გუშინ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო, გადამწყვეტი მატჩი ითამაშა. ვასილ მაისურაძის გუნდი სტამბოლის ნაკრებს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად - 3:1 გაიმარჯვა. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე A ჯგუფის პირველადგილოსანი - დასავლეთ თურქეთის ნაკრები იქნება.
ფინალური შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა და ნიკა ახვლედიანის გოლით, პირველი ტაიმი მათ 1:0 მოიგეს. მეორე ტაიმში,
გუნდის მთავარი მწვრთნელის თქმით, ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქე პირწმინდად დაჩაგრეს და კიდევ არაერთი ბურთის გატანა შეეძლოთ, როცა ოთხჯერ, მეტოქის კარი ძელმა იხსნა.
ვასილ მაისურაძე: "შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. უბრალოდ, ბიჭები ძალიან გადაიღალნენ, რადგან ამ ტურნირზე, ოთხი დღის ინტერვალში სამი თამაში ითამაშეს, ეს დატვირთული რეჟიმი მათთვის უცხო იყო და დღევანდელ მატჩში დაღლა აშკარად დაეტყოთ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ თითქმის მაქსიმალურად შეასრულეს ყველა ის დავალება, რაც მივეცით და ბოლომდე თავგანწირვით ითამაშეს, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი.
საკმაოდ მაღალი დონის ტურნირია და უბრძოლველად არავინ არაფერს თმობს. დონეც საკმაოდ მაღალია. ტექნიკური მომზადებითა და საფეხბურთო აზროვნებით არავის ჩამოუვარდებით, მაგრამ მთავარი სამუშაო და გამოსასწორებელი რაც გვაქვს, ესაა ფიზიკური მომზადება. მეტოქეებთან შედარებით, აშკარად გვეტყობა, რომ ამ კომპონენტში მოვიკოჭლებთ.
თუმცა, ფინალში გასვლამ ბიჭები ისე გაახარა, რომ გარწმუნებთ, ყველაფერს გააკეთებენ ჩემპიონობის მოსაპოვებლად და გულშემატკივარს ვპირდებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ."
სფფ-ს პრესსამსახური
.