ევროპალიგა. 1/16-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: დიეგო სიმეონე - მეორე ივანე მრისხანე?

AutoSharing Option
იმისთვის, რომ შეცდომა გამოისყიდოს, დიეგო სიმეონემ 21 თებერვალს ყაზანში, საფეხბურთო მოედანზე ის უნდა გააკეთოს, რაც 460 წლის წინათ ივანე მრისხანემ ბრძოლის ველზე მოახერხა.

ევროპალიგის გამარჯვებულ "ატლეტიკოს" ბოლო შანსი აქვს, ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლა გააგრძელოს, მაგრამ შანსი ძალიან მცირეა და ამაში თავად მადრიდელთა თავკაცია დამნაშავე.

შორია ესპანურ დერბიმდე?
რა დააშავა სიმეონემ? 0:1-ზე, ბოლო წამებზე ტიბო კურტუას უბრძანა, მეტოქის საჯარიმოში ჩასულიყო. შედეგად, "რუბინმა" მოახერხა ცარიელ კარში მეორე გოლის გატანა. "გავრისკე, მაგრამ არ გაგვიმართლა. არა უშავს, ყაზანში ერთით მეტი გოლის გატანა მოგვიწევს", - თქვა
მაშინ დიეგო სიმეონემ. "რუბინი" ესპანური კლუბების სპეციალისტად დახელოვნდა - ამ თამაშამდე "ატლეტიკოს" ზედიზედ 10 გამარჯვება ჰქონდა "ვისენტე კალდერონზე" ევროასპარეზზე მოპოვებული და უცბად... 0:2.

ამ წყვილის გამარჯვებული "ოლიმპიაკოსის" და "ლევანტეს" შორის უძლიერესს შეხვდება. დიდი ალბათობით, ეს ვალენსიური კლუბი იქნება, რადგან "ლევანტემ" პირველი მატჩი 3:0 მოიგო. ტიტულის მფლობელს რუსეთში არცთუ მცირე გმირობა დასჭირდება, რომ მერვედფინალში ესპანური დერბი ვიხილოთ.

ჩეხური ექსკურსია?
"ატლეტიკოზე" უარესი შეემთხვა გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტს - "ნაპოლის" - შინ 0:3 არცთუ ძლიერ მეტოქესთან (პლზენის "ვიქტორია") მართლაც მეტისმეტია. ახლა, თუკი იტალიური კლუბი ამ დაპირისპირების ჩარხს შემოატრიალებს, ისტორიაში პირველი კლუბი გახდება, რომელმაც ეს ამ ტურნირზე შეძლო. ეს იყო სტუმარი გუნდის ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება ამ სეზონში და "ნაპოლის" ევროისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება მშობლიურ სტადიონზე.

რაღა დარჩენია ვალტერ მაცარის? ერთი ვერსიით, მთელი ყურადღების სერია "ა"-ზე გადატანა და ჩეხეთში სარეზერვო შემადგენლობით თამაში. ედინსონ კავანი 7 გოლით ჯერაც გათამაშების ბომბარდირია, თუმცა საეჭვოა, ურუგვაელმა ეს პოზიცია სეზონის ბოლომდე შეინარჩუნოს.

ყველაზე ერთგულები
მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ყველაზე ერთგული ფანები ჰყოლია ევროპალიგაზე - რომში, "ლაციოს" წინააღმდეგ თამაშზე 10 ათასი გერმანელი მხარდამჭერი ჩადის გერმანიიდან. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა 3:3 დასრულდა. ფანების ნაწილი უკვე "მარადიულ ქალაქშია", რის გამოც იტალიის პოლიცია სპეციალური ზომების მიღებას გეგმავს, რომ მატჩმა მშვიდად ჩაიაროს.

საოცარი ისაა, რომ მიონხენგლადბახი ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქალაქია, რომლის წარმომადგენელიც ევროპალიგას შემორჩა - ვესტფალიურ ქალაქში სულ 250 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

"ზენიტი" ზენიტში?
რომელი კლუბი იმსახურებს ევროპალიგაში გამარჯვებას ყველაზე მეტად? სტატისტიკას თუ დავესესხებით და "ჩელსის" სათვალავში არ მივიღებთ (ლონდონური კლუბი ჩემპიონთა ლიგიდან გადმოვიდა და 1 მატჩში 1 მოგება აქვს) საუკეთესოა რუსული "ზენიტი" - 11 მატჩში 8 გამარჯვება - მოგებების რეიტინგი 81,8%.

"ზენიტი" მხოლოდ სტატისტიკურად რომ არ არის ძლიერი, სანკტ-პეტერბურგის გუნდმა, რომელსაც ყველაზე რასისტი ფანები ჰყავს ევროპაში, პირველ მატჩშიც დაამტკიცა - კომფორტული ანგარიშით (2:0) მოუგო საკმაოდ არაკომფორტულ მეტოქე "ლივერპულს".

"ზენიტმა" ევროპალიგის 6 საშინაო მატჩში ექვსივე მოიგო. სერგეი სემაკმა "ლივერპულს" მეორე გოლი რომ გაუტანა, 36 წლისა და 353 დღის იყო. ტურნირის ისტორიაში სემაკი ყველაზე ხანდაზმულ მეგოლეებში მე-3 ადგილზეა პაველ ჰორვატის (37 წ, 214 დ) და მარიო ჰაასის (37 წ,13 დ) შემდეგ.

ყველაფრის მიუხედავად, დღეს "ლივერპული" რომ იბრძოლებს და ჩარხის შემოტრიალებას შეეცდება, ამას წყალი არ გაუვა...

ევროპალიგაზე სულ 16 წყვილია და თითოეულს ვერ მიმოვიხილავთ, თუმცა აქვე გთავაზობთ პირველი შეხვედრების ყველა შედეგს და საინტერესო დაპირისპირებების ამორჩევა თქვენთვის მოგვინდვია.

21 თებერვალი
რუბინი (რუსეთი)-ატლეტიკო (ესპანეთი)	21:00 (I მატჩი 2:0)
დნიპრო (უკრაინა)-ბაზელი (შვეიცარია) 22:00 (0:2)
გენკი (ბელგია)-შტუტგარტი (გერმანია) 22:00 (1:1)
ლაციო (იტალია)-გლადბახი (გერმანია) 22:00 (3:3)
ლიონი (საფრანგეთი)-ტოტენჰემი (ინგლისი) 22:00 (1:2)
მეტალისტი (უკრაინა)-ნიუკასლი (ინგლისი) 22:00 (0:0)
კლუჟი (რუმინეთი)-ინტერი (იტალია) 22:00 (0:2)
ბენფიკა (პორტუგალია)-ლევერკუზენი (გერმანია) 00:05 (1:0)
სტიაუა (რუმინეთი)-აიაქსი (ჰოლანდია) 00:05 (0:2)
ჩელსი (ინგლისი)-სპარტა (ჩეხეთი) 00:05 (1:0)
ფენერბაჰჩე (თურქეთი)-ბატე (ბელარუსი) 00:05 (0:0)
ჰანოვერი (გერმანია)-ანჟი (რუსეთი) 00:05 (1:3)
ლივერპული (ინგლისი)-ზენიტი (რუსეთი) 00:05 (0:2)
ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)-ლევანტე (ესპანეთი) 00:05 (0:3)
პლზენი (ჩეხეთი)-ნაპოლი (იტალია) 00:05 (3:0)
ბორდო (საფრანგეთი)-დინამო (უკრაინა) 00:05 (1:1)

ბომბარდირები: 7 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 5 - როდრიგო პალასიო (ინტერი), ლიბორ კოზაკი (ლაციო), რაულ ბობადილია (იანგ ბოიზი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დიეგო სიმეონე: არ მგონია, რომ "ატლეტიკოს" ძალა აღარ შესწევდეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული