ერთთვიანმა გვალვამ ზესტაფონის სტადიონს შესამჩნევი დაღი დაატყო, მინდორი არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში, თითქმის გადატყავებული იყო.
როგორც ჩანს, ზესტაფონელებს გეგუჩაძისგან სწრაფი გოლი ჰქონდათ დავალებული და მათი პირველივე შეტევა ძალზედ სახიფათო გამოდგა, დვალის გადაცემის შემდეგ სტუმართა საჯარიმოში გელაშვილი შეიჭრა და უკრაინელ მცველთან შეხებისას დაეცა, თუმცა ნორვეგიელმა მსაჯმა ამ ეპიზოდში წესების დარღვეა ვერ შეამჩნია. უკრაინელებმა მალევე უპასუხეს, თუმცა ფედეცკი შორეული დარტყმა საკმაო მანძილით ასცდა მიზანს. მასპინძლები უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ, თუმცა დვალისა და დაუშვილის დარტყმები არაზუსტი გამოდგა. უკრაინელები საკმაოდ მწყობრად იცავდნენ თავს და კონტრშეტევებითაც "მწარედ იკბინებოდნენ".
მე-16 წუთზე ოშიპკოს ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ტკაჩუკი თავით ურყამდა და ბურთი ხარიხას გადასცდა. თამაშის შუაწელიდან უკრაინელები მთლიანად დაეუფლნენ ცენტრს, ტკაჩუკი, გოდვინი და ხუდობიაკი ზესტაფონელთა ლიდერებს გასაქანს არ აძლევდნენ. დვალს და აფციაურს მინიმუმ ორი უკრაინელი მუდმივად გვერდით ჰყავდათ და ბურთის მიღებისა და თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. უკრაინელები უპირატესობას ეუფლებოდნენ, როცა, 34-ე წუთზე ზესტაფონის სტადიონზე უსიამოვნო ფაქტი მოხდა - დენი გამოირთო და მატჩი მთელი 20 წუთით შეწყდა.
შეხვედრა მასპინძლების შეტევებით განახლდა, მაგრამ ზესტაფონელთა იერიშებს სიმწვავე აშკარად აკლდათ. ქართველები მაღალი ჩაწოდებებით სცდილობდნენ ფონს გასვლას, თუმცა საჯარიმოსკენ გაგზავნილი ყველა ბურთი ტანმაღალი უკრაინელი მცველების ნადავლი ხდებოდა. ერთადერთი, მეტ-ნაკლებად რეალური მომენტი ქართველებმა პირველი ტაიმის მიწურულს შექმნეს, როცა დვალისა და გრიგალაშვილის აქტიურობის შემდეგ გელაშვილი შემობრუნებით ურტყამდა, თუმცა ზესტაფონელთა ბომბარდირს სიზუსტე დააკლდა.
სტუმრებს, ტრავმების გამო პირველ ტაიმში ორი იძულებითი შეცვლის შესრულება მოუწიათ. ჯერ განაპირა მცველი ოშიპკო დაშავდა, ტაიმის ბოლოს კი ზენიოვმა მიიღო ტრავმა და მის ნაცვლად მოედანზე "კარპატის" ქართველი ლეგიონერი სანდრო გურული შემოვიდა. გურული წარმოშობით ზესტაფონიდანაა და მოედანზე გამოსვლისას ადგილობრივებმა შესძახეს "ჩვენ წინააღმდეგ ნუ მეიკლავ თავსო", თუმცა გურულმა თანამემამულეების "თხოვნა" არ შეისმინა და თამაშში აქტიურად ჩაერო, მეორე ტაიმში კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე.
მატჩის სცენარი შესვენების შემდეგაც არ შეცვლილა ზესტაფონელები უტევდნენ, მაგრამ მათი "იერიშები" ძირითადად ლვოველთა საჯარიმოსთან იფუშებოდა. ბევრი წუნი ჰქონდათ გადაცემებში, გარდა ამისა, ზესტაფონელები ძალიან დიდ დროს ანდომებდნენ საკუთარი საჯარიმოდან ბურთის ამოტანას. 57-წუთზე დვალის გადაცემის შემდეგ გელაშვილი გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ მცველი გადაეფარა და ხეირიანად დარტყმა ვერ მოახერხა. ორიოდე წუთში გრიგალაშვილის კუთხურს გელაშვილმა თავური დარტყმა მიაყოლა, თუმცა ისევ უზუსტოდ. ამის შემდეგ, გეგუჩაძემ ცვლილებებს მიმართა ძარიას მაგივრად ბაბუნაშვილი შემოიყვანა. ცოტა ხანში, მოედნიდან დვალიც გაიყვანა და თამაშში წინამძღვრიშვილი ჩართო. დროის სვლასთან ერთად დაძაბულობამაც პიკს მიაღწია, ვაიგულშემატკივარი აქაც გამოერია და თამაშით უკმაყოფილომ მოედანზე პლასტმასის ბოთლი ისროლა.
სომეხმა დელეგატმა არნო სარგსიანმა დაგვინდო და ოქმში ეს ფაქტი არ დააფიქსირა, თორემ ალბათ, "ზესტაფონს" სანქციები არ ასცდებოდა. მე-80 წუთზე ვერცხლის წყალივით მოძრავი გურული გრიგალაშვილს გასცდა და საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა, კვასხვაძემ შეძლო ბურთის მოგერიება. ზესტაფონელებმა ბოლო ძალები მოიკრიბეს და ტლუმაკის კართან 5-წუთიანი შტურმისმაგვარი მოაწყვეს. ჯერ იყო და აფციაური ჩვეული ფინტებით გაუსწორდა ოთხ მეტოქეს, მაგრამ კარში ზუსტად ვერ დაარტყა. შემდეგ, ბენაშვილის საჯარიმო დარტყმა მოხვდა მცველს და მისგან ასხლეტილი ბურთი ტლუმაკმა მოიგერია. 83-ე წუთზე კი აფციაურის ჩაწოდების შემდეგ წინამძღვრიშვილმა თავით ხარიხას გადააცილა.
მასპინძლებმა შეტევებში ენერგია უშედეგოდ დახარჯეს, მატჩის მიწურულს კი უკრაინელთა კონტრშეტევა გამოეპარათ, გურულისა და ბატისტას აქტიურობის შემდეგ ბურთი ხუდობიაკს მიუვიდა, რომელმაც კარიდან სამიოდე მეტრში მყოფი კოჟანოვი მოძებნა და ამანაც ზესტაფონის საევროთასებო პერსპექტივებს საბოლოო წერტილი დაუსვა - 0:1.
მატჩის შემდეგ
გია გეგუჩაძე: "მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდით გუნდის თამაშში პროგრესს ვხედავ. ძლიერი მეტოქე გვყავდა, კარგი თამაში გამოვიდა. ვფიქრობ, ქომაგმა ისიამოვნა იმ ატმოსფეროთი, რომელიც სტადიონზე იყო შექმნილი. ბოლომდე ვიბრძოლეთ, რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, მაგრამ შედეგის მისაღწევად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. "კარპატს" წარმატებებს ვუსურვებ ევროსარბიელზე. მომდევნო მატჩებში მე მათ ვუქომაგებ".
ოლეგ კანონოვი: "ზესტაფონის ინფრასტრუქტურა ვნახე, გუნდსაც გავეცანი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ძლიერი მეტოქე გვყავდა და კარგი თამაში გამოვიდა. ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ. ორგანიზებულად ვითამაშეთ და მეტოქეს საუკეთესო თვისებების გამოვლენის საშუალება არ მივეცით, რამაც საბოლოოდ ჩვენი წარმატება განაპირობა".
05.08. ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 5 000 მაყურებელი.
ზესტაფონი-კარპატი 0:1
0:1 კოჟანოვი (90. ხუდობიაკის პასით)
ზესტაფონი: კვასხვაძე - ალადაშვილი, ონიანი, ხიდეშელი, ელიავა - ძარია (60. ბაბუნაშვილი), დაუშვილი (80. ბენაშვილი), გრიგალაშვილი, აფციაური - გელაშვილი, დვალი (67. წინამძღვრიშვილი).
კარპატი: ტლუმაკი - ფედეცკი, მილოშევიჩი, ტუბიჩი, ოშიპკო (32. აველარი) - ზენიოვი (46. გურული), ტკაჩუკი, გოდვინი, ხუდობიაკი - კოჟანოვი (90. გ. ბარანეცი), ბატისტა.
გაფრთხილება: ონიანი (44), ბატისტა (66), ტუბიჩი (70).
არბიტრი: ტომი შერვენი (ნორვეგია)
დიდ ფეხბურთზე გვინდა ვილაპარაკოთ და არა პატარა შეცდომებზე...