პირველ ტაიმში სათამაშო უპირატესობა პორტუგალიელების იყო, თუმცა "ბენფიკა" ვერ ახერხებდა პეტრ ჩეხის კართან რეალური საგოლე მომენტების შექმნას.
"ჩელსიმ" კი მეორე ნომრობა შეიფერა და ერთი-ორჯერ გაცილებით მწარედ უჩხვლიტა მეტოქეს.
პირველ ტაიმში ყველაზე სახიფათო მომენტი ფრენკ ლემპარდის მოულოდნელ და ეშმაკურ დარტყმას მოჰყვა. არტურ მორაეშმა სასწაულებრივად მოიგერია ბურთი კუთხურზე. აი, სულ ეს იყო, რისი გამოყოფაც შეიძლება პირველი ტაიმიდან.
ევროპალიგის ფინალის გახსნის ცერემონია - იხილეთ ვიდეო
ანგარიში 51-ე წუთზე თითქოს გაიხსნა - ნიკოლას გაიტანის ჩაწოდებას ოსკარ კარდოსო გამოეხმაურა, მაგრამ თანამსაჯის აზრით, მაშინ, როცა არგენტინელი აწოდებდა, პარაგვაელი ფორვარდი თამაშგარე მდგომარეობაში იყო.
"ბენფიკას" "ჩელსის" უსწრაფესი კონტრშეტევა გაეპარა - 59-ე წუთზე ლონდონელთა კომბინაცია პეტრ ჩეხმა ხელით დაიწყო, ხუან მატამ გააგრძელა და ბურთი ფერნანდო ტორესს მიუვიდა.
"ელ ნინიო" სისწრაფეზე გასცდა ლუიზაოს, მოატყუა მეკარე არტური და ცარიელ კარში გაიტანა - 1:0 "ჩელსის" სასარგებლოდ.
ეს ესპანელი ფორვარდის მე-6 გოლი იყო ევროპალიგის მე-9 მატჩში.
ამის შემდეგ პორტუგალიელთა თავკაცი ჟორჟე ჟესუსი ვა-ბანკზე წავიდა, როდრიგოსა და მცველ მელგარეჟოს ნაცვლად ორი შემტევი გამოუშვა - ლიმა და ოლა ჯონი. ერთ წუთში "ბენფიკას" შეტევას პენალტი მოჰყვა - სესარ ასპილიკუეტამ ხელით ითამაშა.
ოსკარ კარდოსომ შესანიშნავად შეასრულა თერთმეტმეტრიანი - 1:1.
იხილეთ ვიდეო
75-ე წუთზე ძალზე სახიფათო მომენტი შექმნა ფერნანდო ტორესმა. ის საჯარიმოში ლუიზაომ წააქცია, თუმცა მსაჯის სასტვენი დუმდა. ეპიზოდში ესეკილ გარაიმ ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა.
81-ე წუთზე ჩეხმა კარდოსოს სახიფათო შორეული დარტყმა მოიგერია. 88-ე წუთზე ლემპარდის დარტყმული ძელს მოხვდა, თუმცა თამაში დამატებით დროში მაინც არ გადავიდა - მესამე დამატებულ წუთზე მატამ კუთხური ჩამოაწოდა და შორეულ ძელთან სერბმა ბრანისლავ ივანოვიჩმა თავით გაიტანა.
მიუხედავად იმისა, რომ დრო გასული იყო, ივანოვიჩი კინაღამ ანტიგმირად იქცა, "ბენფიკას" უკანასკნელი შეტევისას ბურთი გაუძვრა, მაგრამ კარდოსომ 100%-იანი შანსი კეჰილისა და ჩეხის ერთობლივი გმირობის წყალობით გოლად ვერ აქცია - "ბენფიკამ" ზედიზედ მე-7 ევროთასების ფინალი წააგო!
იხილეთ ფოტოგალერეა
რაფაელ ბენიტესის გუნდი ერთადერთი კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა თასის მოგების შემდეგ რანგით მეორე ტურნირშიც იმარჯვა. ლონდონური კლუბი 10 დღის განმავლობაში ორივე თასის მფლობელი იქნება!
საინტერესოა, რას ერჩიან ბენიტესს, მეტი რა უნდა გაეკეთებინა?
"ჩელსი" შეუერთდა სამ კლუბს, რომელთაც სამივე ევროთასი აქვთ კოლექციაში. ესენია: "აიაქსი", "იუვენტუსი" და "ბაიერნი".
მატჩის შემდგომი კომენტარები:
ფერნანდო ტორესი: მართლა ძალიან გვინდოდა ევროპალიგის მოგება
რაფაელ ბენიტესი: იტალიაში უყვართ ფეხბურთი და იქ დავბრუნებაზე უარს არ ვიტყოდი
ფრენკ ლემპარდი: მწვერვალზე ვართ
ჟორჟე ჟეზუსი: ამაყი ვარ - "ბენფიკა" უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებოდა
ევროპალიგა. ფინალი
ბენფიკა-ჩელსი 1:2
გოლები: 0:1 ტორესი (59), 1:1 კარდოსო (68-პენ), 1:2 ივანოვიჩი (93)
ბენფიკა (4-3-3): არტური - ალმეიდა, ლუიზაო, გარაი (78. ჟარდელი), მელგარეჟო (66. ოლა ჯონი) - პერესი, მატიჩი, როდრიგო (66. ლიმა) - გაიტანი, კარდოსო, სალვიო.
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ასპილიკუეტა, ივანოვიჩი, კეჰილი, კოული - ლემპარდი, დ. ლუისი - რამირესი, მატა, ოსკარი - ტორესი.
გაფრთხილება: გარაი, ლუიზაო - ოსკარი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 1-8; კარში დარტყმა: 17-11 (11-7); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 53 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"