გადამწყვეტი მერვედფინალები ევროპალიგაზე: მანჩესტერელები თუ პირინეელები?

AutoSharing Option
ევროპალიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები
15 მარტი
ბილბაო-მან. იუნაიტედი 22:00 (3:2)
ჰანოვერი-სტანდარდი 22:00 (2:2)
პსვ-ვალენსია 22:00 (2:4)
უდინეზე-ალკმაარი 22:00 (0:2)
ბეშიქთაში-ატლეტიკო 00:05 (1:3)
მან. სიტი-სპორტინგი 00:05 (0:1)
ოლიმპიაკოსი-მეტალისტი 00:05 (1:0)
შალკე-ტვენტე 00:05 (0:1)

15 მარტს ევროპალიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩებია. პირველმა 8 დაპირისპირებამ აბსოლუტურად ვერცერთ კითხვაზე გაგვცა პასუხი, ამიტომ ყველაფერი ახლა გადაწყდება.

მართალია, ბილბაოს "ატლეტიკმა" "ოლდ ტრეფორდზე" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა (3:2), მაგრამ მხოლოდ უგუნური თუ ჩათვლის საქმეს მომთავრებულად, მეტოქე ხომ "მანჩესტერ იუნაიტედია".

"ვალენსიამ" გოლთაცვენა დაატეხა თავს "ეინდჰოვენს", მაგრამ ბოლოსკენ ორიც გაუშვა და ამით ჰოლანდიელებს შანსი გაუჩინა. სხვა დაპირისპირებებშიც ბევრი
საინტერესო გველის...

მწვრთნელი შეცვალეს, ბედიც?
პსვ და "ვალენსია" შემტევი გუნდებია, თუმცა "გამშვებიც", რაც მათ კარგად დაამტკიცეს პირველ მატჩში (4:2). ახლა ჰოლანდიელებს, შესაძლოა, ორგოლიანი უპირატესობა წინსვლისთვის ეყოთ. თუკი ესპანელთა დღევანდელ ფორმას გავითვალისწინებთ, ამაში სასწაული არაფერი იქნება.

უნაი ემერის სკამი მას მერე შეერყა, რაც "მალიორკასთან" გუნდმა მე-2 ტაიმში გაუშვა ხელიდან გამარჯვება. როგორც ჩანს, მანუელ ლორენტეს აკმაყოფილებს "ვალენსიას" მე-3 ადგილი და გარანტირებული საჩემპიონთალიგო საგზური (ესპანეთში გიჟი უნდა იყო, რომ მწვრთნელს მეტი მოსთხოვო, სანამ "ბარსელონა" და "რეალი" არსებობენ), მაგრამ, როგორც კი ამას კითხვის ნიშანი დაესმევა, ემერის ვალენსიური კარიერა დასრულდება. ამას დაერთო ისიც, რომ არგენტინელ ნახევარმცველ ტინო კოსტას სრულიად "შემთხვევით" "ტვიტერზე" მწვრთნელის საწინააღმდეგო აზრები "შემოეპოსტა".

პირველი დაპირისპირება
"ვალენსია" 4:0-ს იგებდა ვიქტორ რუისის პირველი გოლის (11), სტანისლავ მანოლევის ავტოგოლის (13), რობერტო სოლდადოს პენალტით (43) და პაბლო პიატის გოლის წყალობით, მაგრამ ბოლოს მოდუნდა და ოლა ტოივონენმა (83) და ჯორჯინიო ვინალდუმმა (90) დასაჯა - 4:2. პსვ-მ ამით 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა ევროსარბიელზე.

ფაქტები
* სამი გოლიც და პსვ ევროპალიგაზე (და მის წინამორბედ უეფას თასზე) 200 გოლს გაიტანს.
* პსვ-ისთვის ეს მატჩი ევროსარბიელზე 295-ე იქნება, პირველივე გოლი კი 450-ე.
* პსვ-ის ტიმ მატავჟი ერთ-ერთი იმ ბომბარდირთაგანია, რომლის გუნდიც შემორჩენილია ტურნირში. სლოვენიელს 5 გოლი აქვს გატანილი.
* ორშაბათს პსვ-მ მწვრთნელი შეცვალა. ფრედ რუტენის ნაცვლად სეზონის ბოლომდე ფილიპ კოკუ დაინიშნა. კოკუ პსვ-ს ყოფილი ფეხბურთელია და "ვალენსიასაც" კარგად
იცნობს, რადგან 1998-2004 წლებში "ბარსელონაში" თამაშობდა.

სავარაუდო შემადგენლობები
პსვ: ტიტონი - მანოლევი, მარსელო, ბოუმა, პიეტერსი - ვინალდუმი, სტროოტმანი - ლაბიადი, ტოივონენი, მერტენსი - მატავჟი.
ვალენსია: გუაიტა - ბარაგანი, რამი, რუისი, მატიო - ალბელდა, ტ. კოსტა - ფეგული, ჟონასი, ალბა - ადურისი.
დისკვალიფიკაცია: სოლდადო (ვალ)
ტრავმა: კანალესი, ბანეგა, მადურო, მიგელი (ვალ)

მწვრთნელთა დუელი: დებიუტანტი და რეკორდსმენი
სერ ალექს ფერგიუსონის მიერ შექებული მარსელო ბიელსა შეეცდება ბილბაოს "ატლეტიკი" 1977 წლის შემდეგ პირველად გაიყვანოს ევროთასების მეოთხედფინალში. ამისთვის მას მანჩესტერში კარგად დაწყებულის "სან მამესზე" დაგვირგვინება მართებს.

"ყოველთვის მჯეროდა და ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ კარგი შედეგების მისაღწევად საჭიროა კარგად თამაში. არასოდეს მიფიქრია წარმატების მიღწევის სხვა გზებზე. კარგად რომ ითამაშო, ბურთი უნდა აკონტროლო და შეუტიო", - აცხადებს ბიელსა.

მოკლედ, მისი საფეხბურთო ფილოსოფია მკვეთრად ჩამოყალიბებული და გასაგებია.

პირველი დაპირისპირება
უეინ რუნიმ (22) დააწინაურა "იუნაიტედი", მაგრამ ფერნანდო ლორენტემ (44) გაათანაბრა. მეორე ტაიმში ოსკარ დე მარკოსმა (71) და იკერ მუნიაინმა (90) ბასკები დააწინაურეს, მაგრამ სულ ბოლოს რუნიმ პენალტით 2:3 დააფიქსირა.

ფაქტები
* "იუნაიტედის" ესპანელ მეკარე დავიდ დე ხეას სამჯერ აქვს ნათამაშები "ბილბაოს" წინააღმდეგ, როგორც "ატლეტიკოს" ფეხბურთელს.
* "ბილბაოს" გამოცდილი სპეციალისტი მარსელო ბიელსა ევროთასებისთვის დებიუტანტია.
* სერ ალექს ფერგიუსონი 25 წელია "იუნაიტედს" წვრთნის. სერი 70 წლისაა.
* თუკი "იუნაიტედი" ევროპალიგას მოიგებს, ფერგიუსონი ისტორიაში მესამე მწვრთნელი გახდება სამივე ევროპული საკლუბო ტურნირის მომგები: ჯოვანი ტრაპატონისა და უდო ლატეკის შემდეგ.

სავარაუდო შემადგენლობები
ბილბაო: ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ამორებიეტა, აურტენეჩე - მარტინესი, ანდერი - სუსაეტა, დე მარკოსი, მუნიაინი - ლორენტე.
იუნაიტედი: დე ხეა - ჯონსი, ფერდინანდი, ევანსი, ევრა - ნანი, კერიკი, სქოულზი, იანგი - რუნი, უელბეკი.
ტრავმა: დე მარკოსი (?), ლორენტე (?) - სმოლინგი

ორი გუნდი, ერთი გაგება
გელზენკირხენში "ხუმარებს" ჰოლანდიური მინიმალური წაგების ამოქაჩვა მართებთ. ჰოლანდიაში თამაში, სხვათა შორის, ძალზე მეგობრულ ვითარებაში ჩატარდა. ჰოლანდიელმა ფანებმა ბანერიც კი გადმოფინეს: "ორი გუნდი, ორი სხვადასხვა ფერი, ერთი გაგება".

"შალკეს" სასარგებლოდ საუბრობს ის, რომ გუნდი ყოველთვის უმკლავდებოდა ჰოლანდიურ ბარიერს და ამ სეზონში შინ დაუმარცხებელია.

პირველი დაპირისპირება
"ტვენტემ" ლუკ დე იონგის პენალტის წყალობით 1:0 იმარჯვა შინ.

ფაქტები
* უეფამ "შალკეს" ნება დართო, ნახევარმცველი ჯოელ მატიფი ათამაშოს. არადა, მატიფი პირველ შეხვედრაში გააძევეს. თუმცა გერმანელებმა საჩივარი შეიტანეს, რომელმაც ნაყოფი გამოიღო.
* "შალკეს" ჰოლანდიელი ფორვარდი კლაას-იან ჰუნტელაარი გათამაშებას შემორჩენილთა შორის ყველაზე მეტი გოლით იწონებს თავს - 6.
* კარში ყველაზე ხშირად ამ სეზონში "ტვენტე" ურტყამს - 57.

სავარაუდო შემადგენლობები
შალკე: ჰილდებრანდი - უჩიდა, მატიპი, პაპადოპულოსი, ფუხსი - ჰოგერი, ჯონსი - ობასი, რაული, დრაქსლერი - ჰუნტელაარი.
ტვენტე: მიჰაილოვი - კორნელისი, ვიზგერჰოფი, დუგლასი, როსალესი - ბრამა, ფერი, იანსენი - ჩადლი, დე იონგი, ჯონი.
ტრავმა: ჰიოვედესი, უნერშტალი, ფაჰრმანი - რენდლა, ლანდზაატი, ვერჰოეკი.

სტამბლში სტუმრობა არ გეგონოთ გასეირნება
მადრიდული კლუბი მოწადინებულია 2009/10 წლების სეზონის წარმატება გაიმეოროს, როცა ახალშექმნილი ევროპალიგის პირველი გამარჯვებული გახდა. დიეგო სიმეონეს გუნდის მერვედფინალური წინაღობა თურქული "ბეშიქთაშია".

"სტამბულში ჩასვლა ყოველთვის რთულია ევროპული კლუბებისთვის. აქ ბევრმა მოიტეხა კისერი. თამაში ისე უნდა დავიწყოთ, თითქოს 0:0-ია", - აფრთხილებს თავისიანებს მადრიდელთა თურქი ნახევარმცველი არდა თურანი.

პირველი დაპირისპირება
ედუარდო სალვიომ სამ წუთში ორჯერ გაიტანა (24, 27), ტაიმის დასრულებამდე ადრიან ლოპესმა (37) ერთიც დაამატა. რომ არა ყოფილი "როხიბლანკო" სიმაო (53), "შავი არწივები" მთლად უშანსოდ იქნებოდნენ - 3:1.

ფაქტები
* "ატლეტიკოს" კოლუმბიელმა ფორვარდმა რადამელ ფალკაომ 5 გოლი გაიტანა ამ სეზონში - 2-ით ნაკლები, ვიდრე ბომბარდირთა დავის ლიდერმა მათიას სუარესმა, რომლის გუნდიც აღარ ასპარეზობს.
* ოთხი გოლიც და "ატლეტიკო" ევროთასებზე მე-400-ეს გაიტანს. არა გვგონია, ეს სტამბულურ დაპირისპირებაში მოხდეს.
* "ბეშიქთაშის" მანუელ ფერნანდეშს 5 საგოლე პასი დაუგროვდა.
* "ბეშიქთაშის" ამ ფეხბურთელებს უთამაშიათ ესპანურ კლუბებში: სიმაო (ბარსელონა, ატლეტიკო), რუშთუ რეჯბერი (ბარსელონა), მეჰმეთ აურელიო (ბეტისი), მანუელ ფერნანდეში (ვალენსია) და რიკარდო კვარეჟმა (ბარსელონა).
* "ბეშიქთაშის" პორტუგალიელი ნახევარმცველი ჟულიო ალვეში "ატლეტიკოს" ეკუთვნის და თურქულ კლუბში იჯარით თამაშობს.
* "ატლეტიკოს" თურქ ნახევარმცველ არდა თურანს "გალათასარაის" რიგებში 9-ჯერ უთამაშია "ბეშიქთაშის" წინააღმდეგ და ერთი გოლიც გაუტანია.
* "ატლეტიკოს" დიეგო და "ბეშიქთაშის" უგო ალმეიდა ერთ დროს "ვერდერის" შემტევ დუეტს ქმნიდნენ.

სავარაუდო შემადგენლობები
ბეშიქთაში: გონენი - თორამანი, შივოკი, სიდნეი, კოიბაში - ფერნანდეში, აურელიო, უისალი - ჰოლოშკო, სიმაო - პეკტემეკი.
ატლეტიკო: კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - გაბი, სუარესი - სალვიო, ადრიან ლოპესი, კოკე - ფალკაო.
დისკვალიფიკაცია: ერნსტი (ბეშ)
ტრავმა: ტიაგო, დიეგო, ა. ლოპესი (ატლ)

ჰოლანდიიდან შორს
"უდინეზე" პირველი მატჩის შემდეგ 2-ბურთიანი სხვაობით აგებს "აზ ალკმაართან", მაგრამ იტალიური კლუბის საშინაო რეკორდი და ჰოლანდიურის ტრადიციულად ცუდი თამაში სტუმრად გვაფიქრებინებს, რომ იტალიელებს შურისძიების კარგი შანსი აქვთ.

პირველი დაპირისპირება: ამერიკელი ჟოზი ალტიდორის ორი საგოლე პასით მაარტენ მარტენსმა (63) და ერიკ ფალკენბურგმა (84) იხეირეს, "ალკმაარმა" 2:0 მოიგო.

ფაქტები
* ამ ეტაპზე გაღწეულთაგან "უდინეზეს" ყველაზე ნაკლები გოლი გააქვს - 9 გოლი ამდენივე მატჩში.
* "უდინეზეს" მცველი იოელ ეკსტრანდი და აზ-ს ნახევარმცველი რასმუს ელმი, 2009 წელს შვედეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თანაგუნდელები იყვნენ.

სავარაუდო შემადგენლობები
უდინეზე: ჰანდანოვიჩი - ფერონეტი, ბენატია, დომიცი - ეკსტრანდი, პინცი, პაციენცა, ასამოა, არმერო - ფლორო ფლორესი - დი ნატალე.
აზ: ალვარადო - მარსელისი, მოისანდერი, ვიერხევერი, პოულსენი - ელმი, ფალკენბურგი, მაჰერი - ბეერენსი, ალტიდორი, ჰოლმანი.
დისკვალიფიკაცია: დანილო (უდი)
ტრავმა: აგემიანგ-ბადუ, მაურისიო - ბენშოპი, მარტენსი

სიტიმ დაკარგული უნდა დაიბრუნოს
ამ გუნდების პირველ დაპირისპირებამდე "სიტის" ყველაფერი "ხუთიანზე" ჰქონდა აწყობილი, როგორც ევროპულ ასპარეზზე, ისე ინგლისის ჩემპიონატში. წააგო რობერტო მანჩინის გუნდმა ლისაბონში და დაკარგა კიდევაც პირველი ადგილი ინგლისში.

პირველი დაპირისპირება
მცველი ჩანდაო, რომელიც ტრავმირებულ ოგუჩი ონიეუს ცვლიდა, ერთადერთი გოლის ავტორი შეიქნა. მან ქუსლით (51) გაუტანა "სიტის" - 1:0.

ფაქტები
* პირველივე გოლი, რომელსაც სიტი (თუ) გაუშვებს, იქნება 50-ე გაშვებული ბურთი ევროპალიგასა და მის წინამორბედ უეფას თასის გათამაშებაზე.
* "სპორტინგის" თავკაცი რიკარდო სა პინტუ ფეხბურთელობისას ჯეიმს მილნერს და ადამ ჯონსონს მოედანზე შეხვედრია.

სავარაუდო შემადგენლობები
სიტი: ჰარტი - რიჩარდსი, კ. ტურე, სავიჩი, კლიში - ნასრი, დე იონგი, მილნერი - ჯონსონი, ბალოტელი, სილვა.
სპორტინგი: პატრისიო - პერეირა, პოლგა, ჩანდაო, ინსუა - ფერნანდესი, კარიკო, იზმაილოვი, სუარესი, კაპელი - ვან ვოლფსვინკელი.
ტრავმა: კომპანი, ლესკოტი, საბალეტა, ბერი (სიტი)

კიდევ ორი დაპირისპირება პირეოსსა (საბერძნეთი) და ჰანოვერში (გერმანია) გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
პირველმა 8 დაპირისპირებამ აბსოლუტურად ვერც ერთ კითხვაზე ვერ გაგვცა პასუხი, ამიტომ ყველაფერი ახლა გადაწყდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული