პორტუგალიური ფინალის მოლოდინში [+VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის არ იყოს, ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზეც ბევრი რამე პირველივე შეხვედრებში გადაწყდა - მაგალითად ის, რომ ფინალში “პორტუ” იასპარეზებს და შესაბამისად ის, რომ ფინალი პორტუგალიური იქნება.

“პორტუ”-“ვილიარეალის” შედეგი, ცოტა არ იყოს, მოულოდნელია, ნაკლებად სავარაუდო იყო თუ ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხდებოდა. არადა, პირველი ტაიმი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და მომენტები ორივე კართან თანაბარი რაოდენობით შეიქმნა.

მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესაობას ფლობდნენ, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ტაიმის უკანასკნელ წუთზე სტუმრებმა სულაც გოლი გაიტანეს და თითქოს ნაბიჯიც
კი გადადგეს ფინალისკენ - თუმცა, რა ნაბიჯზეა საუბარი, როდესაც მეორე ტაიმში ”პორტუ” მთელი ძალებით ამოქმედდა და მეტოქეს ხუთი უპასუხო ბურთი “მიართვა”...

შეხვედრის გმირი უდავოდ რადამელ გარსია სარატე, იგივე ფალკაო გახლავთ, რომელმაც პოკერი შეასრულა და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ უმაღლესი კლასის შემსრულებელია. კოლუმბიელი ფორვარდი უდავოდ სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, სავარაუდოდ მასზე ტაციაობა იქნება. ფალკაოს გოლების აღწერა შორს წაგვიყვანს, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ყველა გემოვნების გულშემატკივარს დააკმაყოფილებდა. ერთი სიტყვით, ბრავო “პორტუს” - მართალია, წინ მეორე მატჩია და ალბათ ესპანელები გაიბრძოლებენ, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პორტუგალიური ფეხბურთის ერთ-ერთი ფლაგმანი ფინალშია.

აი, ვინ იქნება “პორტოს” მეტოქე, რთული სათქმელია, რადგან ლისაბონში გამართულმა მეორე შეხვედრამ დიდი ინტრიგა დატოვა. “ბენფიკამ” მინიმალური სხვაობით დაამარცხა ”ბრაგა” და ორივე გუნდმა ფინალში გასვლის დაახლოებით თანაბარი შანსი შეინარჩუნა. გოლები ამ შეხვედრაშიც მეორე ტაიმში გავიდა - ანგარიში “ბენფიკას” ფორვარდმა, ჟარდელმა გახსნა, თუმცა მალევე ვანდინიომ უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და აღადგინა წონასწორობა.

დაახლოებით ხუთ-ექვს წუთში მასპინძლებმა კიდევ ერთხელ იხეირეს, კარდოზომ მეორედ დაამწუხრა სტუმრები და შეხვედრის საბოლოო რეზულტატი დააფიქსირა. “ბრაგას” საწინააღმდეგო რა უნდა გვქონდეს, მაგრამ ისე, “პორტუ”-“ბენფიკას” ფინალური ჯახი მართლაც კარგი სანახავი იქნებოდა - თუმცა, ვნახოთ, წინ განმეორებითი მატჩებია და “ბრაგას” რომ საკმაოდ კარგი შანსი აქვს, ზემოთაც ვისაუბრეთ.


ბენფიკა-ბრაგა 2:1 [იხილეთ ვიდეო]
ბენფიკა (4-3-1-2): ხიმენესი - ფერეირა, ლუიზაო, ჟარდელი, კოენტრაო - მარტინში (65. ფრანკო), გარსია, პეიშოტო (66. გაიტანი) - აიმარი - სავიოლა (86. აირტონი), კარდოსო.
ბრაგა (4-4-2): არტური - მიგელ გარსია, როდრიგესი, პაულაო, სილვიო - ალანი, ვანდინიო, უგო ვიანა (63. მოსორო), ლეანდრო სალინო - ლიმა (84. კაკა), ალბერტ მეიონგი (56. კუსტოდიო).
გოლები: 1:0 ჟარდელი (50), 1:1 ვანდინიო (53), 2:1 კარდოსო (59).


პორტუ-ვილიარეალი 5:1 [იხილეთ ვიდეო]
პორტუ (4-3-3): ელტონი - სეპუნარუ, როლანდო, ოტამენდი, პერეირა - გუარინი (79. სოუზა), ფერნანდო, მოუტინიო - ჰალკი (84. ჯეიმსი), ფალკაო, როდრიგესი (72. ვარელა).
ვილიარეალი (4-4-2): დიეგო ლოპესი - მარიო, მუსაჩიო, მარჩენა, კატალა - კანი (72. მატილია), ბორხა ვალერო (66. ვაკასო), სორიანო, კასორლა - ნილმარი (72. მ. რუბენი), როსი.
გოლები: 0:1 კანი (45), 1:1 ფალკაო (49-პენ.), 2:1 გუარინი (61), 3:1 ფალკაო (67), 4:1 ფალკაო (75), 5:1 ფალკაო (90).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული