შეგახსენებთ, რომ ლაპარაკია ტურნირზე, რომელსაც ბოლო დროს უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ამრეზით უყურებს და შესაძლოა, უახლოეს წლებში გააუქმოს კიდევაც.
სანამ ეს მოხდება, უკვე დაიწყო ფინალური მატჩის ბილეთების გაყიდვა, რომელიც 15 მაისს "ამსტერდამ არენაზე" გაიმართება. სხვათა შორის, ფინალის მატჩის ბილეთების ფასი 45-დან 135 ევროს ფარგლებში მერყეობს.
12 ქვეჯგუფის 24 საგზურიდან 19 უკვე გათამაშებულია, ბოლო ტური ევროპალიგიდან პლეი-ოფში გასულ კიდევ 5 კლუბის სახელს
არ დაგვავიწყდეს, რომ კიდევ 8 კლუბი ჩემპიონთა ლიგიდან დაემატება, 8 ჯგუფის მესამეადგილოსნები.
19 გუნდიდან 5-ს პირველი ადგილიც კი გარანტირებული აქვს; ამდენივემ იცის, რომ აუცილებლად მე-2 ადგილზე გავა; 9-ს კი ეს საკითხი ჯერ გასარკვევი აქვს.
ფორმალობა
C ჯგუფში ორივე თამაში ფორმალობაა: თურქული "ფენერბაჰჩე" პირველ ადგილს ვეღარ ჩამოცდება, ხოლო გერმანული მიონხენგლადბახის "ბორუსია" - მეორეს.
ანალოგიური მდგომარეობაა F ჯგუფში, სადაც "დნიპრო" პირველია, ხოლო "ნაპოლი" - მეორე. ყველაფერია გარკვეული H ჯგუფშიც - "რუბინს" პირველობას ვერავინ შეეცილება, ხოლო მილანის "ინტერს" - მეორეობას. I ჯგუფშიც "ლიონი" პირველია, ხოლო პრაღის "სპარტა" - მეორე.
ანალოგიური მდგომარეობაა K ჯგუფშიც - უკრაინული "მეტალისტი" პირველ ადგილზე დაასრულებს ჯგუფურ ეტაპს, ხოლო ლევერკუზენის "ბაიერი" - მეორეზე.
მოკლედ, 12-დან 5 ჯგუფში აღარაფერია გასარკვევი!
კიდევ სამ ჯგუფში გამსვლელთა ვინაობა ცნობილია, ოღონდ პირველ-მეორეზე ჯერ არ გაუთვლიათ. B ჯგუფში პლეი-ოფის საგზურები მოიპოვეს "ატლეტიკომ" და "პლზენმა", D-ში - "ბორდომ" და "ნიუკასლმა", ხოლო L-ში - "ჰანოვერმა" და "ლევანტემ".
ბრძოლა
რეალური ბრძოლები მხოლოდ 4 ჯგუფშია მოსალოდნელი: A-ში "ანჟი" გასულია, უცნობია, ვინ იქნება მეორე გუნდი; G-ში "გენკი" გავიდა, მეორე უცნობია; J-ში "ლაციო" პლეი-ოფშია, მეორე გაურკვეველია.
აი, ყველაზე საინტერესო სიტუაცია E ჯგუფში გახლავთ: ორივე საგზური გაუთამაშებელია და მასზე სამი გუნდი აცხადებს პრეტენზიას - ბუქარესტის "სტიაუა", "შტუტგარტი" და "კოპენჰაგენი". ყველაზე უკეთ საქმე გერმანელებს აქვთ. მართალია, ისინი მხოლოდ მე-2 ადგილზე არიან, მაგრამ უმოტივაციო "მიოლდეს" შინ მასპინძლობენ და გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფში არიან (შეიძლება, მათ ფრეც კი ეყოთ).
აი, დაპირისპირება "კოპენჰაგენსა" და "სტიაუას" შორის, თამამად შეიძლება ვთქვათ, ტურის მთავარი დაპირისპირებაა. სტუმრებს ფრეც ჰყოფნით მიზნის მისაღწევად, ხოლო მასპინძლებს მოგება ესაჭიროებათ, ოღონდ არა 2:1, 3:2, 4:3 და ასე შემდეგ.
ბომბარდირები:
6 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 5 - რაულ ბობადილია (იანგ ბოიზი); 4 - კლეიტონ შავიერი (მეტალისტი), ჯონჯო შელვი (ლივერპული).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"