გუშინ ევროპის ლიგის დასკვნითი ნაწილის კენჭისყრაც გაიმართა. გთავაზობთ მის შედეგებს:
მეოთხედფინალი
7 და 14 აპრილი
პორტუ (პორტუგალია) - სპარტაკი (რუსეთი)
ბენფიკა (პორტუგალია) - პსვ (ჰოლანდია)
ვილიარეალი (ესპანეთი) - ტვენტე (ჰოლანდია)
დინამო კ. (უკრაინა) - ბრაგა (პორტუგალია)
ნახევარფინალი
28 აპრილი და 5 მაისი
დინამო/ბრაგა - ბენფიკა/პსვ
პორტუ/სპარტაკი - ვილიარეალი/ტვენტე
ფინალი
დუბლინ არენა, 18 მაისი
ევროპის ლიგა. საპასუხო მერვედფინალური მატჩების მიმოხილვა
ჯანო პორტუს წინააღმდეგ
ხუთშაბათის საპასუხო მერვედფინალურმა მატჩებმა ევროპის ლიგის ჯერ კიდევ ნორჩ გათამაშებაში ტიტულისთვის მებრძოლი 8 გუნდი დატოვეს, მათ შორის 3
პორტუ-ცსკა 2:1 (1:0)
ანდრე ვილას-ბოასის შეგირდებმა "ესტადიუ დო დრაგაუზე" 2:1 დაამარცხეს რუსული არმიის კლუბი და მეოთხედფინალში გავიდნენ. პორტუგალიური კლუბი დამსახურებულად გავიდა შემდეგ ეტაპზე, ცსკა-ს "პორტუმ" ორივე დაპირისპირება მოუგო, თანაც პირველი გაყინულ მოსკოვში. თამაში რუსთათვის ყველაზე ცუდი სცენარით დაიწყო - მათ გოლი პირველივე წუთზე გაუშვეს. ჰალკმა ერთი შეხედვით, არცთუ სახიფათო საჯარიმო დაარტყა, მაგრამ სტუმართა გოლკიპერმა იგორ აკინფეევმა ვერაფრით გაითვალა ბურთის ტრაექტორია, ბურთი კი მისი კარის მარცხენა ძელს მოხვდა და ისე შევარდა კარში.
ამან ცსკა არ დააბნია და ყოჩაღად შეუტია მასპინძლებს, ვაგნერ ლავს სულ ცოტა დააკლდა გატანამდე, ჩამოწოდებულ კუთხურს თავი დაუხვედრა, მეკარ ელტონს კი აჯობა, მაგრამ ბურთი ხარიხამ აისხლიტა. "პორტუ" კონტრშეტევებზე გადაეწყო და ამან შედეგიც მალე მოიტანა, რუსებმა სულელურ სიტუაციაში კუთხური "აჩუქეს" მასპინძლებს, აქ კი ისევ აკინფეევმა ვერ გათვალა და გუარინმა ახლო მანძილიდან გაიტანა. აქ კი, როცა ანგარიში 3:0 გახდა, ყველაფერი გადაწყდა. რუსებს მონდომება და შემართება კვლავ ეტყობოდათ, მაგრამ მხოლოდ პრესტიჟის გოლს გამორჩნენ, რომელიც ასევე პირველ ტაიმში გავიდა, ძაგოევი-ტოშიჩის შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ. ტაიმის მიწურულამდე, ელტონი ყველაზე დაკავებული ფეხბურთელი იყო მოედანზე, რომელმაც სეიდუ დუმბიას და ვაგნერ ლავს აუღო. მოკლედ, ყველაფერი პირველ ტაიმში მოხდა - მეორეში "პორტუმ" ტემპი დააგდო და თამაშის სადავეები დაიბრუნა. როლანდომ გაიტანა კიდეც, მაგრამ ხელბურთისთვის აქეთ დაისაჯა, გოლი კი სამართლიანად არ ჩაითვალა. უნდა ითქვას, რომ "პორტუს" ნიჭიერი ახალგაზრდა მწვრთნელის ხელი ძალიან ეტყობა, გუნდი სწორად რეაგირებს სიტუაციის შეცვლაზე, ძალუძს ტემპის ცვლა, ლავირება. მოკლედ, ევროპის ლიგის მოგების სერიოზული კანდიდატია.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ელტონი (პორტუ)
რეინჯერსი-პსვ 0:1 (0:0)
ბოლო დროს "რეინჯერსმა" უფხო გუნდის სახელი დაიგდო. თითქოს, ამის საპირისპიროს დამტკიცება სკოტებმა ჰოლანდიაში შეძლეს, როცა უგოლო ფრით წყვილში ფავორიტებად იქცნენ, მაგრამ მშობლიურ "აიბროქსზე" ვეღარ ივარგეს. ეინდჰოვენს გამარჯვება ჯერმეინ ლენსის გოლმა მოუტანა.
თამაში დაიწყო და გამოჩნდა, რომ პსვ მოსაგებად იყო შემართული. ტოივონენი მცველებს დაუსხლტა და ბურთი ჰატჩისონს დაუგორა, მაგრამ კანადელმა ნილ ალექსანდერის კარს ააცილა. მე-13 წუთზე სამართალმა პური ჭამა, უკეთესმა გუნდმა გოლი გაიტანა - ერიკ პიეტერმა მარცხენა ფრთაზე ბურთი ბალაშ ჯუჯაკს გაუჭრა, უნრელმა კი ბრწყინვალედ ჩაუწოდა საჯარიმოში დადარაჯებულ ლენსს.
"რეინჯერსი" ისე დაიბნა, რომ ერთ ეპიზოდში კინაღამ კურიოზული გოლი გაუშვა, დევიდ უეირმა მეკარეს დაუბრუნა ბურთი, რომელიც კინაღამ ისევ ლენსის საკბილო გახდა. თამაშის სიუჟეტი ვერც მეორე ტაიმმა შეცვალა, ის კი არა პსვ ახალი შემართებით ეკვეთა მეტოქეს, რომელსაც უფრო ესაჭიროებოდა შეტევა. ყველაზე კარგი შანსი "რეინჯერსს" მე-6ო წუთზე შეექმნა, მაგრამ მორის ედუმ ძალიან ახლო მანძილიდან ვერ ააცილა ბურთი მეკარე ისაკსონს, შემდეგ სტივენ ნეისმითმა თავით ხარიხას გაარტყა ბურთი, დამატებაზე კი ედუს მეკარის ნაცვლად ჰატჩისონმა აუღო. შოტლანდიელები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ ამაოდ.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ბალაშ ჯუჯაკი (პსვ)
ვილიარეალი-ლევერკუზენი 2:1 (3:2)
ესპანურმა "წყალქვეშა ნავმა" წარმატებით ამოყვინთა მეოთხედფინალში. "ვილიარეალმა" გერმანელები სტუმრადაც დაამარცხა და შინაც. "ელ მადრიგალზე" ნერვული ფონი მაყურებელს სანტი კასორლასა და ჯუზეპე როსის კომბინაციამ მოუხსნეს - 33-ე წუთზე მათმა ელვისებურმა "კედელმა" შედეგი გამოიღო და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა თავისიანები დააწინაურა. მატჩში ინტრიგას წერტილი 61-ე წუთზე დაესვა, როცა იტალიელმა ფორვარდმა გერმანელი მცველების უგერგილო თამაშით ისარგებლა და "ვილიარეალი" 2:0 დააწინაურა.
თამაშის ბედი გადაწყდა და ესპანელებიც დაისაჯნენ, მაგრამ ერთ გოლზე მეტი არ გაუშვეს, ისიც თავად მასპინძელის "ანგარიშზეა" - გონსალომ დანიელ შვააბის ჩაწოდებული ჩაჭრა საკუთარ კარში. მატჩის მიწურულს, რომ არა რენე ადლერის სიყოჩაღე კანი მესამე გოლს გაიტანდა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჯუზეპე როსი (ვილიარეალი)
პსჟ-ბენფიკა 1:1 (1:2)
ის, რომ შემდეგ ეტაპზე ლისაბონის "ბენფიკა" გავიდა და არა "პარი სენ ჟერმენი", პარიზელთა მწვრთნელმა ანტუან კამბუარემ თავის ფორვარდებს უნდა მოჰკითხოს, რომელთაც ბევრი შანსი გაატანეს ქარს. ანგარიში პორტუგალიელთა არგენტინელმა ვარსკვლავმა ნიკოლას გაიტანმა გახსნა, როცა დაახლოებით 15 მეტრიდან გაიტანა. გოლი არ გავიდოდა, პარიზელთა სომეხი გოლკიპერი აპულა ედელი ზუსტად, რომ გარკვეულიყო სიტუაციაში.
35-ე წუთზე მატიო ბოდმერმა დაუმუშავებლად გადაგზავნა ბურთი სტუმართა კარში და ახლა თამაშის დამატებით დროში გადასაყვანად პარიზელებს მხოლოდ ერთი გოლი სჭირდებოდათ. მაგრამ, მოდი, ვკითხოთ რა "მანქანებით" ააცილეს მევლუთ ერდინჩმა და გილემ ოარომ, როცა გატანა უფრო ადვილი იყო, ვიდრე ვერგატანა. ალბათ, ვერც ეს ფორვარდები გაგვცემენ ზუსტ პასუხს. შედეგად, "ბენფიკა" მეოთხედფინალშია - ევროთასებს კი უკანასკნელი ფრანგული კლუბი გამოემშვიდობა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ნიკოლას გაიტანი (ბენფიკა).
ზენიტი-ტვენტე 3:0 (0:2)
დიდი მარცხის მიუხედავად, "ზენიტის" იტალიელი თავკაცი ლუჩანო სპალეტი იმუქრებოდა, რომ გუნდი შეძლებდა 3-გოლიანი დეფიციტის ამოქაჩვას. და სპალეტიმ კინაღამ შეასრულა სიტყვა - უკვე პირველ ტაიმში "ზენიტი" 2 გოლით იგებდა. რატომ და როგორ გაჩერდა მეორეში რუსული კლუბი, გაუგებარია.
მასპინძელთა კარში არ იდგა ვიაჩესლავ მალაფეევი, რომელსაც მეუღლე ავტოავარიაში დაეღუპა, "ზენიტის" კარს იური ჟევნოვი იცავდა, მასპინძელთა ფანებმა კი გოლკიპერის გამამხნევებელი ბანერები გამოკიდეს: "საშა, ჩვენ შენთან ვართ".
პირველ ტაიმში გოლები რომან შიროკოვმა და ალექსანდრ კერჟაკოვმა გაიტანეს. მაგრამ ჰოლანდიის ჩემპიონმა გაძლო და მეოთხედფინალში გავიდა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ნიკოლაი მიჰაილოვი (ტვენტე)
სპარტაკი-აიაქსი 3:0 (1:0)
არ ყოფილა "სპარტაკის" გამარჯვება "ამსტერდამ არენაზე" შემთხვევითი - ეს ვალერი კარპინმა საპასუხო შეხვედრაში 3:0 მოგებით დაამტკიცა. კარპინზე ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრები ნაწყენი დავრჩით - ჯანო ანანიძეს თამაშის შანსი სულ არ მისცა - ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დატოვა. დმიტრი კომბაროვმა, ველიტონმა და ალექსმა "სპარტაკის" დიდი ანგარიშით მოგება განაპირობეს. "გოდენზონენი" ასე თუ დაჩიავდებოდა, ნამდვილად არ გვეგონა...
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ალექსი (სპარტაკი).
მანჩესტერ სიტი- დინამო კ. 1:0 (0:2)
"მანჩესტერ სიტის" დრო არ ეყო, თორემ, შეეძლო, ამ დაპირისპირების სათავისოდ შემოტრიალება დრო და... ზაფხულში ამ გუნდმა დიდი ტალანტი დაიმატა და იმავდროულად, დიდი შარი აიკიდა - რა თქმა უნდა, მარიო ბალოტელიზე ვწერთ. იტალიელმა ჯერ ძალიან ახლო მანძილიდან გადააცილა კიეველთა კარს. შემდეგ ბალოტელი მთლად გაგიჟდა, 36-ე წუთზე რას ერჩოდა ის გორან პოპოვს, ვერავინ გაიგო, მსაჯს კი ბევრი არ უფიქრია, ეგრევე წითელი ბარათი მისცა იტალიელს.
რიცხობრივ უმცირესობაში მყოფი "სიტი" მაშინვე დაწინაურდა, გოლი მცველმა კოლაროვმა გაიტანა. ინგლისელები მერეც სჯობდნენ უკრაინელებს, მაგრამ შოვკოვსკის კარში მეტი გოლი ვეღარ გაიტანეს.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ნაიჯელ დე იონგი (სიტი).
ლივერპული-ბრაგა 0:0 (0:1)
ვინ იფიქრებდა, რომ ევროპის ლიგის ყველა ბრიტანული კლუბი მერვედფინალში დამარცხდებოდა? მით უფრო, ჩემპიონათა ლიგაზე ალბიონელთა ტრიუმფის შემდეგ. მაგრამ ფაქტია - "სიტის" და "რეინჯერსს" "ლივერპულიც" მიჰყვა. "ენფილდზე" კენი დალგლიშის გუნდმა ვერაფერი მოუხერხა "ბრაგას", რომელმაც ამ სეზონში საკმარისი სიურპრიზები შემოგვთავაზა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მარტინ შკრტელი (ლივერპული).