საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. გიორგი ყიფიანის გუნდი, 25 და 27 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე, რუსეთს ეთამაშება. საქართველო წლეულს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და ეს ორი სპარინგიც ამ ტურნირისთვის მზადების პროგრამითაა გათვალისწინებული.
19-წლამდელთა ნაკრებში რამდენიმე ახალი ფეხბურთელია, რომლებსაც ყიფიანმა და ფეხბურთის ფედერაციამ უცხოეთში მიაკვლიეს...
დღეს "ლელო" საბა ჯიქიაზე მოგითხრობთ.
საბა პოლონური "რუხის" დუბლშემადგენლობის თავდამსხმელი გახლავთ. ის საქართველოს ნაკრებში ნათამაშები მამუკა ჯიქიას შვილია, რომელიც თავად თამაშობდა ხოჟუველთა ფორმით 1997-2002 და 2007
"ევროსპორტის" პოლონურენოვან გვერდზე ქართველ თავდამსხმელზე საინტერესო ინფორმაციას მივაგენით, სათაურით - "ჯიქია ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს". როგორც დავადგინეთ, საბა ჯიქია "რუხის" დუბლშემადგენლობაში ერთი წლის განმავლობაში ვარჯიშობდა, მაგრამ ოფიციალურად, გუნდში 2016 წლის დეკემბერში ჩაირიცხა.
"10 წლის განმავლობაში პოლონეთის ექსტრაკლასას კლუბ ხოჟუვის "რუხში" მამია ჯიქია თამაშობდა, სადაც ახლა ოჯახურ ტრადიციას მისი შვილი - საბა გააგრძელებს. 17 წლის ფეხბურთელის მიზანი დასავლეთ ევროპაში მოხვედრაა, სადაც მისთვის სამაგალითო ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი თამაშობს".
"2008 წელს, როცა პოლონეთის ლიგაში თამაში დავასრულე, ოჯახით სამშობლოში დავბრუნდი, - ამბობს მამია ჯიქია. - ბავშვები სკოლაში შევიდნენ და მეც მუშაობა დავიწყე.
პოლონეთში დაბრუნების იდეა კი საბას უკავშირდება. ის თავიდან თბილისის "დინამოს" აკადემიაში ვარჯიშობდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი წინსვლისთვის პოლონეთში თამაში აჯობებს. ეგაა, თამაშის უფლების მისაღებად ფიფასგან თანხმობას ნახევარი წელი ველოდით, მანამდე კი მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში თამაშის უფლება ჰქონდა.
პოლონეთში ბევრი მეგობარი მყავს. ისინი ძალიან დაგვეხმარნენ. თავად მე კი სამწვრთნელო ლიცენზიის აღება და მუშაობა მსურს".
ქართველმა ვეტერანმა სამშობლო პირველად 19 წლის ასაკში დატოვა და საერთაშორისო კარიერა ავსტრიული ლინცის ლასკ-ში დაიწყო. მისი აზრით, ბოლო წლებში პოლონეთის ლიგის დონე და ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა:
"პოლონეთში ყველაფერი სწრაფად განვითარდა, სპორტული ინფრასტრუქტურაც და სწავლების მეთოდებიც უფრო მიზანმიმართული გახდა. მაგალითად, საქართველოში საბას გუნდი თანატოლებს 8:0 და 14:0 უგებდა, რადგან კონკურენცია არაა. შედეგად, ახალგაზრდა სპორტსმენები სასურველ დონემდე ვერ იზრდებიან. პოლონეთში ჩამოსვლაც ამიტომ გადავწყვიტეთ".
საბა პოლონეთში გადასვლით კმაყოფილია:
"აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მეორე წელია, რაც ჩამოვედი და აშკარაა, რომ ფიზიკური და ტექნიკური თვალსაზრისით, საგრძნობლად მოვუმატე. მინდა, ჩვენმა გუნდმა მუდამ საუკეთესო ადგილებისა და ტიტულებისთვის იბრძოლოს. თუმცა ჩემი მიზანი მაინც დასავლეთ ევროპაში თამაშია".
მამია ჯიქიას აზრით, ახალგაზრდა თავდამსხმელის განვითარებისთვის გადამწყვეტი იქნება მომდევნო ორი წელიწადი:
"მე ვიცი საბას შესაძლებლობები და მიხარია, რომ მწვრთნელებიც მასში კარგი თავდამსხმელის პოტენციალს ხედავენ. საბას მუშაობა უყვარს და იცის, რომ თანამედროვე ფეხბურთში ადგილის დამკვიდრება იოლი არ არის და რომ საამისოდ, დიდი ბრძოლა და შრომა დასჭირდება.
როცა მე ვთამაშობდი, სამშობლომდე, მინსკის ან კიევის გავლით, ორდღიანი მგზავრობა მჭირდებოდა. საბედნიეროდ, ახლა ბევრი რამ შეიცვალა, ბოლო წლებში, საჰაერო მიმოსვლა საქართველოშიც განვითარდა და ხოჟუვიც უფრო "დაუახლოვდა" საქართველოს. ახლა ჩვენი თვითმფრინავები კატოვიცეშიც დაფრინავენ და სამ საათში სახლში ვართ.
ასე რომ, როცა ძალიან გვჭირდება, სამშობლოში ჩასვლა ყოველთვის შეგვიძლია".