დნიპრო VS სევილია - ჯაბა კანკავას შანსი, რვაწლიანი პაუზის შემდეგ

AutoSharing Option
* "დნიპრო" და "სევილია" ერთმანეთს პირველად ხვდებიან.
* "დნიპრო" ევროთასების ფინალში პირველია, მას ჯერ ტიტული არა აქვს.
* "სევილია" ევროპალიგის სამგზის გამარჯვებულია.
* მოგების შემთხვევაში ესპანური კლუბი ამ ტურნირის რეკორდსმენი იქნება.

მაშ ასე, დღეს პოლონეთის დედაქალაქში შანსი გვაქვს, 2007 წლის მერე პირველად, ქართველმა ფეხბურთელმა მოიგოს ევროთასი.

2007 წელს "მილანის" რიგებში კახა კალაძემ იმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე, დღეს კი ჯაბა კანკავას შეუძლია "დნიპროსთან" ერთად ევროპალიგა მოიგოს. ამისთვის ქართველმა და მისმა უკრაინულმა რაზმმა ესპანური "სევილია" უნდა დაამარცხოს...

მატჩი ვარშავის ეროვნულ სტადიონზე, თბილისის დროით
22:45 სთ-ზე დაიწყება.

თუკი "დნიპრო" მოიგებს, ეს უკრაინული კლუბის პირველი საერთაშორისო ტიტული იქნება, ხოლო 11 აგვისტოს ევროპის სუპერთასზე ჯაბა კანკავას ვიხილავთ. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩს "დინამო არენა" უმასპინძლებს.

მირონ მარკევიჩი (დნიპრო): "მართალია, ჩვენ არ გვქონდა გეგმაში, ამ სეზონში ფინალში გვეთამაშა, მაგრამ ნათქვამია, მადა ჭამაში მოდისო. მახსოვს, როცა 1/16-ფინალში "ოლიმპიაკოსი" დავამარცხეთ, იმედი გაგვიჩნდა, რომ ნახევარფინალამდე მივიდოდით.

პირადად ესპანური ფეხბურთის ფანი ვარ, ისევე, როგორც ძალიან ბევრი დღეს. მე მომწონს, თუ როგორ თამაშობს ესპანური გუნდი მოედანზე, მისი სათამაშო სტილი. ვფიქრობ, "სევილია" ძალიან ჰგავს "ნაპოლის" და ამის მიზეზი ისაა, რომ იტალიელებს ესპანელი მწვრთნელი ჰყავთ.

რომ გითხრათ, რომ ჩემი ფეხბურთელები არ ნერვიულობენ, მოგატყუებთ. მათზე დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი მსაჯი ჩასტვენს და თამაში დაიწყება, მათი ნერვიულობა გაივლის და ისინი ბოლომდე თავს დადებენ.

"სევილია" კარგი, შემტევი გუნდია. მეტოქეს შესანიშნავი ფორვარდები ჰყავს. ისინი იზრუნებენ, რომ რაც შეიძლება ბევრი საგოლე შანსი შეიქმნას ჩვენს კართან. სწორედ მეტოქეთა შემტევი პოტენციალი არის ჩვენი მთავარი თავისტკივილი.

მახარებს, რომ დღემდე "დნიპროს" დაცვა დიდებულად თამაშობდა და იმედია, ასე იქნება ფინალშიც. რა თქმა უნდა, ის, რომ გამარჯვებული მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, დამატებითი მოტივაციაა ორივე გუნდისთვის".

უნაი ემერი (სევილია): "როცა ორი ასეთი კლუბი თამაშობს ფინალს, ნებისმიერ დეტალს მნიშვნელობა აქვს. 90 წუთის განმავლობაში ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. 100%-ით მობილიზებულნი უნდა ვიყოთ, რომ ეს დეტალები ჩვენთვის სასიკეთოდ გამოვიყენოთ. "დნიპრო" ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია.

მეტოქეს ძალიან სოლიდური დაცვის ხაზი ჰყავს. უკრაინელებს კარგად შეუძლიათ პრესინგის შესრულება. მოკლედ, ეს ის ჩამონათვალია, რაც გუნდს ძალიან სახიფათოს ხდის ჩვენთვის.

"დნიპრო" მეტოქეს დიდ დისკომფორტს უქმნის. ხუანდე რამოსმა და მისმა ასისტენტებმა "დნიპროს" შესახებ ბევრი გვითხრეს. ამასთან, ჩვენ კარგად შევისწავლეთ მეტოქე, მისი მოქმედებები კარგად გავაანალიზეთ.

ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს და არ ვიცი წამალი, რომელიც ამ მატჩს მომაგებინებს, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვეცდებით ჩვენსას. დარწმუნებული ვარ, რომ ურთულესი დაპირისპირება გველის.

მაგრამ თუკი ტიტული გვსურს, თუკი გვსურს, ისტორიაში ჩავეწეროთ, ეს დიდი შესაძლებლობა და გამოწვევაა. პლუს ამას, ჩემპიონთა ლიგის საგზური, რომელსაც ლა ლიგაში ვერ შევწვდით, დამატებითი მოტივაციაა ჩვენთვის".

ევროპალიგა. ფინალი
27 მაისი. ვარშავა (პოლონეთი), "ნაროდოვი". 22:45
დნიპრო (უკრაინა)-სევილია (ესპანეთი)
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კრავჩენკო, ზოზულია, შახოვი (?) - ბეტო, პარეხა

სავარაუდო შემადგენლობები
დნიპრო (4-5-1): ბოიკო - ფედეცკი, დუგლასი, ჩებერიაჩკო, ლეო მატოსი - კანკავა, როტანი, ფედერჩუკი, მატეუსი, კონოპლიანკა - კალინიჩი
სევილია (4-2-3-1): რიკო - კოკე, კარიშო, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა - მბია, კრიხოვიაკი - ა. ვიდალი, ბანეგა, ვიტოლო - ბაკა
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩამშვები ხუან დე რამოსი.DDD
sabonis
15:05 27-05-2015
0
შახტარი იყო პირველი უკრაინული კლუბი, ვინც ევროთასი მოიგო
Giorgi
15:50 27-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული