ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტურის წინ: ვინ ჩააღწევს ტურინში?

AutoSharing Option
19 სექტემბერს ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის I ტურის მატჩები გაიმართება, სულ 24 შეხვედრა.

რანგით მეორე საკლუბო შეჯიბრი კიდევ ერთხელ აგვცდა. წელს პლეი ოფში ერთბაშად ორმა ქართულმა კლუბმა იასპარეზა - თბილისის "დინამომ" და გორის "დილამ", მაგრამ ორივემ გვარიანად შეირცხვინა თავი (4 მატჩში 0:12 ბურთების შეფარდება).

თუკი მის წინამორბედებს ჩავთვლით, ევროპის პრესტიჟით მეორე საკლუბო პირველობის რიგით 43-ე გათამაშება გახურდა, თუმცა, რაც გათამაშებას ევროპალიგა დაერქვა და ფორმატი შეეცვალა, მეხუთე გათამაშებაა. მოქმედი ჩემპიონი "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგაზე ცდის ძალებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლონდონურ
კლუბს ტიტულის დაცვის შანსი არა აქვს. ფინალი ტურინში "იუვენტუს არენაზე" გაიმართება.

ევროპალიგის გათამაშებაში 53 ფედერაციის 194 კლუბი ჩაერთო, აქედან 48 ჯგუფურ ეტაპზეა.

ჯგუფური ეტაპის წილისყრა 30 აგვისტოს მონაკოში გაიმართა. სწორედ მაშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ "ბეშიქთაშის" ნაცვლად თურქული კლუბის მიერ დამარცხებული "ტრომსო" დაეშვათ, ხოლო "ფენერბაჰჩეს" შემცვლელისთვის წილისყრა მოეწყო. ფორტუნამ არც "დილას" და არც "დინამოს" არ გაუმართლა - ჯგუფურ ეტაპზე "იღბლიანი დამარცხებულის" სტატუსით კვიპროსული აპოელ-ი მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი კლუბი თელ-ავივის "მაქაბი" მოხვდა ჯგუფურ ეტაპზე სხვისი დისკვალიფიკაციის ხარჯზე ("მეტალისტი").

12 ჯგუფის ორ-ორ გამარჯვებულს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 8 მესამეადგილოსანი დაემატება და პლეი ოფში ითამაშებს.

* ჯგუფური ეტაპის 48 გუნდი 27 ქვეყანას წარადგენს. შარშანდელი რეკორდი 25 ქვეყანა იყო.
* ყაზახეთის წარმომადგენელი პირველად არის ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე.
* 48 კლუბს 29 ეროვნების მწვრთნელი წვრთნის. ყველაზე მეტი პორტუგალიელი მწვრთნელია - 6.
* 3-3 წარმომადგენელი ჰყავთ რუსეთს, ესპანეთს, ინგლისს, უკრაინას, ბელგიას და პორტუგალიას.
* ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე 9 ქვეყნის ჩემპიონი თამაშობს. აქედან "მარიბორმა" და "ლეგიამ" თავიანთ ქვეყნებში დუბლი შეასრულეს.

ფავორიტები
საკლუბო კოეფიციენტის მიხედვით, 48 მონაწილეს შორის ყველაზე ძლიერი "ვალენსიაა", თუმცა მიროსლავ ჯუკიჩის გუნდს ახლა არ უდგას საუკეთესო პერიოდი და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეიტინგით მესამე "ტოტენჰემი" ფავორიტია. ანდრე ვილაშ-ბოაშმა გარეთ ბეილის გაყიდვით სერიოზული გუნდი ააწყო, რაც მან თბილისშიც დაამტკიცა.

ფავორიტთა შორის დავასახელებთ "ლიონს", "ეინდჰოვენს", "ფიორენტინას", "ლაციოს" და "სევილიას". ყველაზე დაბალი კოეფიციენტი ყარაღანდის "შახტიორს" აქვს, რომელმაც კინაღამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს უწია.

ქართველები ჯგუფურ ეტაპზე
მართალია, ქართული გუნდები ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდნენ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგისგან განსხვავებით, რამდენიმე ჩვენებურს ევროპალიგაში თამაში მოუწევს. ყაზანის "რუბინის" განაცხადშია მცველი საბა კვირკველია. "დნიპროს" ღირსებას იცავენ ალექსანდრე კობახიძე და ჯაბა კანკავა, "ანჟიშია" გია გრიგალავა, "ლეგიას" შეტევების ლიდერი ლადო დვალიშვილი გახლავთ. აი, სულ ეს არის.

იცით თუ არა, რომ...
1971 წლიდან მოყოლებული, ევროპალიგის (უეფას თასი) ყველა დროის სტატისტიკაში ყველაზე მეტი ქულა მოპოვებული მილანის "ინტერს" აქვს - 201. შემდეგ მოდის ლისაბონის "სპორტინგი" - 183 ქულა, ბელგიური "ბრიუგე" (165 ქ), "შტუტგარტი" (162) და ტურინის "იუვენტუსი" (158).

* ყველა დროის სტატისტიკაში საპატიო, 51-ე ადგილზეა თბილისის "დინამო" - 91 ქულით. თბილისის "დინამომ" 19 ტურნირში მიიღო მონაწილეობა. 86 მატჩიდან 39 მოიგო, 13 ფრედ დაასრულა და 34 წააგო; 117 გოლი გაიტანა და 130 მიიღო. 50-ეულში "დინამო" სწორედ ბურთების უარყოფითი ბალანსის გამო ვერ მოხვდა და ადგილი "დანდი იუნაიტედს" დაუთმო. შეგახსენებთ, რომ ეს ის ტურნირი არაა, სადაც თბილისელებმა გაიბრწყინეს და 1981 წელს ტიტულიც მოიგეს.

* რუსთავის "მეტალურგი" 273-ე პოზიციაზეა (18 ქულა); "ზესტაფონი" 337-ეა (12), "დილა" - 359-ე (11), "ვიტ ჯორჯია" 454-ე (7), "ლოკომოტივი" - 458-ე (7), ქუთაისის "ტორპედო" - 489-ე (6); "ამერი" - 515-ე (5); "მარგვეთი" - 660-ე (2); "გაგრა" - 664-ე (2); "ჩიხურა" - 688-ე (2); "კოლხეთი" - 706-ე (2); "სამტრედია" - 794-ე (0); "სიონი" - 826-ე (0).

* ყველა დროის სტატისტიკის მიხედვით, ამ ტურნირზე ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული ჯუზეპე ბერგომის (96).

* იმ ფეხბურთელთა შორის, რომელთაც 35 და მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული, აღნიშნულ ტურნირზე ქართველებიც არიან: შოთა არველაძე (45 მატჩი, 27 გოლი); ლევან კობიაშვილი (41 თამაში, 6 გოლი).

* ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შვედი ჰენრიკ ლარსონია - 40 გოლით; მეორე ადგილზე მოქმედი ფორვარდი რადამელ ფალკაოა 31 გოლით, თუმცა მისი "მონაკო" წლეულს ევროთასებზე არ მონაწილეობს. 30 გოლი აქვს კლაას-იან ჰუნტელაარს.

* სასიამოვნოა, რომ ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მე-5 ადგილზე შოთა არველაძეა 27 გოლით.

19 სექტემბერი

A ჯგუფი
ვალენსია-სუონსი 21:00
სტ. გალენი-ყუბანი 21:00

B ჯგუფი
დინამო ზ.-ჩერნომორეცი 21:00
პსვ-ლუდოგორეცი 21:00

C ჯგუფი
ზალცბურგი-ელფბორგი 21:00
სტანდარდი-ესბიერგი 21:00

D ჯგუფი
ვარეგემი-უიგანი 21:00
მარიბორი-რუბინი 21:00

E ჯგუფი
ფიორენტინა-ფერეირა 21:00
პანდურიი-დნიპრო 21:00

F ჯგუფი
აინტრახტი-ბორდო 21:00
მაქაბი თ.-აპოელ-ი 21:00

G ჯგუფი
დინამო კ.-გენკი 23:05
თუნი-რაპიდი 23:05

H ჯგუფი
ფრაიბურგი-სლოვანი 23:05
ეშტორილი-სევილია 23:05

I ჯგუფი
ბეტისი-ლიონი 23:05
გიმარაეში-რიეკა 23:05

J ჯგუფი
აპოლონი-ტრაბზონი 23:05
ლაციო-ლეგია 23:05

K ჯგუფი
შერიფი-ანჟი 23:05
ტოტენჰემი-ტრომსო 23:05

L ჯგუფი
პაოკ-ი-შახტიორი 23:05
მაქაბი ჰ.-ალკმაარი 23:05

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომ აგიჩემებიათ რომ ისტორიაში პირველად ორი გუნდი გვყავდა პლეიოფში? აეკი-დინამო და ბრიუგე- ზესტაფონის საპლეიოფო თამაშებიდან რომელს არ აღიარებთ?
1111
17:38 19-09-2013
0
გაასწორეთ. მეორედ იყო 2 ქართული გუნდი პლეიოფში
00014444
18:05 19-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული