შოთა გრიგალაშვილი: "შტურმთან" 1:1 კატასტროფა არ არის

AutoSharing Option
შანსი გვაქვს, უნდა ვიბრძოლოთ - ასეთია "ზესტაფონის" წევრთა განწყობა ავსტრიულ "შტურმთან" საპასუხო დაპირისპირების წინ. პირველი მატჩის საუკეთესო მოთამაშე შოთა გრიგალაშვილი დღეს "ლელოს" რესპონდენტია და თანაგუნდელთა მსგავსად, გრაცში გასამართ შეხვედრას არცთუ უიმედოდ ელის.

- "შტურმთან" აშკარად გამორჩეული იყავი.
- საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს. ძალიან მოვინდომე და რაც შემეძლო, გავაკეთე, მთელმა გუნდმა მაღალ დონეზე ითამაშა, მაგრამ, სამწუხაროდ, საშინლად არ გაგვიმართლა.

- ვერმოგებას მხოლოდ უიღბლობას აბრალებ?
- რა გითხრათ, ფაქტია, რომ თამაშში სული და გული ჩავაქსოვეთ, მაგრამ ბედი არ გვწყალობდა. უნდა მოგვეგო,
მაგრამ... თუმცა ისიც ვიცი, რომ მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც მეტი შეგვიძლია და ვალდებულები ვართ, ეს ავსტრიაში დავამტკიცოთ.

- რა დაგავალათ მწვრთნელმა მატჩამდე და შესვენებისას?
- ბურთზე კონტროლი, რაც მოვახერხეთ კიდეც. შეტევაში აქტიურად უნდა გვეთამაშა და საკუთარი კარი მშრალად შეგვენახა. მიზნის მიღწევამდე მცირედი დაგვაკლდა, ალბათ, ბევრი დამეთანხმება, რომ გამარჯვებას ვიმსახურებდით.

- მოგვეჩვენა, რომ შენ გარდა შორიდან დარტყმას ვერავინ ბედავდა. არადა, საჯარიმოს გარედან კინაღამ გოლიც გაიტანე.
- ძალიან დამწყდა გული, კარგად დავარტყი და მიზანმა ოდნავ მიმტყუნა, ბურთი ძელს მოხვდა. შორიდან დარტყმას ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ "შტურმთან" ამის საშუალება ნაკლებად გვეძლეოდა. "ზესტაფონში" შორიდან დარტყმა სხვებსაც ეხერხებათ და ჩემს თანაგუნდელებს საჯარიმოს გარედან არაერთი გოლიც გაუტანიათ, უბრალოდ, ამ მატჩში ასეთი ვითარება იყო.

- "შტურმს" ზესტაფონის ნაცვლად თბილისში უმასპინძლეთ. ამან დისკომფორტი ხომ არ შეგიქმნათ?
- უსიამოვნო მხოლოდ დიდი სიცხე და უხარისხო მოედანი იყო. მერწმუნეთ, ამ ორი ფაქტორის კვალობაზე მაქსიმალურად სწრაფ ტემპში ვითამაშეთ. გულშემატკივრებს კი უღრმესი მადლობა, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ თავი სრულიად შინაურ გარემოში ვიგრძენით. მოედნის ფაქტორმა ხელი ჩვენ უფრო შეგვიშალა, რადგან კომბინაციურად ვთამაშობდით, კონტრშეტევებზე მოქმედი "შტურმისთვის" კი ეს ხელსაყრელიც იყო.

- მოვლენათა ასეთმა უსიამოვნო განვითარებამ გუნდი, კონკრეტულად კი, შეცდომის დამშვები ფეხბურთელები ხომ არ დათრგუნა?
- ნიკა გელაშვილი მომხდარს ძალიან განიცდიდა, მაგრამ დავამშვიდეთ და საბრძოლოდ განვაწყვეთ. დღეს ყველა, მისი ჩათვლით, იდეალურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ჩვენს ბაზაზე ვვარჯიშობთ და მძიმედ დაშავებული გიორგი ხიდეშელის გარდა, თავს ყველა კარგად გრძნობს.

- ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში მოხვედრისა და, შესაბამისად, ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის განაღდების როგორი შანსი აქვს "ზესტაფონს"?
- საკმაოდ რეალური. გვესმის, რომ შეიძლებოდა, "შტურმისთვის" თბილსში 2:0 მოგვეგო, მაგრამ არც 1:1-ია კატასტროფული ანგარიში. დაკარგული არაფერი გვაქვს, "შტურმი" გადაულახავი ბარიერი ნამდვილად არ არის და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად თავს არ დავზოგავთ. "ზესტაფონი" ამაზე მძიმე მდგომარეობაშიც ყოფილა, მაგრამ თავი არ შეურცხვენია. შარშანწინ ხომ შინ "ჰელსინგბორგთან" 1:2 დავმარცხდით და სტუმრად ორი გოლი გავუტანეთ. ავსტრიაში გატანაც შეგვიძლია და იმის დამტკიცებაც, რომ თბილისური შედეგი შემთხვევითობა იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თქვენი იმედი გვაქვს ლომებო... აბა თქვენ იცით გაიხარეთ გაგვახარეთ, მრავალჟამიერ
goleta888
14:01 30-07-2011
0
ლომებოო, შტურმი "ჰელსინგბორგი" არ არიიიიის!!!!!!
დაცვას მიხედეთ, დაცვას. დროს გაყვანა არ გინდათ, არც დაცვაში ბურთების გათამაშება. ნახევარდაცვას წრაფად გაიარეთ, წინ კიდევ ისე ითამაშეთ როგორც თბილისში. ჰოდა თუ ყველა ვილოცებთ, გამარჯვებასაც მოგილოცავთ!!!
ramo
14:35 30-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული