18.08 ათენი. "სპიროს ლუისი". 20 000 მაყურებელი
აეკ-დინამო 1:0
1:0 ხოსე კარლოსი (87)
აეკ (4-2-3-1) დინამო (4-3-3)
კონსტანტოპულოსი ლორია
მანოლასი ოდიკაძე
დელასი თომაშვილი
გეორგეასი კაკუბავა
კარაბელასი რეხვიაშვილი
კაფესი ალვარო
ხოსე კარლოსი კვეკვესკირი
მაკოსი კოშკაძე
ბელეკი ჩისკო
გუდიონსენი იაგუე
ლიბეროპულოსი კახელიშვილი
მწვრთ. მწვრთ.
მ. ხიმენესი ა. გარსია
აეკ
32. კალა - დელასი
56. ლეონარდო - ლიბეროპულოსი
81. ლაგოსი - გუდიონსენი
სათადარიგოები: არაბაცისი, ნიკოლცისი, კლონარიდისი, გენცოგლუ.
დინამო
61. კოტო - კახელიშვილი
83. ფირცხალავა - კოშკაძე
89. ლეკვთაძე - ჩისკო
სათადარიგოები: ნადირაძე, ჰომოლა, თექთურმანიძე, ბერაია.
გაფრთხილება: იაგუე (8), მაკოსი (46), ჩისკ ო
არბიტრი: ს. ევანსი (უელსი)
ათენში "სპიროს ლუისზე" ფეხბურთის მუზებს, თუ ასეთები არსებობენ, ღრმად ეძინათ, მაგრამ ჩვენ ეს ნაკლებად გვაწუხებდა - თბილისის "დინამო" ევროპის ლიგის კარიბჭესთან დგას და საბერძნეთიდან სასურველი ანგარიში მოჰქონდა - 0:0, მაგრამ სულ ცოტა ვეღარ გაძლო.
87-ე წუთზე მასპინძელთაგან აშკარად საუკეთესო ხოსე კარლოსს ამოუვიდა ყელში სტანდარტულების შესრულება და თანაგუნდელ შემტევთა უნიათობით შეწუხებული თავად დაიძრა "დინამოს" საჯარიმოში. არაფერი ისეთიც არ ხდებოდა, იქ თომაშვილი დაჯარიმდა, კარიდან საკმაოდ შორს იყო, ბერძნებმა ბურთი გაითამაშეს და მარჯვნიდან ურიგოდ არ ჩამოუწედებიათ, 178 სმ სიმაღლის ხოსე კარლოსს კი ვერ აუხტა მასზე მაღალი ოდიკაძე და... სრულიად დაუმსახურებელი 1:0 მივიღეთ.
ის კი არა, დამატებით წუთებში სულაც მეორე გოლს გადავრჩით, კიდევ ერთმა ახალგაზრდა ესპანელმა, მცველმა კალამ თავით გაიტანა, უკვე ზეიმობდა კიდევაც, როცა თანამსაჯის ალამი შენიშნა. ამ ალამმა, სხვათა შორის, რამდენჯერმე იხსნა ჩვენი გუნდი სახიფათო მომენტისგან და საერთოდაც, მსაჯთა ბრიგადაზე სამდურავი არ გვეთქმის, აი, ბერძნებს კი მუდამ პრეტენზიები უჩნდებოდათ.
ძალიან დასანანია, როცა მივხვდით, რომ ის აეკ-ი არაა, რასაც ველოდით. როცა მეტოქეს ალღო ავუღეთ, თამაში ტაატით მიდიოდა, მომენტები ჩვენს კართან არ იქმნებოდა (პირველ ტაიმში მხოლოდ ერთხელ დაგვირტყეს ზუსტად), ჩვენ საერთოდ არ ვაწუხებდით მათ გოლკიპერს, აეკ-ის ერთ დროს სახელოვანი ფეხბურთელების ლანდები (დელასი, გუდიონსენი, ლიბეროპულოსი) კომიკურ პერსონაჟებს ჰგავდნენ, ყველაფერი მართლაც ლოგიკური 0:0-ისკენ მიდიოდა, როცა მასპინძელი გუნდი ოდნავ სჯობს სტუმარს, მაგრამ იმდენად არა, რომ რეალურად რაიმე დაუშავოს... და, აი, ამ დროს მართლაც დასანანია, რომ სადღაც ტყუილად დავჯარიმდით, სადღაც ვერ ავუხტით დროულად და მეტოქეს (თამაშიდან გამომდინარე) მაქსიმალურად კარგი ანგარიშით მოვაგებინეთ.
"დინამოელთაგან" საუკეთესო ჩისკო მუნიოსი გვგონია. მარტო იმიტომ არა, რომ სახელიანი ფეხბურთელია და პრიმერაში უთამაშია, ის გამოცდილი და ჭკვიანი მოთამაშეა და მალევე მიხვდა ასეთ თამაშს, როგორი სტილი შეეფერებოდა. მოკლედ, ლამის მთელი თამაში ისე გავიდა, ან ჩისკოს ეუხეშებოდნენ, ან თავად ყოფილი ლევანტელი აგროვებდა მცირე-მცირე ფოლებს. ტაიმები რომ გავარჩიოთ, უდავოდ პირველში უკეთ ვითამაშეთ, მეორეში კი ერთი-ორჯერ დავიბენით, ეს მაშინ ხდებოდა, როცა მასპინძლები ტემპს უმატებდნენ, კიდევ კარგი, რომ ეს ძალზე იშვიათი მოვლენა იყო გუშინ "სპიროს ლუისზე". მეტოქემ 4-ჯერ დაარტყა ჩვენ კარში ზუსტად და ოთხიდან 2-ჯერ ლორიამ დამაჯერებლად ითამაშა, ერთხელ (კამერუნელი ბელეკის დარტყმის შემდეგ) ბურთი წინ გაუვარდა, მაგრამ ჩვენმა მცველებმა მიუსწრეს, ერთხელ კი გოლი გავიდა, "დინამომ" ერთხელ დაარტყა კარში ზუსტად, ეს ალბათ სტატისტიკისთვის, ბერძენთა მეკარემ გამოიდო თავი, თორემ ჩისკოს შორეული გასროლა კარში არ მიდიოდა. მეტოქემ 6 ყვითელი ბარათი მიიღო, ჩვენ - 3.
მოგეხსენებათ, აეკ-ს "სევილიადან" გაშვებული მანოლო ხიმენესი წვრთნის, მეტოქე გუნდშიც ირიცხებიან ესპანელი ფეხბურთელები, მოკლედ, სიტუაცია "დინამოს" ანალოგიურია. ახლა, სწორედ თბილისურ მატჩზეა დამოკიდებული ყველაფერი, "ეროვნულზე" უნდა გამოჩნდეს ვისი ესპანელები სჯობს. ვფიქრობთ, "დინამო" საქართველოში გაცილებით სწრაფ და შემტევ ფეხბურთს შემოგვთავაზებს, ვიდრე ეს წუხანდელმა მასპინძლებმა შეძლეს და მაშინ, ვინ იცის, იქნებ გაიღოს კიდეც ევროპული კარიბჭე, ჩვენ ხომ მის ზღურბლზე ვდგავართ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ქეცბამ კაცურად და პატრიოტულად მიაკითხა გარსიას ათენში. ზოგიერთი კიდე რას წერს აქ! ქეცბას აკრიტიკებს??!! ვაი ჩვენს პატრონს!