6 ლეგიონერი გიორგი ნემსაძის გუნდში - ვინ არის ლუკა-სებასტიან შვარცი?

AutoSharing Option
24 თებერვლიდან ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე 10-დღიან შეკრებას მოაწყობს.

ვარჯიშების გარდა, დაგეგმილია ორი ამხანაგური მატჩიც: 2 მარტს თბილისის "ლოკომოტივის" 19-წლამდელებთან, ხოლო 4 მარტს იმავე ასაკის თბილისის დინამოელებთან.

მინსკის ტურნირისგან განსხვავებით, ნემსაძემ ბევრი ცვლილება განახორციელა და სიახლეა ისიც, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აქტიური მუშაობით, შესაძლებელი გახდა უცხოეთში მცხოვრები 6 ქართველი ფეხბურთელის გამოძახებაც.

საერთოდ კი, ნემსაძის სია 24-კაციანია:

ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), ლუკა ლომინაშვილი (რუსთავი), ზურაბ გიგაშვილი (ანკარაგიუჯუ, თურქეთი), ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია),
ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ლევან თოლორდავა (მერანი), შალვა მაღალდაძე (დინამო თბ), ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია), გივი მუკბანიანი (ტორპედო), შალვა ოგბაიძე (დინამო ბერლინი, გერმანია), ზურა დავითაშვილი (დინამო თბ), ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია), ზურა ბაქრაძე (ლოკომოტივი), გიორგი იაკობიძე (დინამო თბ), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ), ლუკა ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), ვახტანგ ბეზერაშვილი (ბარსელონა, ესპანეთი), საბა ჯინჭარაძე (შუქურა), ვანო გულხადარაშვილი (დინამო თბ).

ექვსი ლეგიონერი...
მას შემდეგ, რაც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა წარმატებით ვერ ითამაშა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე, ყველამ დავინახეთ ის, რაც ისედაც ვიცოდით - ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი ნემსაძეს მართლაც ბევრი აქვს სამუშაო.

ის ძიების პროცესს აგრძელებს. ამდენად, ძალიან საინტერესოა ახალი სანაკრებო სია. ჩვენი გუნდის წინაშე კონკრეტული ამოცანა დგას - მომზადებული უნდა შეხვდეს ოქტომბერში გასამართავ ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ რაუნდს, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს.

ძალიან საყურადღებო ფაქტია, რომ სანაკრებო სიაში ექვსი ლეგიონერია - ზურაბ გიგაშვილი (ანკარაგიუჯუ, თურქეთი), საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია), შალვა ოგბაიძე (დინამო ბერლინი, გერმანია), ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია) და ვახტანგ ბეზერაშვილი (ბარსელონა, ესპანეთი).

რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო კონტინგენტია. ვაკო გვილიას მაგალითმა ნათლად გვიჩვენა, რომ ჩვენ განუწყვეტლივ უნდა ვეძიოთ ქართველი ტალანტები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არიან მიმოფანტულნი.

რიგში კიდევ დგანან საინტერესო ფეხბურთელები. ჩვენი აზრით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს კიევის "დინამოს" შემტევის, გიორგი წიტაიშვილის ჩაყენება საქართველოს სამსახურში.

ზუსტად ვიცით, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე მოუსინჯა კბილი უკრაინის ასაკობრივი ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს. მართალია, ამას ჯერ შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ კიდევ უნდა ვცადოთ. თუ წიტაიშვილის საფეხბურთო ზრდა ასეთი ტემპით გაგრძელდა, დარწმუნებულნი ვართ, მოვა დრო და ის სასარგებლო ფეხბურთელი იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვისაც.

უნდა დავივიწყოთ...
17-წლამდელთა ნაკრები ქართული ფეხბურთის ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტია. რეალურად სწორედ ეს ნაკრებია პირველი, რომელიც ატარებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს. ამდენად, ფეხბურთელს უკვე აქვს მნიშვნელოვანი სტიმული იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრების ღირსება დაიცვას.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამოცანა კი ის არის, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ეძებოს საინტერესო ფეხბურთელი. ისიც ცხადია, რომ ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს, გარკვეულწილად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საკუთარ კარიერას იმ ქვეყანაში, სადაც ის თამაშობს.

ამიტომ ასეთ მოთამაშეს საქართველოს მხრიდან განსაკუთრებული დაფასება სჭირდება. ვინ იცის, რამხელა კვალს დატოვებდა უკრაინის ნაკრებში მიშა ფოცხვერია, საქართველო რომ არ აერჩია.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ მას ამ არჩევანის გამო კარიერა დაენგრა. დააფასა კი საქართველომ ფოცხვერია ისე, როგორც ის ამას იმსახურებდა? რა თქმა უნდა, არა! იმის მეასედითაც კი ვერა, რასაც იმსახურებდა.

აქ, უპირველეს ყოვლისა, ქართულ საფეხბურთო სამყაროს ვგულისხმობ, თორემ უბრალო ხალხმა ფოცხვერია ალალად შეიყვარა. ჩვენს ფეხბურთში მისთვის მხოლოდ უკიდურესზე უკიდურესი შეჭირვების ჟამს გამოიძებნა ადგილი და მაშინაც კი ისეთი არა, როგორსაც ფოცხვერიას საფეხბურთო წარსული იმსახურებდა.

ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიმუშაოთ ერთიანი მიდგომა იმ ფეხბურთელების მიმართ, რომლებიც სანაკრებო ასპარეზზე საქართველოს სახელის დაცვას გადაწყვეტენ. თავის მხრივ, ფეხბურთელიც დროულად უნდა ჩამოყალიბდეს. მოკლედ, ეს ორი ფაქტორი მჭიდროდაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული.

ფეხბურთელმა უნდა იცოდეს, რომ თუ ის საქართველოს სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს, მიიღებს სერიოზულ მხარდაჭერას არა მხოლოდ ჩვენი გულშემატკივრის, არამედ ჩვენი ფეხბურთის მმართველი წრისგანაც.

ფაქტია: ოფიციალურად არავინ გეტყვის ამას და შეიძლება არც არავინ გაგრძნობინოს, მაგრამ, როცა შენ თმობ იმ ქვეყნის მოქალაქეობას, სადაც ჩამოყალიბდი ფეხბურთელად და ირჩევ სხვა ქვეყანას, იქ შენ მიმართ დამოკიდებულება იცვლება.

აქ ყველაფერი ძალიან მარტივია: იმ ქვეყანამ, რომლის სასარგებლოდაც შენ გააკეთე არჩევანი, ნამდვილ შვილად უნდა მიგიღოს. იმედია, ამ ბიჭების შემთხვევაში ეს სწორედ ასე იქნება. იქამდე კი მათ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ნემსაძის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ...

გიორგი ნემსაძე: დიდი იმედი მაქვს, ისინი ნაკრებს გააძლიერებენ...
მოახლოებულ შეკრებაზე, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების გეგმებზე, გუნდში მოწვეულ ლეგიონერებზე გვესაუბრება ნაკრების თავკაცი გიორგი ნემსაძე.

- თავდაპირველად, მოახლოებულ შეკრებაზე გკითხავთ. რა კონკრეტულ მიზანს ისახავს "ბასაზე" დაგეგმილი შეკრება?
- მოგეხსენებათ, ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩები გველის. ჩვენი მიზანი და ამოცანაა, შესარჩევი ციკლის დაწყებამდე საქმეში ვნახოთ ჩვენთვის საინტერესო ყველა ფეხბურთელი. არავინ უნდა გამოგვრჩეს და ამის უფლება არც გვაქვს. მიმდინარეობს სელექცია და ეს შეკრება სწორედ ამ პროცესის ნაწილია, დაგეგმილია ამხანაგური მატჩები... იმედია, ახალი ფეხბურთელები ნაკრებს გააძლიერებენ.

- შესარჩევი ციკლის დაწყებამდე რა სპარინგები ელოდება ნაკრებს?
- ვითამაშებთ უკრაინაში, ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირზე. ასევე დაგეგმილია თბილისური ამხანაგური მატჩი ირლანდიის 17-წლამდელთა ნაკრებთან. საერთოდ, ამ ასაკში ლავირების მეტი საშუალებაა. სისტემა უფრო მოქნილია და აუცილებლად ვაპირებთ ამით სარგებლობას.

- ნაკრებში ექვსი ლეგიონერია. ალბათ, ბევრი მუშაობა დაგჭირდათ, სანამ საქართველოს ნაკრებში მათი თამაში გადაწყდებოდა...
- მართლაც ბევრი ვიმუშავეთ, ამის თქმა გადაუჭარბებლად შემიძლია. ზოგიერთი ოჯახი უკვე წლებია, საქართველოდან წასულია. ასეთ შემთხვევებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოჯახების პოზიცია.

- თუ შეიძლება, ცალკე გვიამბეთ ლეგიონერების თაობაზე...
- სიამოვნებით. ზურაბ გიგაშვილი თურქულ "ანკარაგიუჯუში" თამაშობს. ამპლუით ცენტრალური მცველია, თუმცა შეუძლია მარცხენა მცველად თამაშიც. მცველია ბელგიის "ბევერენში" მოთამაშე საბა ჭინჭარაულიც. ცოტნე ბენდიანიშვილი ნახევარმცველია და ისიც ბელგიაში, კერძოდ, "კორტრაიკში" თამაშობს...

ძალიან საინტერესო ფეხბურთელია ლუკა-სებასტიან შვარცი. ის მამით გერმანელი და დედით ქართველია, თამაშობს ტრადიციებით მდიდარ გერმანულ კლუბ "კარლსრუეში", არის შემტევი ნახევარმცველი, შეუძლია თამაში ფლანგებზეც. ის გერმანიაში ტალანტად ითვლება. ასევე გერმანიაში, კერძოდ, ბერლინის "დინამოში" ასპარეზობს შალვა ოგბაიძე. ის შემტევი სტილის ფეხბურთელია.

"ბარსელონას" ასაკობრივ გუნდშია ვახტანგ ბეზერაშვილი. მარტო "ბარსელონას" სკოლის ფაქტორიც კი უკვე შესანიშნავი რეკომენდაციაა...

ვიცით, რომ უცხოეთში კიდევ არიან ჩვენთვის საინტერესო ფეხბურთელები და ყველანაირად ვეცდებით, თითოეული მათგანის შესაძლებლობები საქმეში ვნახოთ.

- ვფიქრობთ, ამ ბიჭების იმედი შეიძლება მართლაც გვქონდეს - ისინი კარგ კლუბებში თამაშობენ...
- ეს მართლაც ასეა, მაგრამ ჩემთვის არასოდეს ყოფილა გადამწყვეტი ის, თუ რომელ კლუბს წარმოადგენს ფეხბურთელი. შეიძლება შედარებით უსახელო გუნდში იყოს მოთამაშე და ჩემი დავალება ბოლომდე შეასრულოს.

- რა თქმა უნდა, ძიების პროცესი კიდევ გაგრძელდება, თუნდაც საქართველოში...
- მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით ვთქვა, რომ საქართველოს ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. ჩვენ ვაგრძელებთ სელექციას, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ როცა მოახლოვდება შესარჩევი ტურნირი, ძირითადი ბირთვი უკვე ჩამოყალიბებული უნდა გვყავდეს. მაქსიმალურად დავესწრები საქართველოს მასშტაბით გასამართავ ყველა ტურნირს. ეს არის ძალიან სპეციფიკური ასაკი. შეიძლება უცბად მოუმატოს ფეხბურთელმა.

- რა თქმა უნდა, შესარჩევ ციკლში მაღალ მიზანს დაისახავთ...
- ჩვენი მიზანი ჯერ ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გასვლაა. ამისთვის მაქსიმუმს გავიღებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
კითხვბიც აღარ არსებობს , ნათელია ბოლოდე რას და ვის ემსახურება გიორგი ნეამსაძე .
0
სხვაზე ბევრად ძლიერი უნდა იყო და ვერ დაგჩაგრავენ,ისე ყოველთვის იარსებებს გამართლება,საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩენა,ვინმეს რეკომენდაცია და თანაბარი დონის შემთხვევაში მიკერძოებულობაც.
მალხაზი
17:10 25-02-2017
0

სიახლეები პოპულარული