გიორგი ნემსაძე: შვარცს შეუძლია, ნაკრები გააძლიეროს

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის თბილისური შესარჩევი ციკლისთვის (რომელშიც ჩვენი გუნდის მეტოქეები იტალიის, ჩერნოგორიისა და ლატვიის ჭაბუკთა გუნდები იქნებიან) ემზადება, შეკრება დაასრულა.

შეკრება, სხვა ფაქტორებთან ერთად, იმითაც იყო საინტერესო, რომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ უშუალოდ საქმეში ნახა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოასპარეზე 6 ლეგიონერი - ზურაბ გიგაშვილი (ანკარაგიუჯუ, თურქეთი), საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია), შალვა ოგბაიძე (დინამო დრეზდენი, გერმანია), ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია) და ვახტანგ ბეზერაშვილი (ბარსელონა, ესპანეთი).

"ლელოსთან" ინტერვიუში გიორგი ნემსაძემ შეკრება შეაჯამა...

-
მოდით, ჯერ საერთო შეფასებით დავიწყოთ...

- ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ოქტომბერში გვიწევს და ჩვენი მიზანია, გუნდის ძირითადი ბირთვი ჩამოვაყალიბოთ. ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გუნდის ძირითადი ბირთვი უკვე ჩამოყალიბებულია. რა თქმა უნდა, გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და შეიძლება იყოს ცვლილებები, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ წერტილოვანი ცვლილებები. ფეხბურთელებზე დაკვირვების პროცესი კი ყველა შემთხვევაში გაგრძელდება. დავაკვირდებით როგორც საქართველოს ჩემპიონატში, ისე უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელებს...

ნაკრები სპეციფიკური თემაა. მისი კარი მუდამ ღია უნდა იყოს ყველასთვის. ხომ შეიძლება, ვიღაცამ მოუმატოს, ვიღაცამ კი მოუკლოს. თანაც, ეს განსაკუთრებული ასაკია, ასე ვთქვათ - საფეხბურთო გარდატეხის ასაკი. შეიძლება, დღეს ვერ იყოს ფეხბურთელი მაღალ დონეზე, მაგრამ ხვალ მოუმატოს.

- შეკრებაზე ორი საკონტროლო თამაში ჩაატარეთ...
- "ლოკომოტივისა" და "დინამოს" 19-წლამდელებს გავეჯიბრეთ. ისე კი, შეგვეძლო, ჩვენს თანატოლებთან, 17-წლამდელებთან გვეთამაშა, მაგრამ ჩემი აზრით, სწორად მოვიქეცით, ბიჭები ორი წლით უფროსებთან რომ გავაჯიბრეთ. ამ მატჩებში უკეთ გამოჩნდა, ვის რა შეუძლია. თანაც, საქართველოში მოთამაშე 17-წლამდელები, ვინც საუკეთესოები იყვნენ, ყველა მივიწვიეთ და რეალურ სურათს ვერ დავინახავდით. მართალია, ორივე მატჩი წავაგეთ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვის შედეგი მთავარი არ არის, მთავარი ისაა, ოქტომბრისთვის მზად ვიყოთ.

- საინტერესოა, რა შთაბეჭდილება დატოვეს ლეგიონერებმა?
- დავიწყოთ იქიდან, რომ მათი უმრავლესობა ჩვენს ასაკზე ერთი წლით პატარაა. პირდაპირ უნდა გითხრათ - მათი თამაშითა და საქმისადმი მიდგომით კმაყოფილი ვარ. უბრალოდ, ამ ასაკში, თუნდაც ერთ წელს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იყო მომენტები, როცა ბიჭებს ძალა და სისწრაფე აკლდათ და ეს ბუნებრივია. ჩვენ მათზე დაკვირვებას ვაგრძელებთ. ვინც ამ კომპონენტებში მოუმატებს, ითამაშებს ჩვენთან, ვინც ვერა და, საგანგაშო არაფერია - მომავალი ფორმაციის ნაკრებშიც მოუწევთ თამაში.

- შეკრებაზე გამოძახებული გყავდათ "კარლსრუეში" ლუკა-სებასტიან შვარცი, დედით ქართველი და მამით გერმანელი ფეხბურთელი. რას იტყვით მის შესახებ?
- არ მინდოდა, დაკონკრეტება, მაგრამ რადგან მკითხეთ, გიპასუხებთ. შვარცმა ჩემზე ცალსახად დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. ის ამპლუით მარცხენა ნახევარმცველია, თამაშობს მარტივად, გუნდურად და ეს სრულად ჯდება ჩვენს მონახაზში.

- თუ გაქვთ შერჩეული და დამუშავებული მთავარი ტაქტიკური სქემა?
- ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი ტაქტიკური სქემა. ხანდახან სათამაშო მოდელი მეტოქის მიხედვითაც უნდა შეარჩიო. შესაბამისად, ჩვენ ვსწავლობთ და ვაკვირდებით მეტოქეებს. ცხადია, ისინიც ანალოგიურ პროცესში არიან...

- ნაკრების უახლოესი გეგმები როგორია?
- აპრილის ბოლოს ვითამაშებთ ბელარუსის საერთაშორისო ტურნირზე. აქამდე, ჩვენზე უფროსებთან ვთამაშობდით, რადგან მინდოდა, მათთან თამაშში უკეთ დამენახა ჩვენი გუნდის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ბელარუსში კი უკვე ჩვენს თანატოლებთან ვიასპარეზებთ.

- შეძელით თქვენი მოთხოვნების ფეხბურთელებამდე მიტანა?
- ვფიქრობთ, შევძელით. საწვრთნელი პროცესის მიმდინარეობით კმაყოფილი ვარ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
დარცმუნებული ვარ,ეს გუნდი,სჰესარცჰევ ეტაპს გადალახავს და ელიტრაუნდსჰი გავა. ცარმატებებს უსურვებ ამ გუნდს...
zura
12:18 19-03-2017
0
ვაი თქვენს პატრონს, აინტერესოა ბირთვში ვის მოიაზრებს ეგეც გამოჩნდება და შედეგიც
0

სიახლეები პოპულარული