ევროპალიგა. I ნახევარფინალური მატჩების წინ: იბერიულ ნაჭუჭში

AutoSharing Option
ევროპალიგა. I ნახევარფინალური მატჩები
19 აპრილი
ატლეტიკო-ვალენსია 23:05
დისკვალიფიკაცია: გოდინი - ბარაგანი
ტრავმა: ა. ლოპესი, სილვიო - ბანეგა

სპორტინგი-ბილბაო 23:05
დისკვალიფიკაცია: ელიასი - ხავი მარტინესი
ტრავმა: სუარესი, რინაუდო, როდრიგესი, პერეირინია, ონიეუ - მუნიაინი (?)

* * *
რაც ევროპალიგა დაარსდა, ტიტული იბერიის ნახევარკუნძულს არ გასცილებია და ამ სეზონში არც გასცდება: ბრძოლას შემორჩენილი ოთხი კლუბიდან სამი ესპანურია და ერთი პორტუგალიური.

ამრიგად, მადრიდული "ატლეტიკოს" დაწყებული საქმე, რომელიც გათამაშების პირველი გამარჯვებულია, "პორტუმ" გადაიბარა, ახლა კი კანდიდატთა შორის იგივე "ატლეტიკო", "ვალენსია", "ბილბაო" და ლისაბონის "სპორტინგია".

ამ
სეზონში ევროპალიგაზე 200 მატჩი უკვე გაიმართა. დარჩა ხუთი - ოთხი ნახევარფინალური და ფინალი ბუქარესტში ეროვნულ სტადიონზე (9 მაისს).

ისევ ატლეტიკო, ისევ ფალკაო?
19 აპრილს "ვისენტე კალდერონზე" შოტლანდიელი არბიტრი კრეიგ თომსონი სასტვენით ძალიან საინტერესო მატჩის დაწყების ნიშანს მისცემს - "ატლეტიკო" და "ვალენსია" ლა ლიგაშიც კონკურენტები არიან და ევროსარბიელზეც.

ეს ორი კლუბი ერთმანეთს ისე კარგად იცნობს, რომ არც დაზვერვა დასჭირდებათ და არც სიფრთხილე - 180 წუთი (თუ მეტი არა) თვალსასეირო ბრძოლა გველის.

დიეგო სიმეონომ მთელი შემადგენლობა ავარჯიშა, გარდა ორისა - ანტონიო ლოპესი და სილვიო პერეირა კვლავ ტრავმირებულნი არიან. თუმცა გუნდში უკვე შეეჩვივნენ კაპიტნისა და პორტუგალიელი მცველის არყოფნას. "ატლეტიკოს" მთავარი დანაკლისი ცენტრალური მცველი დიეგო გოდინია - ურუგვაელს დისკვალიფიკაცია აქვს.

უნაი ემერის ჰედვიგეს მადურო და სერხიო კანალესი დაუბრუნდნენ, თუმცა სასტარტოში მათი ყოფნა ნაკლებად სავარაუდოა.

ვიქტორ რუისის თამაში აღარ არის კითხვის ნიშნის ქვეშ. მან "ესპანიოლთან" 0:4 მარცხი გამოტოვა და ახლა ისევ დაუბრუნდა გუნდს. ევერ ბანეგა სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს. ანტონიო ბარაგანი დისკვალიფიცირებულია. მის ადგილს დაცვის მარჯვენა ფლანგზე, ალბათ, რიკარდო კოშტა დაიკავებს.

წინა დაპირისპირება: ესპანურ ასპარეზზე უამრავი დაპირისპირების საპირისპიროდ ევროასპარეზზე ეს გუნდები აქამდე მხოლოდ ერთხელ გადაეყარნენ და ის შერკინება მადრიდელებს სასიამოვნოდ ახსოვთ - ევროპალიგის სულ პირველი გათამაშების (2009/10 წლების) მეოთხედფინალში "ატლეტიკომ" "ვალენსიას" წინააღმდეგობა სტუმრად გატანილი ბურთის წყალობით დაძლია. შემდეგ "ატლეტიკომ" ფინალში გააღწია, სადაც ლონდონური "ფულჰემი" დაამარცხა.

გავიხსენოთ მაშინდელი მატჩი: "მესტალიაზე" მადრიდული კლუბი კიკე სანჩეს ფლორესმა ჩაიყვანა. სტუმრები დიეგო ფორლანმა დააწინაურა (59-ე წთ), მაგრამ მანუელ ფერნანდეშმა მალევე გაათანაბრა (66). ანტონიო ლოპესმა (72) ისევ მადრიდელები დააწინაურა, მაგრამ ბოლოს დავიდ ვილიამ (82) წაგებისგან იხსნა "ვალენსია" - 2:2.

საპასუხო მატჩის გმირი კი ახლა "მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერი დავიდ დე ხეა გახდა. ბოლოს "ვალენსიამ" მაგრად შეუტია, მაგრამ დე ხეას წყალობით "ატლეტიკომ" 0:0 შეინარჩუნა.

ფაქტები
* შიდა (ესპანურ) დაპირისპირებებს რაც შეეხება, "ვალენსია" სჯობს "ატლეტიკოს". "ღამურებმა" ლა ლიგაში 55-ჯერ მოუგეს "როხიბლანკოსს", 51-ჯერ გამარჯვება მადრიდელებს დარჩათ. ამ სეზონში, პირველ წრეში, რობერტო სოლდადოს გოლმა გამარჯვება "ვალენსიას" მოუპოვა - 1:0, თებერვალში კი მატჩი უგოლოდ დასრულდა.
* სათასო დაპირისპირებებს რაც შეეხება, "ატლეტიკო" უკეთ თამაშობს. მადრიდელებმა 7-ჯერ გააგდეს "ვალენსია" (3-ჯერ "ვალენსია" გავიდა). "კოპა დელ რეის" ფინალში გუნდები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს - 1972 წელს "ატლეტიკომ" იმარჯვა (2:1), 1999 წელს - "ვალენსიამ" (3:0).
* კლაას-იან ჰუნტელაარი 10 გოლით ბომბარდირთა დავაში კი ლიდერობს, მაგრამ მისი "შალკე" უკვე გავარდნილია. აი, მის მდევარ რადამელ ფალკაოს უკვე 8 გოლი დაუგროვდა. ასე რომ, არის შანსი, ევროპალიგის ბომბარდირი ისევ კოლუმბიელი ფორვარდი გახდეს. შეგახსენებთ, რომ შარშანდელ სეზონში ვილაშ-ბოაშის "პორტუში" ასპარეზობისას რადამელმა 17 გოლი გაიტანა.
* გაგიკვირდებათ და, "ვალენსიას" მეგოლე სამი ბურთით მცველი ადილ რამია. მეჰმეთ თოპალს 2 ბურთი აქვს გატანილი. "ღამურების" სხვა ფეხბურთელებს ერთზე მეტი არ გაუტანიათ.
* "ვალენსიას" მეჰმეთ თოპალი და "ატლეტიკოს" არდა თურანი კარგად იცნობენ ერთმანეთს. ისინი არა მარტო თანამემამულეები არიან, არამედ, 2006-10 წლებში "გალათასარაიში" ერთად თამაშობდნენ.
* "ვალენსიას" არგენტინელმა ნახევარმცველმა ევერ ბანეგამ, რომელიც ახლა ტრავმირებულია, 2008/09 წლების სეზონი "ატლეტიკოში" იჯარით გაატარა.
* "ატლეტიკოს" ადრიან ლოპესი და "ვალენსიას" ანტონიო ბარაგანი 2006-09 წლებში ერთად თამაშობდნენ "დეპორტივოში".
* ევროპალიგაზე შემორჩენილთაგან "ატლეტიკომ" ყველაზე მეტი გოლი გაიტანა - 25.
* რაც ჯგუფური ეტაპი დაიწყო, ადრიან ლოპესი და რადამელ ფალკაო გუნდის 12-ივე მატჩში მონაწილეობდნენ.
* მხოლოდ ჟონასმა მიიღო მონაწილეობა "ვალენსიას" 6-ივე ევროპალიგურ მატჩში ("ვალენსია" ამ ტურნირზე ჩემპიონთა ლიგიდან გადმოვიდა).
* თუკი "ატლეტიკო" ფინალში გავა, მადრიდული კლუბის ფინალი გუნდისთვის მე-100 მატჩი იქნება უეფას თასზე.
* გამარჯვებული ფინალში განითესება, როგორც მასპინძელი გუნდი.

სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო: კურტუა - პერეა, მირანდა, დომინგესი, ფილიპე ლუიში - გაბი, სუარესი - ადრიან ლოპესი, დიეგო, არდა თურანი - ფალკაო.
ვალენსია: გუაიტა - რ. კოშტა, რამი, რუისი, ალბა - ტინო კოსტა, მ. თოპალი - ფეგული, ჟონასი, მატიო - სოლდადო.

ლომები ლომების წინააღმდეგ
ლისაბონის "ესტადიუ ჟოზე ალვალადეზე" "სპორტინგი" შეეცდება ესპანური დომინაციის დამხობას. მეტოქე ბილბაოს "ატლეტიკია". მაშ ასე, პორტუგალიურ-ბასკური დაპირისპირება მეორე ფინალისტის ვინაობას გვეტყვის.

ბილბაოელები წლევანდელ ევროპალიგაზე სტუმრად ბრწყინვალედ თამაშობენ, თუმცა ლა ლიგაში საქმეები ასე კარგად არ მისდით. "სპორტინგისთვის" პორტუგალიის ჩემპიონატი დიდი ხანია წაგებულია. ამიტომ ევროპალიგა ლისაბონელი "ლომებისთვის" პრიორიტეტია.

რიკარდუ სა პინტუს ხეფრენ სუარესი, ფაბიან რინაუდო და ალბერტო როდრიგესი არ ეყოლება. ძნელი დასაჯერებელია, რომ თამაში ბრუნო პერეირინიამ და ოგუჩი ონიეუმ მოახერხონ, თუმცა ამ ორმა ვარჯიში უკვე დაიწყო. ელიასს ევროთასებზე "სპორტინგის" რიგებში თამაშის უფლება არა აქვს.

ახლა ბასკი "ლომების" პრობლემებზეც ვთქვათ: "ბილბაოს" "მალიორკასთან" თვალის ტრავმის გამო იკერ მუნიაინი დააკლდა. ვუნდერკინდი, ალბათ, დაუბრუნდება ბასკურ გუნდს ლისაბონში. კარლოს გურპეგი 6-თვიანი პაუზის შემდეგ ჯანზეა. მარსელო ბიელსას პორტუგალიაში ხავიერ მარტინესი მიჰყავს, მაგრამ მხოლოდ ტურისტად - მსოფლიოს ჩემპიონი დისკვალიფიცირებულია.

წინა დაპირისპირება: ეს ორი გუნდი ერთმანეთს მხოლოდ 1985/86 წლების სეზონის უეფას თასზე დაუპირისპირდა. მესამე რაუნდში ხავიერ კლემენტეს "ბილბაომ" 2:1 მოიგო ბასკეთში, მაგრამ ლისაბონში მანუელ ჟოზეს გუნდმა 3:0 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. ასე რომ, პორტუგალიელებს სასიამოვნოდ გაახსენდებათ წინა დაპირისპირება.

ბილბაოში მანოლო სარაბიამ (13 წთ) და ხულიო სალინასმა (58) დააწინაურეს ბასკები. შემდეგ სტუმრებს ჟორდაო გაუძევეს, მაგრამ "სპორტინგმა" მაინც გაიტანა - რაფაელი (78). საპასუხო მატჩში მანუელ ფერნანდეშმა (20), რაფაელმა (56) და ანტონიო სოუზამ (74) გაანადგურეს ესპანური კლუბი.

ფაქტები
* ორივე გუნდის თიკუნი "ლომებია".
* ბილბაოელთა ბომბარდირ ფერნანდო ლორენტეს 6 გოლი აქვს ანგარიშზე, პორტუგალიელთა მეგოლე რიკი ვან ვოლფსვინკელს - 5.
* "ბილბაოს" 24 გოლი აქვს გატანილი ევროპალიგის სეზონში - ერთით ნაკლები, ვიდრე "ატლეტიკოს".
* ჰოლანდიელი სტინ სხაარსი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც "სპორტინგის" ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა.
* ანდონი ირაოლა, მარკელ სუსაეტამ და იკერ მუნიაინმა "ბილბაოს" 12-ივე მატჩში მიიღეს მონაწილეობა.

სავარაუდო შემადგენლობები
სპორტინგი: პატრისიო - პერეირა, პოლგა, ჩანდაო, ინსუა - მარტინში, სხაარსი - ფერნანდესი, იზმაილოვი, კაპელი - ვან ვოლფსვინკელი.
ბილბაო: ირაისოსი - ირაოლა, ეკიზა, ამორებიეტა, აურტენეჩე - ანდერი, იტურასპე, დე მარკოსი - სუსაეტა, ფ. ლორენტე, მუნიაინი.

სეზონის სტატისტიკა
გოლები

გოლი ფეხბურთელი გუნდი წუთი
10 კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 923
8 რადამელ ფალკაო ატლეტიკო 945
7 მათიას სუარესი ანდერლეხტი 612
6 დმიტრი სიჩევი ლოკომოტივი 408
6 ადრიან ლოპესი ატლეტიკო 767
6 ფერნანდო ლორენტე ბილბაო 854
5 ენდრიუ ჯონსონი ფულჰემი 411
5 მარკო დევიჩი მეტალისტი 484
5 ჟონათან კრისტალდო მეტალისტი 579
5 გიომ ჟილე ანდერლეხტი 698
5 ოლა ტოივონენი პსვ 760
5 ტიმ მატავჟი პსვ 787
5 რიკი ვან ვოლფსვინკელი სპორტინგი 865
5 იკერ მუნიაინი ბილბაო 957

ასისტენტები
5 მანუელ ფერნანდეში ბეშიქთაში 720
5 ხოსე სოსა მეტალისტი 886
4 გიორგიო გეორგიადისი პაოკი 484
4 ოლა ჯონი ტვენტე 658
4 დიეგო კაპელი სპორტინგი 688
4 დიეგო ატლეტიკო 688
4 დრიეს მერტენსი პსვ 754
4 კლეიტონ შავიერი მეტალისტი 884

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული