმუშავეთ "სიტის" დამარცხების ტაქტიკური გეგმა, რომელმაც 100%-ით გაამართლა".
რობერტო მანჩინი (სიტი): "ვფიქრობ, დაცვას დროულად უნდა მივხედოთ - ორი სულელური გოლი გავუშვით".
ბენფიკა-პსჟ 2:1
მერვედფინალში სამივე პორტუგალიურმა გუნდმა მოიგო. "არწივები" ამ გამარჯვებას შეცვლაზე შესულ ფრანკო ხარას უნდა უმადლოდნენ, რომელმაც გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს (ისევე როგორც, "შტუტგარტთან" დაპირისპირებაში) გაიტანა. თავიდან პეგი ლუინდულა გაიხსნა საჯარიმოში კარგად, პასმაც არ დააყოვნა და ფრანგები დაწინაურდნენ. პორტუგალიელებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს, მაქსი პერეირამ ალბათ ამ ეტაპის საუკეთესო გოლი გაიტანა (შესაძლოა, ნილმარის პირველი გოლი სჯობდა).
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მაქსი პერეირა (ბენფიკა): პირველი ტაიმის მიწურულს ერთი შეხებით ძალიან მაგარი გოლი გაიტანა სტუმართა კარში. შეგახსენებთ, რომ პერეირა მცველია.
ანტუან კამბუარე (პსჟ): "რა ახლოს ვიყავით მეორე გოლთან. ისიც რომ გაგვეტანა, შემდეგ სულ სხვანაირად წარიმართებოდა მატჩი. ჩემი აზრით, პსჟ-მ ფიზიკურ კომპონენტში ვერ გაძლო მეორე ტაიმში".
ბომბარდირები: 7 - ფალკაო (პორტუ), როსი (ვილიარეალი); 6 - ნეციდი (ცსკა); 5 - კანუტე (სევილია), რუდნიევსი (ლეხი), ბონი (სპარტა), კავანი (ნაპოლი), მილევსკი (დინამო).
საგოლე პასები: 6 - ერიომენკო (დინამო);5 - ბოკა (შტუტგარტი); 4 - შაჰინი (დორტმუნდი), ჟოაო პერეირა (სპორტინგი).