ევროპის ლიგა - ბევრი პორტუგალია და ცოტაც ესპანეთი

AutoSharing Option
დღეს საღამოს ევროპის ლიგის ეპიცენტრი პორტუგალიის ორი ცენტრია - ლისაბონი და პორტუ. დედაქალაქში "ბენფიკა" პორტუს სატელიტი ქალაქის გუნდ "ბრაგას" მასპინძლობს, ხოლო ჩრდილოეთში ანდრე ვილას-ბოასის "პორტუ" ესპანურ "ვილიარეალს" მასპინძლობს. მოკლედ, ევროპის რანგით მეორე თასის ბედი შიდაიბერიული საქმეა - ბევრი პორტუგალიური და ცოტაც ესპანური...

მართალია, "ვილიარეალი" დიდებულად თამაშობს პრიმერადივიზიონში (თუ ბოლო დროის ჩავარდნას არ ჩავთვლით), მაგრამ მისი დღევანდელი მეტოქე ამ სეზონში თითქმის შეუჩერებელია - 33 წლის ვილას-ბოასმა ისეთი გუნდი ააწყო, რომელსაც ჩემპიონატში ჯერაც არ წაუგია და არც სხვა ტურნირებში ირცხვენს თავს. "პორტუმ"
ამ სეზონში სულ ორჯერ წააგო, ერთხელ "სევილიასთან" და ერთხელ "ბენფიკასთან".

ერთია, "პორტუს" ძალიან ცუდი რეკორდი აქვს ესპანურ კლუბებთან ამ ათასწლეულში - 8-დან მხოლოდ 1 ევრომატჩი მოუგო მეზობელი ქვეყნის კლუბებს. ამ თამაშში ევროპის ლიგის ორი გამორჩეული ბომბარდირის დუელსაც ვნახავთ - პორტუელი რადამელ ფალკაო 11 გოლით პირველ ადგილზეა, მას კვალში მიყვება "ელ სუბმარინოს" იტალიელი გოლეადორი ჯუზეპე როსი 10 გოლით.

"ვილიარეალს" 8 მატჩია, რაც ევროპის ლიგაზე არ წაუგია (პაოკ-თან 0:1-ის შემდეგ). ასე რომ, ჩვენ ორი ფავორიტის შეხვედრა გველის.

ანდრე ვილას-ბოასი არც ამჯერად უღალატებს 4-3-3 ტაქტიკურ სქემას, სადაც დაცვის მარჯვენა ფლანგზე კრიშტიან სეპუნარუ ითამაშებს, რადგან ურუგვაელი ხორხე ფუსილე ამ სეზონში მოედანზე ვეღარ გავა. პრინციპში მწვრთნელს მხოლოდ ერთი თავსატეხი აქვს სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებით - მან უნდა გადაწყვიტოს, დააბრუნოს თუ არა შუახაზში გამოჯანმრთელებული ფრედი გუარინი, თუ ისევ რუბენ მიკაელს ენდოს, რომელიც შესანიშნავად თამაშობს. "პორტუს" შემტევი კვარტეტიდან ერთს სკამზე მოუწევს ყოფნა, სავარაუდოდ, ის სილვესტრ ვარელა იქნება, ხოლო ჰალკისა და ფალკაოს გვერდით კრისტიან როდრიგესი ითამაშებს.

"ვილიარეალს" დისკვალიფიკაციის შემდეგ ნილმარი უბრუნდება. "ყვითელი წყალქვეშა ნავის" სუპერდუეტი შეტევაში ისევ აღდგება - როსი-ნილმარის წყვილი ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში დღეს. გუნდს პორტუგალიაში მიჰყვება გამოცდილი მარკოს სენა, მაგრამ ძალზე საეჭვოა, რომ ევროპის 2008 წლის ჩემპიონმა ითამაშოს. ხუან კარლოს გარიდო ალბათ მაინც ბორხა ვალეროს არჩევს ახალგაზრდა ვაკასო მუბარაკს.

პორტუგალიურ დერბიში კი სტატისტიკა "ბენფიკას" სასტიკი მომხრეა - იცით, ბოლოს როდის მოიგო "ბრაგამ" "და ლუჟზე"? 1954 წელს. ლისაბონური ურთიერთშეხვედრების თანაფარდობა კი ასეთია - 42 მოგება, 11 ფრე და 1 მარცხი დღევანდელი მასპინძლის სასარგებლოდ. წლეულს, "არწივებს" ევროპის ლიგაზე არ წაუგიათ - 6-დან 4 მატჩი მოიგეს. და თუკი მაინც შეძლებს "ბრაგა" გამარჯვებას, ეს "ბენფიკას" მე-100 მარცხი იქნება ევროთასებზე.

"ბენფიკას" დიდი ძალააა შუახაზში "რეალის" ყოფილი წევრი ხავი გარსია. ძალიან სახიფათონი არიან ფლანგის მცველები მაქსი პერეირა და ფაბიო კოენტრაო. წინ მწვავედ მოქმედებენ ხავიერ სავიოლა და ოსკარ კარდოსო. "ბენფიკას" არ ეყოლება "ტოტო" სალვიო, რომელმაც "ეინდჰოვენთან" ტრავმა მიიღო.

"ბრაგას" დიდი დანაკარგი აქვს - შემტევი პაულო სეზარი დისკვალიფიცირებულია, ხოლო კვიმი და ვინისიუსი - ტრავმირებული.

ბენფიკა (პორტუგალია)-ბრაგა (პორტუგალია) 23:05
სავარაუდო შემადგენლობები
ბენფიკა (4-4-2): რობერტო - პერეირა, ჟარდელი, ლუიზაო, კოენტრაო - გარსია, მარტინში, აიმარი, აირტონი - სავიოლა, კარდოსო.
ბრაგა (4-3-3): არტური - პაულაო, გარსია, კუსტოდიო, სილვიო - ვიანა, ვანდინიო, სალინო - მეიონგი, ალანი, ლიმა.

პორტუ (პორტუგალია)-ვილიარეალი (ესპანეთი) 23:05
სავარაუდო შემადგენლობები
პორტუ (4-3-3): ელტონი - სეპუნარუ, როლანდო, ოტამენდი, ა. პერეირა - გუარინი, ფერნანდო, მოუტინიო - კ. როდრიგესი, ფალკაო, ჰალკი.
ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - მარიო, მარჩენა, მუსაჩიო, კატალა - კასორლა, ბრუნო, მატილია, ბ. ვალერო - როსი, ნილმარი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული