ატლეტიკო-ჰანოვერი 23:05
ალკმაარი-ვალენსია 23:05
შალკე-ბილბაო 23:05
სპორტინგი-მეტალისტი 23:05
ესპანურ-გერმანული ომების წინ
2010 წელი, პირველი გათამაშება - "ატლეტიკო", 2011 - "პორტუ", 2012 - ? ვინ იქნება ევროპალიგის მესამე გამარჯვებული? ის, რომ ისევ ესპანური ან პორტუგალიური კლუბი გახდეს ტიტულის მფლობელი, დიდი შანსია, რადგან გათამაშებას შემორჩენილი რვა კლუბიდან ნახევარი იბერიულია.
ევროპალიგის პირველი გამარჯვებული "ატლეტიკო" "ვისენტე კალდერონზე" გერმანულ "ჰანოვერს" მასპინძლობს. კიდევ ერთი ესპანურ-გერმანული დაპირისპირება გელზენკირხენში გაიმართება - "შალკე" ბილბაოს "ატლეტიკს" მასპინძლობს. მცირე კრიზისში მყოფი "ვალენსია" ჰოლანდიაშია და "ალკმაარს" გაეჯიბრება.
დაბოლოს, ლისაბონში
ბასკთა გერმანული სინდრომი
მაშ ასე, ყველაზე დიდ ინტერესს "შალკე"-"ბილბაოს" წყვილი იწვევს და ჩვენც ამ შეხვედრით დავიწყებთ. "მანჩესტერ იუნაიტედის" დამმარცხებელ ბასკებს "შალკე" ევროპალიგის მიმდინარე გათამაშების ბომბარდირით, კლაას-იან ჰუნტელაარით და რაულ გონსალეს ბლანკოთი შეუტევს. რაული თანამემამულეების წინააღმდეგ - ეს ძალიან საინტერესოა.
ჰუუბ სტევენსს არანაირი საბაბი არ აქვს, შეცვალოს ის შემადგენლობა, რომლითაც ბუნდესლიგის მორიგ ტურში "ლევერკუზენი" 2:0 დაამარცხა. გერმანელთა ორი მეკარე, ლარს უნერშტალი და რალფ ფაჰრმანი კვლავ ტრავმირებულია. ასე რომ, კარში ისევ ტიმო ჰილდებრანდს მოუწევს ჩადგომა.
მასპინძლებს არ ეყოლებათ ორი მცველი, ბენედიქტ ჰიოვედესი და კრისტოფ მეტცელდერი. ტეემო პუკის კი ამ ტურნირში თამაშის უფლება არ აქვს, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპზე "ჰელსინკის" რიგებში ითამაშა.
"ფელტინს არენაზე" თამაშის უფლება ექიმებმა "ბილბაოს" ბომბარდირ ფერნანდო ლორენტესაც მისცეს, რომელმაც, როგორც ჩანს, საბოლოოდ მოირჩინა ტრავმა - "სპორტინგთან" მატჩში ითამაშა კიდევაც. საეჭვოა ორი ანდერის, ერერას და იტურასპეს თამაში, თუმცა მარსელო ბიელსამ გერმანიაში ორივე იახლა.
წინა დაპირისპირება: არასოდეს. ეს გუნდები ევროსარბიელზე ერთმანეთს პირველად ეთამაშებიან.
"შალკე" ესპანური კლუბების წინააღმდეგ: 21 თამაში - 7 მოგება, 6 ფრე, 8 წაგება. ბოლო 6 მატჩია, "შალკე" ესპანეთში ვეღარ იგებს.
"ბილბაო" გერმანული კლუბების წინააღმდეგ: 6 თამაში - 1 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება. ბასკებისათვის შემაშფოთებელი სტატისტიკაა.
ფაქტები
* "შალკე" ევროპალიგის ამ სეზონში შინ დაუმარცხებელია, მაგრამ მხოლოდ ერთხელ მოახერხა გუნდმა კარის "მშრალად" შენახვა.
* "ბილბაომ" სტუმრად ამ სეზონში 5-იდან 3 შეხვედრა მოიგო და ყოველ საგარეო მატჩში ერთი გოლი მაინც გაიტანა.
* კლაას-იან ჰუნტელაარი 9 გოლით ლიდერობს. უახლოესი მდევარი, ვინც შეჯიბრებას შემორჩა, "ატლეტიკოს" რადამელ ფალკაოა 6 გოლით.
* "შალკეს" ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი ერთადერთია, რომელმაც ევროპალიგის 10-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა.
* თამაშის დღეს ბილბაოელი ჩაბი კასტილიო 26 წლის, ხოლო ფერნანდო ამორებიეტა 27 წლის ხდებიან.
* ტურნირს შემორჩენილთაგან ესპანურმა გუნდმა ყველაზე მეტი ბურთი გაუშვა - 13.
* ანდონი ირაოლამ, ანდერ იტურასპემ, მარკელ სუსაეტამ და იკერ მუნიაინმა "ბილბაოს" ევროპალიგის ყველა მატჩში მიიღეს მონაწილეობა.
* "შალკეში" 3 ესპანელია: სერხიო ესკუდერო, ხოსე მანუელ ხურადო და რაულ გონსალესი. მცველ კრისტოფ მეტცელდერს, ფორვარდ კლაას-იან ჰუნტელაარს (რეალი) და მეკარე ტიმო ჰილდებრანდს (ვალენსია) ესპანეთში უთამაშიათ.
სავარაუდო შემადგენლობები
შალკე: ჰილდებრანდი - უჩიდა, მატიპი, პაპადოპულოსი, ფუხსი - ჯონსი, ჰოლტბი - ფარფანი, რაული, დრაქსლერი - ჰუნტელაარი.
ბილბაო: ირაისოსი - ირაოლა, ამორებიეტა, ხ. მარტინესი, აურტენეჩე - ანდერი, იტურასპე, დე მარკოსი - სუსაეტა, ფ. ლორენტე, მუნიაინი.
ტრავმა: უნერშტალი, ფაჰრმანი, მეტცელდერი, ჰიოვედესი - გურპეგი, ანდერი (?), იტურასპე (?)
ვინ გაიტანს მე-400 გოლს
კიდევ ერთი ესპანურ-გერმანული დაპირისპირება მადრიდში გაიმართება - დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" მირკო სლომკას "ჰანოვერს" მასპინძლობს და, წესით, წყვილის ფავორიტია. გერმანელები კი შეეცდებიან კიდევ ერთი სიურპრიზი შემოგვთავაზონ ამ გათამაშებაში.
დიეგო სიმეონეს დიეგო დაუბრუნდა, მან "სარაგოსას" წინააღმდეგაც მოასწრო თამაში. ასევე ბრუნდება პორტუგალიელი ტიაგო. "ლოს როხიბლანკოსს" ტრავმის გამო ორი ფეხბურთელი არ ეყოლება: პორტუგალიელი მცველი სილვიო და კაპიტანი ანტონიო ლოპესი.
მირკო სლომკა ლეონ ანდრეასენს მოისაკლისებს, თუმცა გერმანელი სპეციალისტი დანიელი ნახევარმცველის არყოფნას უკვე მიეჩვია.
წინა დაპირისპირება: არასოდეს. ეს გუნდები პირველად ხვდებიან ერთმანეთს ევროსარბიელზე.
"ატლეტიკო" გერმანული კლუბების წინააღმდეგ: 30 თამაში - 13 მოგება, 6 ფრე, 11 წაგება.
"ჰანოვერი" ესპანური კლუბების წინააღმდეგ: 2 თამაში - 1 მოგება, 1 ფრე. ეს ამ სეზონში მოხდა, როცა "ჰანოვერმა" პლეი ოფში "სევილია" დაამარცხა, 2:1 შინ და 1:1 ანდალუსიაში.
ფაქტები
* ევროპალიგის წლევანდელ სეზონში "ატლეტიკომ" მოიგო ბოლო 7 საშინაო შეხვედრა.
* "ჰანოვერი" ამ სეზონში კარგად თამაშობს ევროსარბიელზე სტუმრად. მხოლოდ ერთ მატჩში ვერ გაიტანეს გერმანელებმა თუნდაც ერთი გოლი.
* ეს სეზონი ყველაზე წარმატებულია "ჰანოვერისთვის". ეს გუნდი მეორედაა ევროსარბიელზე და პირველად გაზაფხულის ეტაპზე, "სტანდარდის" დამარცხება 4:0 წინა რაუნდში მათი საუკეთესო მაჩვენებელია ევრო თასებზე.
* თუკი "ატლეტიკო" ფინალში გავა, ბუქარესტში მადრიდული კლუბი მე-100 მატჩს ითამაშებს ამ გათამაშებაში (უეფას თასის მატჩების ჩათვლით).
* "ატლეტიკოს" მომდევნო გოლი მე-400 იქნება ევროთასებზე.
* ადრიან ლოპესმა და რადამელ ფალკაომ ყველა შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა (ათვლა ჯგუფური ეტაპიდან იწყება) და თან როგორ - მათ ანგარიშზე 11 გოლია ჯამში, კლუბის 21 გოლიდან.
* ორზე მეტი გოლი ერთ ჰანოვერელსაც არ გაუტანია, თუმცა 7 ფეხბურთელს 2-2 გოლი აქვს.
* "ჰანოვერის" სამმა ფეხბურთელმა ითამაშა ევროპალიგის ყველა მატჩში ამ სეზონში: სერჟიო პინტომ, ლარს შტინდლმა და კონსტანტინ რაუშმა.
* "ატლეტიკოს" ბრაზილიელ პლეიმეიქერ დიეგოს მდიდარი გერმანული გამოცდილება აქვს ("ვერდერი" და "ვოლფსბურგი"), მას "ჰანოვერის" წინააღმდეგ 7-ჯერ უთამაშია და ოთხი გოლიც გაუტანია.
სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო: კურტუა - პერეა, დომინგესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ასუნსაო, ტიაგო - ადრიან ლოპესი, დიეგო, არდა თურანი - ფალკაო.
ჰანოვერი: ცილერი - ჩერუნდოლო, ეგიმანი, პოგატეცი, პანდერი - შტინდლი, პინტო, რაუში - შლაუდრაფი - დიუფი, აბდელაუე.
ტრავმა: ტიაგო (?), ანტონიო ლოპესი, სილვიო - ანდრეასენი
ჩემპიონთა ლიგის პრესტიჟისთვის
გერიტ იან ალფონს ვერბეიკი უფრო იმითაა ცნობილი, რომ მან დეკემბერში ჰოლანდიის თასის მატჩი ჩაშალა, როცა "აიაქსთან" შეხვედრაში თავისი გუნდი პროტესტის ნიშნად გაიყვანა მოედნიდან. თუმცა 49 წლის სპეციალისტი "ალკმაარს" რომ ჩინებულად უძღვება, ერედივიზიეს ცხრილიდანაც კარგად ჩანს - გუნდი პირველ ადგილზეა. მის გუნდს კი შურისძიება მართებს - "ვალენსიამ" წინა ეტაპზე ჰოლანდიური "ეინდჰოვენი" გამოთიშა.
ვერბეიკის ვიზავი, უნაი ემერის აშკარად არ უდგას საუკეთესო დროება - გუნდი ლა ლიგაში დამუხრუჭდა და მე-3 ადგილი სათუო გაიხადა.
ჰოლანდიელთა ფორვარდ როი ბეერენსს ნეკნი აქვს დაზიანებული და მისი თამაში "ვალენსიას" წინააღმდეგ სათუოა. მცველი ნიკ ვიერხევერი დისკვალიფიცირებულია, ის "უდინეზესთან" მატჩში გააძევეს. სავარაუდოდ, სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდება ჟოზი ალტიდორი, რომელმაც ბოლო მატჩებში სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.
დისკვალიფიცირებული ესპანელებსაც ჰყავთ - ადილ რამი, ფრანგი მცველი "ღამურების" დაცვითი ხაზის ლიდერია. ტრავმები აწუხებთ ევერ ბანეგას, სერხიო კანალესს და მიგელს.
წინა დაპირისპირება: არასოდეს. ეს გუნდები პირველად ხვდებიან ერთმანეთს ევროსარბიელზე.
"ალკმაარი" ესპანური კლუბების წინააღმდეგ: 7 თამაში - 3 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება.
"ვალენსია" ჰოლანდიური კლუბების წინააღმდეგ: 10 თამაში - 4 მოგება, 6 ფრე. ბოლო მატჩებია, "ვალენსია" ჰოლანდიურ კლუბს შინ 4 გოლს მაინც უტანს.
ფაქტები
* წინა რაუნდში "ალკმაარმა" "უდინეზესთან" წააგო და 10-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
* "ვალენსიამ" ამ სეზონში ევროპალიგაზე მხოლოდ ერთი საგარეო მატჩი მოიგო.
* "ვალენსიას" ევროპალიგაზე 2010 წლის თებერვლის მერე არ წაუგია.
* "ალკმაარის" მეკარე ესტებანმა 900 წუთი ითამაშა წლევანდელ ევროპალიგაზე. კიდევ ხუთმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა ყველა მატჩში: სიმონ პოულსენი, ადამ მაჰერი, რასმუს ელმი, ჟოზი ალტიდორი, როი ბეერენსი.
* "ვალენსია" ერთადერთი შემორჩა გათამაშებას იმათგან, ვინც ჩემპიონთა ლიგიდან გადმოვიდა ევროპალიგაზე.
* "ალკმაარის" ფორვარდი ჟოზი ალტიდორი პირველი ამერიკელია, ვინც ლა ლიგაში გოლი გაიტანა ("ვილიარეალში" თამაშისას).
* ვალენსიელმა ჰედვიგეს მადურომ და ალკმაარელმა როი ბეერენსმა ერთად მოიგეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 2007 წელს.
სავარაუდო შემადგენლობები
ალკმაარი: ესტებან ალვარადო - მარსელისი, მოისანდერი, კლავანი, პოულსენი - ელმი, მარტენსი, მაჰერი - გუდმუნდსონი, ალტიდორი, ჰოლმანი.
ვალენსია: გუაიტა - ბარაგანი, რუისი, დეალბერტი, მატიო - ალბელდა, ტინო კოსტა - ფეგული, ჟონასი, ალბა - სოლდადო.
დისკვალიფიკაცია: ვიერხევერი - რამი
ტრავმა: ბეერენსი (?) - მიგელი, ბანეგა, კანალესი
დასავლეთი VS აღმოსავლეთი
"მანჩესტერ სიტის" დამმარცხებელი "სპორტინგი" ხარკოვის "მეტალისტს" მასპინძლობს. მართალია, პორტუგალიური კლუბი ფავორიტია, მაგრამ უკრაინელებს ლისაბონი კარგად ახსენდებათ - მათ აქ უკვე მოგებული აქვთ.
წინა დაპირისპირება: არასოდეს. ეს გუნდები პირველად ხვდებიან ერთმანეთს ევროსარბიელზე.
"სპორტინგი" უკრაინული კლუბების წინააღმდეგ: 4 თამაში - 4 მოგება. დიდებული სტატისტიკაა, თან პორტუგალიელებს გოლი არ გაუშვიათ.
"მეტალისტი" პორტუგალიური კლუბების წინააღმდეგ: 1 თამაში - 1 მოგება. 2008 წლის ჯგუფურ ეტაპზე ლისაბონში "მეტალისტმა" "ბენფიკას" 1:0 მოუგო.
ფაქტები
* ამ სეზონში ევროპალიგაში "სპორტინგი" შინ არ მარცხდება - 9 მოგება და ერთი ფრე.
* ამ სეზონში "მეტალისტმა" მხოლოდ ერთი თამაში წააგო - შინ "ოლიმპიაკოსთან".
* "მეტალისტის" არგენტინელი ლეგიონერი მარკო ტორსილიერი წინა სეზონში * "სპორტინგში" თამაშობდა. შემდეგ იჯარით გადავიდა ხარკოვში, ბოლოს კი "მეტალისტის" სრულუფლებიანი წევრი გახდა.
* "მეტალისტის" შემადგენლობის ლამის ნახევრისთვის პორტუგალიური მშობლიური ენაა - ფინინიო, ადმარი, მარლოში, კლეიტონ შავიერი და ტაისონი. ყველა ბრაზილიაშია დაბადებული.
* "მეტალისტს" ევროპალიგაზე ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - 25.
* მცველმა პაპა გიემ "მეტალისტის" ყველა მატჩში ითამაშა ამ სეზონში ევროპალიგაზე შეუცვლელად. მის გარდა, ყველა თამაშში მხოლოდ კრისტიან ვილიაგრამ ითამაშა.
* "სპორტინგის" ყველა მატჩში მხოლოდ სტინ სხაარსმა ითამაშა.
მიმდინარე სტატისტიკა
ბომბარდირები
9 - კლაას-იან ჰუნტელაარი (შალკე); 7 - მათიას სუარესი (ანდერლეხტი); 6 - დმიტრი სიჩევი (ლოკომოტივი), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 5 - ენდრიუ ჯონსონი (ფულჰემი), მარკო დევიჩი (მეტალისტი), ადრიან ლოპესი (ატლეტიკო), გილემ ჟილე (ანდერლეხტი), ოლა ტოივონენი (ეინდჰოვენი), ტიმ მატავჟი (ეინდჰოვენი).
ასისტენტები
5 - ხოსე სოსა (მეტალისტი), მანუელ ფერნანდეში (ბეშიქთაში); 4 - გიორგიოს გეორგიადისი (პაოკ), ოლა ჯონი (ტვენტე), კლეიტონ შავიერი (მეტალისტი), დრიეს მერტენსი (ეინდჰოვენი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"