ევროპის ლიგის ფინალი: ფალკაოს ოქროს გასროლა

AutoSharing Option

პორტუ (პორტუგალია)-ბრაგა (პორტუგალია) 1:0
პორტუ (4-3-3): ელტონი - სეპუნარუ, როლანდო, ოტამენდი, ა. პერეირა - გუარინი (73. ბელუში), ფერნანდო, მოუტინიო - ჰალკი, ფალკაო, ვარელა (79. ჯ. როდრიგესი).
ბრაგა (4-3-3): არტური - მ. გარსია, პაულაუ, ა. როდრიგესი (46. კაკა), სილვიო - კუსტოდიო, ვიანა (46. მოსორო), ვანდინიო - ალანი, ლიმა (66. მეიონგი), პაულუ სეზარი.
გოლი: 1:0 ფალკაო (44)
გაფრთხილება: ელტონი, როლანდო, სეპუნარუ - გარსია, სილვიო, ვიანა, კაკა, მოსორო
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 23-19; თამაშგარე: 4-6; კარში დარტყმა: 8-9 (6-2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 45 391

ის, ვინც მთელი სეზონის განმავლობაში გუნდის ლიდერი იყო, ფინალის გმირიც გახდა - "დუბლინ არენაზე" "პორტუს" და მის 33 წლის მწვრთნელ ანდრე ვილას-ბოასს დიდი წარმატება სწორედ კოლუმბიელი რადამელ ფალკაოს ერთადერთმა გოლმა მოუტანა - 1:0. ეს ფალკაოს მე-17 გოლი იყო ევროპის ლიგაზე, მე-17 და უმთავრესი.

პირველად, ტურნირის ისტორიაში ტიტულის მფლობელის ვინაობას ორი პორტუგალიური გუნდი არკვევდა, რომელთა სტადიონებს შორის სულ რაღაც 47 კილომეტრია დაშორება. ორივე გუნდი ერთმანეთს ზედმიწევნით კარგად იცნობდა (ერთმანეთში სულ 131-ჯერ უთამაშიათ), რამაც ფინალს უთუოდ დაასვა დაღი.

პირველ ტაიმში ფრედი გუარინსა და ჰალკს ჰქონდათ მომენტები, მაგრამ "ბრაგა" ხშირად 11 კაცით იყო კედელივით აღმართული დაცვაში. თუმცა 44-ე წუთზე ყველაფერი ალბერტო როდრიგესის ცუდ პასს მოჰყვა, რომელიც გუარინმა ჩაჭრა, "პორტუს" ნახევარმცველმა 20 მეტრით წაიწია წინ და საჯარიმოში თავისუფალი ფალკაო მოძებნა, რომელსაც არ გასჭირვებია არტურის კარის დალაშქვრა.

დომინგუშ პასიენსიამ ეგრევე გამოცვალა შესვენებაზე როდრიგესი, ხოლო შეტევას მოსორო დაახმარა, მაგრამ "პორტუს" მხოლოდ ერთხელ, მეორე ტაიმის პირველ წამებზე გაუჭირდა, როდესაც მოსორომ ლამის ყველა მეტოქე მოატყუა იუბილარი გოლკიპერი ელტონის (33 წლის გახდა) გარდა. თუმცა მეტი დომინგუშ პასიენსიას ბიჭებმა ვერ მოახერხეს. სხვათა შორის, ეს ამ მწვრთნელის გამოსათხოვარი მატჩი იყო, ის "ბრაგადან" წავიდა.

ასე გახდა ანდრე ვილას-ბოასი ევროთასების მომპოვებელი ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი. მას ახლა სეზონში მესამე ტიტულის მოგებაც შეუძლია, კვირას პორტუგალიის თასის ფინალია, რომელშიც ვილას-ბოასის გუნდი "გიმარაეშს" ხვდება. "პორტუმ" კი ჯილდო (თუ უეფას თასს ვიგულისხმებთ) 2003 წლის შემდეგ დაიბრუნა. სხვათა შორის, მაშინ 12 თვეში ჟოზე მოურინიომ გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. ვნახოთ, რას იზამს მისი მოწაფე...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული