ევროპის ლიგის ფინალი: პორტუგალიური ბრაგაბრუგი

AutoSharing Option

პორტუ-ბრაგა 22:45
დუბლინ არენა (ირლანდია)
სავარაუდო შემადგენლობები
პორტუ: ელტონი - სეპუნარუ, როლანდო, მაიკონი, ა. პერეირა - გუარინი, ფერნანდო, მოუტინიო - ჰალკი, ფალკაო, ვარელა.
ბრაგა: არტური - გარსია, როდრიგესი, პაულაუ, სილვიო - ალანი, ვანდინიო, კუსტოდიო, ვიანა - ლიმა, მეიონგი.

დღეს, 18 მაისს "დუბლინ არენა" ევროპის ლიგის ისტორიაში მეორე ფინალია. ტიტული პირინეის ნახევარკუნძულიდან არ მიდის - ესპანური "ატლეტიკოდან" ესტაფეტას რომელიმე პორტუგალიური გუნდი გადაიბარებს, ექსჩემპიონი "ბრაგა" ან ჩემპიონი "პორტუ". თითოეულმა ფინალისტმა უკვე გაინაღდა 2 მილიონი ევრო ფინალში გასვლისთვის, ახლა გამარჯვებული კიდევ მილიონით გამდიდრდება. აქვე
ვიტყვით, რომ სტადიონი, სადაც ფინალი ტარდება ადრე "ლენდსდაუნროუდის" სახელით იყო ცნობილი, თუმცა შემდეგ სპონსორის სახელი "ავივა" უწოდეს. მიუხედავად ამისა, უეფა ოფიციალურ დოკუმენტაციაში მას "დუბლინ არენად" მოიხსენიებს.

"პორტუს" თავკაც ანდრე ვილას-ბოასს დიდებული შანსი აქვს, ისტორიაში შევიდეს, როგორც ევროთასის მომგები ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი. ჟოზე მოურინიოს ყოფილი ასისტენტი, ხომ ჯერ 33 წლისაა.

"ბრაგას" თავკაცმა დომინგუშ პასიენსიამ უკვე გამოაცხადა, რომ ფინალის შემდეგ გუნდიდან მიდის. სხვათა შორის, 42 წლის პასიენსიამ შეიძლება ერთი რეკორდი დაამყაროს, ის პირველი ადამიანი იქნება, რომელიც ევროპის ლიგაზე (უეფას თასზე) იმ გუნდს მოუგებს, როგორც მწვრთნელი, რომლის შემადგენლობაშიც ფინალში უთამაშია.

გზა ფინალამდე
მიუხედავად იმისა, რომ დუბლინში ერთმანეთს ერთი ქვეყნის და ლამის ერთი ქალაქის გუნდები ხვდებიან, მათი გზა დუბლინამდე აბსოლუტურად განსხვავებული იყო. "ბრაგა", როგორც პორტუგალიის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა, და იქ ხელმოცარვის შემდეგ მხოლოდ 2011 წელს ჩაერთო ევროპის ლიგაზე. მაშინ, როცა "პორტუ" აგვისტოდან ამ ტურნირს მოუყვება. ხანმოკლე დისტანციის მიუხედავად, "ბრაგამ" ყოველი ეტაპი დიდი წვალებით დაძლია, "პორტუმ" კი მთელი მარათონი ტრიუმფით გაიარა. ერთადერთი, ესპანურ "სევილიასთან" გაუჭირდა, როცა "სანჩეს პისხუანზე" მოგების შემდეგ "დრაგაუზე" დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე ანდალუსიაში გატანილი მეტი გოლის წყალობით გავიდა.

პლეი ოფში "პორტუმ" ორი ესპანური და ორი რუსული კლუბი მოინადირა, "ბრაგამ" კი - პოლონური, ინგლისური, უკრაინული და პორტუგალიური. ნახევარფინალში "ბენფიკას" დამარცხებით, ამ გუნდმა ევროპის ფინალში პორტუგალიური "კლასიკო" ჩაშალა, რითაც ტელევიზიების წყრომა გამოიწვია - "პორტუ"-"ბენფიკას" ხომ გაცილებით მეტი აჟიოტაჟი ექნებოდა.


კაპიტნები
ელტონი (პორტუ): "რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენმა გუნდმა უკვე შეასრულა დიდი მისია და ჩვენ ყველა შემთხვევაში ამაყები დავტოვებთ სტადიონს. მხოლოდ ფინალში გასვლაც დიდი გამარჯვებაა, თუმცა ჩვენ მეტი გვსურს".

ვანდინიო (ბრაგა): "ჩვენ ამ სეზონში გუნდური სულისკვეთება გამოვავლინეთ. "ბრაგა" მთელს ევროპაში მეომრული სულით გახდა ცნობილი".


მწვრთნელები
ანდრე ვილაშ-ბოაში (პორტუ): "ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ზღაპარივით ლამაზი სეზონი, ასევე ლამაზად დასრულდება".

დომინგუშ პასიენსია (ბრაგა): "იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდა სეზონი, "პორტუ" დიდი ფავორიტია, მაგრამ ეს ხომ ფინალია - სულ ერთი მატჩი და მორჩა".


იცით თუ არა, რომ...
* "პორტუმ" "ბრაგას" ბოლო სამი თამაში მოუგო, ბურთების 9-3 სხვაობით.
* ანდრე ვილას-ბოასის გუნდმა ეროვნული ჩემპიონატი დაუმარცხებლად მოიგო: 27 გამარჯვება და 3 ფრე.
* ამ ორი გუნდის სტადიონებს შორის ზუსტად 47 კილომეტრია, ბრაგა ფაქტობრივად პორტუს გარეუბანია.
* "პორტუს" ფორვარდმა რადამელ ფალკაომ უკვე დაამყარა ევროპის ლიგის რეკორდი - 16 გოლი გაიტანა. ადრინდელი რეკორდი იურგენ კლინსმანს (ბაიერნი, 1996 წ.) ეკუთვნოდა - 15 გოლი.
* "ბრაგამ" "პორტუს" ბოლოს 2009 წლის 19 სექტემბერს მოუგო.
* "ბრაგას" ორმა ფეხბურთელმა, არტურმა და სილვიომ ევროპის ლიგის წლევანდელი სეზონის ყველა წუთი ითამაშეს.
* ეს გუნდები ევროთასებზე ერთმანეთს პირველად ეთამაშებიან.
* "ბრაგას" ამჟამინდელი თავკაცი დომინგუშ პასიენსია 1996 წლის პორტუგალიის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა "პორტუს" მაისურით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული