ირაკლი მოდებაძე: "რენამდე" ბევრი გვიკლია

AutoSharing Option
"მეტალურგმა" "რენთან" ბევრი კი იბრძოლა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო - რუსთაველები ფრანგებთან თბილისში 2:5 დამარცხდნენ და განმეორებითი მატჩის წინ, ფაქტობრივად, უშანსოდ არიან.

მომხდარს "მეტალურგის" წამყვანი ფორვარდი ირაკლი მოდებაძე, რომელმაც პირველ შეხვედრაში თავის გუნდს პენალტი მოუპოვა, ბუნებრივად აღიქვამს და იმედოვნებს, რომ თანაგუნდელებთან ერთად "რენს" სტუმრად შედარებით მეტ თავსატეხს გაუჩენს.

- თუ გქონდათ იმის შანსი, რომ "რენთან" თუნდაც მცირე სხვაობით დამარცხებულიყავით?
- სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ჩვენზე გაცილებით ძლიერ გუნდთან დავმარცხდით. შეიძლებოდა, ნაკლები გოლი მიგვეღო და მეტი გაგვეტანა, მაგრამ მთლიანობაში
უშანსოდ ვიყავით.

- პირველ ტაიმში კაცნაკლული რომ არ დარჩენილიყავით, "რენს" უფრო გაუჭირდებოდა?
- ალბათ, ასეც იქნებოდა, რადგან მურველაშვილის გაძევებამ ფრანგებს მეტი სივრცე გაუჩინა, რაც სწრაფი და ტექნიკური გუნდისთვის მისწრებაა. გარდა ამისა, შემტევი სტილის ფეხბურთელები ნაკლებნი დავრჩით და შეტევა გაძნელდა, თუმცა ორი გოლის გატანა მაინც შევძელით, რამაც პატარა შვება მოგვცა. დიდ მადლობას ვუხდი სტადიონზე მოსულ ქომაგებს, რომლებმაც, გულსატკენი ანგარიშის მიუხედავად, ბოლომდე გვიერთგულეს.

- ამ მარცხმა გუნდი ხომ არ დათრგუნა?
- არა, რადგან შედეგი ლოგიკური იყო. ყველა ვაცნობიერებთ, რომ "რენამდე" ბევრი გვიკლია და მისი დონის გუნდებთან თამაში ჩვენთვის დიდი გამოცდილებაა. მეტი უნდა მოვინდომოთ, ბევრი ვიშრომოთ და მოვა დრო, როცა ასეთ მეტოქეებს ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევთ. ისე კი, კარგი იქნებოდა, წილისყრაში უფრო გაგვმართლებოდა და ევროპის ლიგის პლეი ოფამდე მისვლის შანსი შეგვენარჩუნებინა.

- რა ამოცანას ისახავს "მეტალურგი" "რენთან" გასვლით შეხვედრაში?
- ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ვითამაშებთ და შევეცდებით, ყველა რგოლში მაქსიმალური ყურადღებითა და მონდომებით ვიმოქმედოთ. "რენს" შემდეგ ეტაპზე გასვლა, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს და ეს ფაქტორიც საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ. თუნდაც ფრეს მიღწევა წარმოუდგენელ ამოცანად არ მეჩვენება. მთავარია, ღირსება არ დავკარგოთ და პირველიდან ბოლო წუთამდე თავდაუზოგავად ვიბრძოლოთ.

- მთლიანობაში, "მეტალურგის" ევროპულ ასპარეზობას როგორ აფასებ?
- ცალსახად დადებითად. შეიძლება, ყველა მატჩი ერთნაირად მაღალ დონეზე ვერ ჩავატარეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ორი რაუნდი გავიარეთ, რაც რუსთავულ კლუბს აქამდე არასდროს გაუკეთებია. "რენამდე" ორ არცთუ ხელწამოსაკრავ გუნდს გავცდით, რითაც ასევე დიდი გამოცდილება მივიღეთ. ყოველივე აქედან გამომდინარე, საკუთარი თამაშითაც არ ვარ უკმაყოფილო, ყველა მატჩში მონდომებული ვიყავი და ამ ხუთ შეხვედრაში ერთი გოლიც გავიტანე - სტუმრად "ირტიშთან".

- ევროპის ლიგის შემდეგ "მეტალურგს" საქართველოს ჩემპიონატზე გადმორთვა ხომ არ გაუჭირდება?
- გაგვიჭირდებოდა იმ შემთხვევაში, ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შანსი რომ შეგვენარჩუნებინა, ახლა კი ზუსტად ვიცით, რომ შინაური შეჯიბრებებისთვის უნდა განვეწყოთ და ამას შევძლებთ კიდეც. საინტერესო ჩემპიონატი გველის, სადაც "მეტალურგმა" თავისი სიტყვა უნდა თქვას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული