ალექს გარსია: ყველაფერში დამნაშავე მე ვარ!

AutoSharing Option
დღეს, 21 ივლისს თბილისის "დინამო" უელსურ "ლანელისთან" რევანშის აღებას და ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლას შეეცდება.

20 ივლისს "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ ეროვნულ სტადიონზე ღია ვარჯიში ჩაატარა, რომელშიც დისკვალიფიცირებულნი, გიორგი კახელიშვილი და ირაკლი ლექვთაძე არ მონაწილეობდნენ. მანამდე კი გარსია მედიას გუნდის ესპანელ ახალწვეულ ჩისკოსთან ერთად შეხვდა.

ალექს გარსია:
- იმედი მაქვს, ხვალ გულშემატკივარი მოვა, მათ მხარდაჭერაზე კი ბევრია დამოკიდებული. მოგებისთვის ძალიან მოტივირებულები ვართ.

- უელსში გამართულ მატჩს როგორ შეაფასებდით?
- ანგარიშით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო, გოლი
რომ გავიტანეთ.

- დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ დაცვაში სერიოზული პრობლემები იყო. მთელი მატჩის განმავლობაში ასეთი ქაოსი რამ განაპირობა?
- ამ შემთხვევაში არ შეიძლება მხოლოდ დაცვის დადანაშაულება. წაგებაში დამნაშავე, უპირველესად, მე ვარ.

- მატჩის შემდეგ "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ თქვა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის მომზადების დონით უკმაყოფილო იყო და გუნდის მთავარ მწვრთნელთან შეხვედრას და დალაპარაკებას აპირებდა.
- ფიფია შეხვდა გუნდს და წაგებასთან დაკავშირებით მან თავისი აზრი დააფიქსირა, მე კი - ჩემი.

- კითხვა ჩისკოს. ადაპტაციის პერიოდი უკვე დაძლიეთ? და კიდევ, "ლანელისთან" საგოლე მომენტების გამოუყენებლობას რას მიაწერთ, ფორმაში ვერ შეხვედით?
- ადაპტაცია პრობლემა არ ყოფილა, ისე კარგად მიმიღეს კლუბში, დროზე ადრეც კი გავიარე. გუნდის შეკვრას კი დრო სჭირდება. უელსში ორი მომენტი ვერ გამოვიყენე, მაგრამ იმედია, ხვალ გავიტან.

შემდეგ კითხვებს ისევ გარსიამ უპასუხა.
- ხვალ შემადგენლობაში ცვლილებები იქნება?
- შემადგენლობას ხვალ, თეორიული მეცადინეობის შემდეგ გამოვაცხადებ.

- განვლილ მატჩებში დინამოელთა ბევრი ყვითელი ბარათი რით აიხსნება და რა კეთდება, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს?
- ყვითელ ბარათებს შემტევი მოთამაშეები იღებენ და ეს საყურადღებოც არის და საკმაოდ უცნაურიც. ალბათ, რაღაც ლოგიკა არის ამაში, რადგან შემტევები პირველი დამცველებიც უნდა იყვნენ.

- შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში "რეიკიავიკი" უფრო უხერხულ მეტოქედ მიგაჩნიათ თუ "ჟილინა"?
- ახლა მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობ, მაგრამ იმედია, პარასკევიდან მომდევნო მეტოქეზე ვიფიქრებ.

- შემდეგი რაუნდებისთვის გუნდს გაძლიერება არ დასჭირდება?
- ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ჩვენ ხომ არ ვიცით, ხვალ რა იქნება?

"დინამო" მიმართავს გულშემატკივრებს, რომ გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და თავშეკავება, რათა "ზესტაფონის" შემდეგ კიდევ ერთი ქართული გუნდი არ დაისაჯოს. სამაგალითო ქომაგობა და სამაგალითო წესრიგი ერთმანეთს არ გამორიცხავსო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლლანელლი ხალხნო,ლლ ანე ლლ ი ქვია მაგ გუნდს,ქალაქის საპატივსაცემოდ,თქვენც ეცით პატივი
vova
13:22 21-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული