17-წლამდელთა წარმატებული სტარტი თურქეთში

AutoSharing Option
რომ არ დაგაბნიოთ, შესავალში განვმარტავთ, თუ რატომ ჰყავს საქართველოს და საერთოდ, ყველა ევროპულ ქვეყანას 17-წლამდელთა ორი ნაკრები. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდს, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდშია გასული და იქ მარტის ბოლოს ითამაშებს, კარგად იცნობთ. ეს გუნდი 1994 წელს დაბადებული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, 17-წლამდელთა მომდევნო თაობა კი 1995 წელს დაბადებული მოთამაშეებისგან შედგება და მას ვასილ მაისურაძე წვრთნის. ეს გუნდი ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე გასასვლელად ბრძოლას შემოდგომაზე დაიწყებს. იქამდე არცთუ დიდი დროა დარჩენილი და ნაკრებიც აქტიურად ემზადება.

მაისურაძის გუნდი ორიოდე დღის წინ თურქეთის ქალაქ
კუშადასის საერთაშორისო ტურნირში ჩაერთო და დებიუტი წარმატებული გამოუვიდა. სასტარტო მატჩში ქართველებმა დავით ჯიქიას, ილია კერძევაძისა და ალექსანდრე მზევაშვილის გოლებით მაკედონიის 17-წლამდელთა ნაკრები 3:0 გაანადგურეს.

გუშინ კი ჩვენი გუნდი აღმოსავლეთ თურქეთის ნაკრებს შეხვდა და ფრედ, 1:1 ითამაშა. პირველი ტაიმი მაისურაძის გუნდმა კერძევაძის გოლით მოიგო, მაგრამ თურქებმა შეხვედრის მეორე ნახევარში ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.

"კუშადასის თასზე" ორ ჯგუფად გაყოფილი რვა გუნდი მონაწილეობს და ჯგუფების გამარჯვებულები პირდაპირ ფინალში გადიან, მეორეადგილოსნები კი ერთმანეთს ტურნირის მესამე ადგილისთვის შეხვდებიან. გუშინდელი მატჩის მოგების შემთხვევაში, ქართველები ფინალისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამდნენ, მაგრამ ამის კარგი შანსი ახლაც აქვთ. ბოლო ტურის წინ ჩვენი გუნდი ჯგუფის ლიდერია და აღმოსავლეთ თურქეთის ნაკრებს გატანილ-მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს. დღეს საქართველოს ნაკრები სტამბულის ნაკრებს დაუპირისპირდება და სასურველია, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით გაიმარჯვოს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული