ქართველი 17– წლამდელები „კუშადასის თასზე“ დაუმარცხებლად ასპარეზობენ

AutoSharing Option
საქართველოს 17- წლამდელთა ნაკრები, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის, თურქეთში, "კუშადასის თასის" გათამაშებაზე იმყოფება. ვასილ მაისურაძის გუნდი ბ-ჯგუფში  სტამბოლის, აღმოსავლეთ თურქეთისა და მაკედონიის გუნდებთან ერთად ასპარეზობს.

17- წლამდელებმა პირველი შეხვედრა მაკედონიელ თანატოლებთან გამართეს და დამაჯერებლად - 3:0 გაიმარჯვეს. გატანილი გოლები დავით ჯიქიას (5 წთ), ილია კერძევაძისა (14 წთ) და ალეკო მზევაშვილის (40 წთ) ანგარიშზეა.

მეორე შეხვედრა ჩვენს გუნდს აღმოსავლეთ თურქეთის ნაკრებთან ჰქონდა. ილია კერძევაძის მიერ მე-19 წუთზე გატანილი გოლით, ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი ტაიმი მოიგეს. თუმცა, მეორე ტაიმის 67-ე წუთზე, მეტოქემ ანგარიშის
გათანაბრება შეძლო და მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.

დღეისათვის, 4 ქულითა და ბურთების უკეთესი შეფარდებით, საქართველოს ნაკრები ჯგუფის პირველადგილოსანია. ასევე 4 ქულა აქვს აღმოსავლეთ თურქეთის ნაკრებს და ეს გუნდი მეორე ადგილზეა.

დღეს, 17- წლამდელები დაისვენებენ. 10 მარტს კი, ისინი სტამბოლის ნაკრებს დაუპირისპირდებიან და სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ შეხვედრას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ექნება.

ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ფინალში ითამაშებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გუნდი მეორე ადგილზე გავა, მესამე-მეოთხე ადგილებისთვის ითამაშებს.

17- წლამდელთა ნაკრები გუნდის მენეჯერის, გიორგი კაციტაძის თქმით, გუნდებს თამაში საშინელ კლიმატურ პირობებში, ფაქტობრივად, ქარიშხალში უწევთ, რაც თამაშს ძალიან ართულებს და მის ხარისხზეც შესამჩნევად მოქმედებს. საქართველოს ნაკრები გუნდის სამწვრთნელო შტაბი კი,  თურქი მსაჯების გარჯით ერთხმად უკმაყოფილოა.


მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით



.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული