ევროპალიგა. ფინალის გამოძახილი და სტატისტიკა

AutoSharing Option
"დღეს ჩვენ ვაჩვენეთ, როგორი გუნდია "ატლეტიკო" - სწრაფი, ძლიერი დაცვაში. ვამაყობ, რომ ეს ჩემი გუნდია", - განაცხადა ტიტულის მოგებიდან რამდენიმე წუთში მადრიდელთა "არგენტინელმა" მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთის დედაქალაქში გამართულ ფინალში "ატლეტიკო" ბევრად სჯობდა "ბილბაოს", მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში რამდენიმე მძიმე წუთი გადაიტანა, და 3:0-იც მოუგო. ევროპალიგა უეფას თასის მემკვიდრე ტურნირია - წლეულს მესამე ფინალი იყო და ორჯერ "ატლეტიკომ" იმარჯვა.

ქებათა ქება ფალკაოს
"გამარჯვება ყოველთვის დიდებული რამეა. ფეხბურთელი ამას უკეთ აღიქვამს, რადგან მას შეუძლია სირბილი, ყვირილი. მწვრთნელი კი
ვალდებულია, თავი შეიკავოს.

დიახ, გამარჯვების წუთები ფეხბურთელთათვისაა და მე ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. ყველას მადლიერი ვარ, ვინც ირწმუნა ჩემი, დეკემბრიდან მოყოლებული, რაც "ატლეტიკოს" მწვრთნელი გავხდი.

ძალიან კარგად ვიცოდით, რომ დროდადრო მეტოქისთვის ტერიტორიისა და ბურთის დათმობა მოგვიწევდა, მაგრამ შეტევაზე ორიენტირებული 4 ფეხბურთელის წყალობით, ყოველთვის შეგვეძლო "ბილბაოსთვის" სასიკვდილო დარტყმა მიგვეყენებინა ერთი პასით. ყველაზე მნიშვნელოვანი ასეთ სიტუაციაში შანსების გამოყენებაა და ჩვენ ეს შევძელით.

დიდი ფეხბურთელების გამოცდილება არაფერს ნიშნავს, თუკი ისინი წარსულ გამარჯვებებს არ ივიწყებენ და აწმყოთი არ ცხოვრობენ. ფალკაო სწორედ ისეთი ფეხბურთელია, ვისაც "აღარ ახსოვდა", რა გააკეთა გასულ სეზონში ევროპალიგაზე და დღევანდელი ფინალის მოლოდინით ცხოვრობდა.

მე მას ლამის ბავშვობიდან ვიცნობ. 4 წლის წინ "რივერ პლეიტშიც" მყავდა, ერთად ლიგა მოვიგეთ. ძალიან მიყვარს რადამელი, როგორც პიროვნება და როგორც ფეხბურთელი.

დიეგო ისეთი ფეხბურთელია, როცა კარგად თამაშობს, მნიშვნელოვნად ცვლის ძალთა თანაფარდობას მოედანზე. კარგი იქნება, თუკი მის მადრიდში დატოვებას შევძლებთ",
- განაცხადა მადრიდელთა 42 წლის თავკაცმა.

რა თქმა უნდა, ჩემი ბრალია
მარსელო ბიელსა
: "ასეთ შედეგს არ ველოდით. ძალიან დიდი სხვაობაა იმას შორის, რასაც ჩვენ ველოდით და შეგვიძლია და იმას, რაც სინამდვილეში მოხდა მოედანზე. ჩვენ გვსურდა, ჩვენი თამაში მოგვეხვია მეტოქისთვის და ვერ შევძელით.

ვფიქრობ, ამ წარუმატებლობის მთავარი მიზეზი მე ვარ. რა თქმა უნდა, ფეხბურთელები განადგურებულები არიან.

ანგარიში არ ასახავს ძალთა თანაფარდობას, "ატლეტიკო" ასეც არ გვჯობდა. ჩემი აზრით, მათ 8 საგოლე მომენტი ჰქონდათ და 3 გაიტანეს, ჩვენ 9 და ერთიც ვერ შევაგდეთ. კარს კარგად ვერ ვიცავდით. ის "ბილბაო" არ ვიყავით, რაც სინამდვილეში ვართ. რა თქმა უნდა, ჩემი ბრალია"
.

სამი მაგიური სიტყვა
ევროპის სპორტულმა მედიამ მოიწონა ბუქარესტული ფინალი. ორმა ესპანურმა კლუბმა თითქმის ერთნაირი სახელით და შეფერილობით მართლაც კარგი სანახაობა გვაჩუქა. იყო სისწრაფეც, დაძაბულობაც და ძალიან კარგი გოლებიც.

მადრიდული "დიარიო ასი" სათაურად "ატლეტიკოს" ფანების შეძახილს აქვეყნებს: "ატლეეეეტი" და ამატებს: "ფალკაო, ეს ევროპალიგაა".

რეპორტაჟში ვკითხულობთ: "ატლეტიკო" ევროპალიგის ჩემპიონია, ისევ. რა დრამა იყო - დღეს "ატლეტიკომ" მესამე ევროპული ტიტული მოიგო 24 თვეში. მართალია, 2010 წლის ჰამბურგიდან მათი შემადგენლობა მთლიანად შეიცვალა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს - ეს ხომ "ატლეტიკოს" გამარჯვებაა".

აი, რას წერს ბილბაოს "ელ კორეო": "ეჰ, ბილბაო. ტირის ბასკთა ქვეყანა, ბუქარესტში ჩასული ბასკები, არგენტინის ნაწილი, რომელიც "ბიელსისტაა"... იკერ მუნიაინი, ინიგო პერესი, გაისკა ტოკერო, ფერნანდო ლორენტე... დამარცხებული სახეები, ცრემლები, გატეხილები, განადგურებულები. მშვიდობით, სეზონის პირველო ტიტულო".

ფინალმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა არგენტინაშიც, რადგან ორივე გუნდს არგენტინელი მწვრთნელი ჰყავს. "ოლე" წერს: "ელ ჩოლო" დიდ სიმაღლეებს შესწვდა. მოუგო ფინალი მარსელო ბიელსას, ეს უკვე ბევრს ნიშნავს. "ჩოლოს" ბიჭები უკეთ თამაშობდნენ". შეგახსენებთ, რომ "ელ ჩოლო" დიეგო სიმეონეს მეტსახელია.

გასაკვირი არაა, როგორ ხარობენ კოლუმბიაში - კოლუმბიური ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავი რადამელ ფალკაო ხომ დიდების მწვერვალზეა. "ფალკაო ევროპალიგის ოსტატია.

ის სენსაციურია, ჩემპიონი და ბომბარდირი. ისევე, როგორც ერთი წლის წინ დუბლინში, როცა "პორტუს" გამარჯვება მოუპოვა, ბუქარესტშიც ფალკაომ მოაგებინა თავის გუნდს, ახლა უკვე "ატლეტიკოს", - წერს კოლუმბიური "ელ ტიემპო". ფალკაო შარშან პორტუგალიის გმირი იყო. ამიტომ წლევანდელ ფინალს გამოხმაურება არც ამ ქვეყანაში აკლდა. აი, რას წერს "ო ჟოგო": "წლევანდელი ევროპალიგა რომ აღწერო, სულ სამი სიტყვაა საჭირო: რადამელ გარსია ფალკაო".

ადგილობრივი სპორტული მედიის მთავარი თემაც ფინალი იყო: "მისი ტიტული, ჩვენი ფინალი. ფალკაო ფანტასტიკური იყო ბუქარესტში. დღეს ბუქარესტი ერთი დღით ევროპის საფეხბურთო დედაქალაქად იქცა", - წერს "პროსპორტი".

სიმეონეს მიღწევა
ბუქარესტში გამარჯვებით დიეგო სიმეონე მესამე ადამიანი გახდა, რომელსაც უეფას თასის ისტორიაში ტიტული მოპოვებული აქვს, როგორც ფეხბურთელს და როგორც მწვრთნელს. 14 წლის წინათ მან უეფას თასი მილანის "ინტერში" თამაშისას მოიგო - 1998 წელს "პარკ დე პრენსზე" "ინტერმა" "ლაციოს" 3:0 მოუგო.

აქამდე ასეთი მიღწევა მხოლოდ დინო ძოფს და ჰუუბ სტევენსს ჰქონდათ. 1977 წელს ძოფმა თასი "იუვენტუსის" კარის დარაჯობისას მოიგო, ხოლო 1990 წელს იმავე გუნდს მწვრთნელის რანგში მოაგებინა.

1978 წელს პსვ-მ "ბასტია" დაამარცხა. ჰოლანდიურ კლუბში ჰუუბ სტევენსი თამაშობდა, რომელმაც 1997 წელს "შალკეს" გაამარჯვებინა.

აგრეთვე, დიეგო სიმეონე მხოლოდ მე-4 არაევროპელი მწვრთნელია, რომელმაც ევროთასი მოიგო. წინა სამიც არგენტინელი იყო: ლუის კარნილია, ელენიო ერერა და ალფრედო დი სტეფანო.

ევროპალიგა 2012. სტატისტიკა
* 205 მატჩში გავიდა 585 გოლი. საშუალოდ - 2,85 გოლი მატჩში. აქედან 17 ავტოგოლია.
* ფორვარდების ანგარიშზე 319 გოლია (56%), აქედან 26 პენალტით.
* ნახევარმცველებმა 189 გოლი გაიტანეს (33%), 19 პენალტით.
* მცველების ანგარიშზე 76 გოლია (13%), აქედან 2 პენალტით.
* 1 გოლიც მეკარემ გაიტანა.
* ყველაზე მეტი ფეხბურთელი ევროპალიგაზე ბრაზილიელი იყო - 93, ესპანეთს 81 წარადგენდა, ინგლისს - 70. შემდეგ მოდიან: 69 - ჰოლანდია, 67 - ისრაელი, 59 - ავსტრია, 52 - ბელგია, 51 - რუმინეთი, 50 - საფრანგეთი.
* ევროპალიგაზე 4 ქართველიც ირიცხებოდა: ლადო დვალიშვილი (მაქაბი), საბა კვირკველია (რუბინი), ლევან ყენია (შალკე) და გიორგი ფოფხაძე (შტურმი). ამათგან ფოფხაძემ და დვალიშვილმა ითამაშეს.
* ყველაზე პოპულარული ტაქტიკური სქემა 4-2-3-1 იყო - 180 ფაქტი. 80-ჯერ გამოიყენეს კლასიკური 4-4-2, ხოლო 59-ჯერ შემტევი 4-3-3.
* ყველაზე მეტი მაყურებელი, საშუალოდ, "მანჩესტერ იუნაიტედის" საშინაო მატჩებზე დადიოდა - 67 164. შემდეგ მოდის "შალკე" - 52 049 და "აიაქსი" - 51 000.
* ყველაზე ცოტა მაყურებელი ესწრებოდა, საშუალოდ, ლარნაკას აეკ-ის თამაშებს - 5 377.
* ყველაზე მეტი ფეხბურთელი - 29 - გამოიყენა "შალკემ", ყველაზე ცოტა "ტრაბზონმა" და "ვიქტორიამ" - 16-16.
* ყველაზე მეტი ლეგიონერი ათამაშეს "სპორტინგმა" და "სტანდარდმა" 18-18.
* ყველაზე ცოტა ლეგიონერი, რა თქმა უნდა, "ბილბაომ" გამოიყენა - 1.

ყველაზე მეტი გოლი (გუნდები)
33 ატლეტიკო
28 ბილბაო
26 მეტალისტი
24 შალკე
21 პსვ
20 სპორტინგი
18 ჰანოვერი
18 ანდერლეხტი

ბომბარდირები

12 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო): 10 - კლაას-იან ჰუნტელაარი (შალკე); 8 - ადრიან ლოპესი (ატლეტიკო); 7 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), მათიას სუარესი (ანდერლეხტი); 6 - რიკი ვან ვოლფსვინკელი (სპორტინგი), დმიტრი სიჩევი (ლოკომოტივი); 5 - მარკელ სუსაეტა (ბილბაო), ტიმ მატავჟი (პსვ), ენდრიუ ჯონსონი (ფულჰემი), ხონათან კრისტალდო (მეტალისტი), ოლა ტოივონენი (პსვ), გილომ ჟილე (ანდერლეხტი), მარკო დევიჩი (მეტალისტი), იკერ მუნიაინი (ბილბაო).

ასისტენტები
7 - დიეგო (ატლეტიკო); 5 - მანუელ ფერნანდეში (ბეშიქთაში), არდა თურანი (ატლეტიკო); 4 - გეორგიოს გეორგიადისი (პაოკ), დრიეს მერტენსი (პსვ), ხოსე სოსა (მეტალისტი), იაია ტურე (სიტი), დიეგო კაპელი (სპორტინგი).

3 ჰეთ თრიკი: ჰუნტელაარი (2) და მათიას სუარესი.
3 დუბლი: ფალკაო; 2 დუბლი: ლორენტე, სიჩევი.

უდისციპლინოები (გუნდები)
გაფრთხილება
38 ბილბაო
33 მეტალისტი
32 ატლეტიკო
32 სპორტინგი
27 ზალცბურგი
26 ბრიუგე
26 ბეშიქთაში

გაძევება
4 სტიაუა
3 ჰაპოელი
3 ვისლა
3 პსჟ

ტერმინატორები
1 გაძევება, 4 გაფრთხილება: რასმუს ლინდგერნი (ზალცბურგი), ოსმან ჩავესი (ვისლა), ფერნანდო ამორებიეტა (ბილბაო).

ჩემპიონი
* "ატლეტიკომ" ითამაშა 15 შეხვედრა, გაიტანა 33 გოლი, საშუალოდ 2,2 გოლი მატჩში. ფორვარდების ანგარიშზე 26 გოლია (79%), 4 გოლი ნახევარმცველებმა გაიტანეს, 3 - მცველებმა.

მეგოლეები: 12 - რადამელ ფალკაო; 8 - ადრიან ლოპესი; 4 - ედუარდო სალვიო; 3 - დიეგო; 2 - არდა თურანი; 1 - ალვარო დომინგესი, დიეგო გოდინი, მირანდა, ხუანფრანი.

ასისტენტები: 7 დიეგო; 5 - არდა თურანი; 3 - გაბი; 2 - რადამელ ფალკაო, ადრიან ლოპესი, კოკე; 1 - ედუარდო სალვიო, ანტონიო ლოპესი.

მეკარეები: ტიბო კურტუა (14 თამაში), სერხიო ასენხო (1), ხოელ რობლესი (1).
მცველები: მირანდა (13, 1 გოლი), დიეგო გოდინი (13, 1), ფილიპე ლუიში (12), ლუის პერეა (11), ალვარო დომინგესი (9, 1), ანტონიო ლოპესი (2), სილვიო პერეირა (1).
ნახევარმცველები: გაბი (13), მარიო სუარესი (12), დიეგო (12, 3), ხუანფრანი (12, 1), ტიაგო მენდეში (5), პაულო ასუნსაო (5), საულ ნიგესი (1).
თავდამსხმელები: რადამელ ფალკაო (15, 12), ადრიან ლოპესი (15, 8), არდა თურანი (12, 2), ედუარდო სალვიო (12, 4), ხოსე რეიესი (3), პიცი (3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული