ქართველი 17-წლამდელები თბილისში 22 მარტამდე ინტენსიურად ივარჯიშებენ, 22-ში კი საფრანგეთში გაფრინდებიან და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდისთვის მზადებას იქ განაგრძობენ. სავარაუდო იყო, რომ მადრიდში ესპანელ 17-წლამდელებთან ჩატარებული ორი საკონტროლო მატჩის შემდეგ ჩვენს გუნდს სპარინგ-პარტნიორები კიდევ გამოუჩნდებოდნენ, მაგრამ გაირკვა, რომ ელიტრაუნდის სტარტამდე საქართველოს ნაკრები მხოლოდ ვარჯიშით შემოიფარგლება.
"მზადების ინტენსიური პროგრამა შევადგინეთ, რათა ელიტრაუნდს ოპტიმალური კონდიციებით შევხვდეთ.
დაბრკოლებაში მან, უპირველესად, ფეხბურთელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა იგულისხმა. საბედნიეროდ, დღეისთვის ნაკრების ყველა წევრი თავს კარგად გრძნობს და ღმერთმა ქნას, ელიტრაუნდს ოპტიმალური შემადგენლობით შევხვდეთ.
ჟორჟიკაშვილი იმითაც კმაყოფილია, რომ ბოლო დღეებში ჩვენი ჯგუფის მასპინძლისა და ფავორიტის, საფრანგეთის ნაკრების მატჩების ვიდეოჩანაწერების მოპოვება და ნახვა შეძლო. ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ფრანგთა ბოლო სამი ოფიციალური შეხვედრის ჩანაწერი აქვს, მეტოქის თამაშებს ფეხბურთელებსაც აჩვენებს და ამ გუნდის დადებით და უარყოფით მხარეებზე ესაუბრება. საფრანგეთის 17-წლამდელთა ნაკრები პირველ შესარჩევ ეტაპზე კვიპროსთან ერთად თამაშობდა და სწორედ ამის გამოისობით ჟორჟიკაშვილს "სამფეროვანთა" ვიდეოჩანაწერები ჩვენი ეროვნული ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ მიაწოდა.
შეგახსენებთ, კიდევ ერთ მეტოქეს, ბელარუსს, საქართველოს ნაკრები შარშან პალანგის საერთაშორისო ტურნირზე შეხვდა და ჩვენი გუნდის თავკაცებს ამ გუნდზე სხვა ინფორმაციებიც აქვთ, ნორვეგიას კი ჟორჟიკაშვილი და მისი ასისტენტები უშუალოდ საფრანგეთში დააკვირდებიან.
დღეიდან შეკრებაზე ნაკრების 16 წევრი გადავა, ბაიერნელი ლუკას ჰუფნაგელი და ბეერსხოტელი ნიკა ტარყაშვილი კი თანაგუნდელებს პირდაპირ საფრანგეთში შეურთდებიან. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი მათი მომზადების მაღალ დონეში დარწმუნებულია. "ბაიერნისა" და "ბეერსხოტის" 17-წლამდელთა მწვრთნელებმა ქართული მხარის თხოვნა გაითვალისწინეს და ჰუფნაგელსა და ტარყაშვილს ელიტრაუნდამდე დარჩენილ პერიოდში ზომიერად ტვირთავენ.
როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანური ვოიაჟის შემდეგ ჩვენი გუნდის 18-კაციან შემადგენლობაში ცვლილებები აღარ მომხდარა და საქართველოს ნაკრების საელიტრაუნდე განაცხადი ასეთი იქნება:
მეკარეები: გაბრიელ თებიძე (ოლიმპი), გიორგი ბერია (მერანი, მარტვილი);
მცველები: დაჩი ცნობილაძე (ოლიმპი), სულხან კახიძე (ქობულეთი), ნიკა სანდოხაძე (დინამო), ცოტნე მონიავა (მერანი, მარტვილი), სანდრო ჭიღვარია, დავით მთივლიშვილი (ორივე - 35-ე საფეხბურთო სკოლა);
ნახევარმცველები: ლუკას ჰუფნაგელი (ბაიერნი), გოგი გოგიჩაიშვილი (ქუთაისი), ავთანდილ ენდელაძე (ბაია), ნიკა დიასამიძე (ბათუმი), თეიმურაზ მარკოზაშვილი (მერანი, თბილისი), შალვა ექვთიმიშვილი (35-ე საფეხბურთო სკოლა);
თავდამსხმელები: ბაჩანა არაბული (ოლიმპი), გურამ სამუშია (ბაია), გიორგი ფანცულაია (ოლიმპი), ნიკა ტარყაშვილი (ბეერსხოტი).
ახლა კი ელიტრაუნდში ჩვენი ჯგუფის კალენდარსა და მსაჯებს გადავხედოთ. შეგახსენებთ, ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს. პირველი ტურის მატჩი საფრანგეთისა და საქართველოს 17-წლამდელთა შორის ნანტის მთავარ სტადიონ "ლა ბოჟუარზე" ჩატარდება. სხვათა შორის, ამავე არენაზე 2007 წელს ამ ქვეყნების ეროვნულმა ნაკრებებმა ითამაშეს. ის მატჩი ფრანგთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
25 მარტი
ნორვეგია-ბელარუსი
სენტ ჰერბლაინი, "ვალ დე შეზინი"
არბიტრი: შ. მარჩინიაკი (პოლონეთი)
საქართველო-საფრანგეთი
ნანტი, "ლა ბოჟუარი"
არბიტრი: ა. სიდროპულოსი (საბერძნეთი)
27 მარტი
ბელარუსი-საქართველო
ვინიო დე ბრეტანი, "მუნისიპალი"
არბიტრი: ა. სიდროპულოსი (საბერძნეთი)
ნორვეგია-საფრანგეთი
ნანტი, "მარსელ სოპინი"
არბიტრი: დ. მაკელი (ჰოლანდია)
30 მარტი
საქართველო-ნორვეგია
ნანტი, "მარსელ სოპინი"
არბიტრი: დ. მაკელი (ჰოლანდია)
საფრანგეთი-ბელარუსი
კარკეფუ, "მულინ ბოისო"
არბიტრი: შ. მარჩინიაკი (პოლონეთი)