სიტი გაირკვევა, ელიტაში არ შევრცხვებით

AutoSharing Option

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდისთვის მზადებას განაგრძობს. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი საფრანგეთში 23 მარტს გაემგზავრება, მანამდე კი ყოველდღიურად ვარჯიშობს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.
გუნდის ლიდერი ბაჩანა არაბული ელიტრაუნდის წინ იმედიანადაა განწყობილი. სანამ სანაკრებო თემაზე გადავიდოდით, მას “მანჩესტერ სიტიში” რამდენიმედღიანი სინჯების შესახებ ვკითხეთ.

- როგორ და როდის დაინტერესდა შენით “სიტი”?
- კლუბის სკაუტები შარშან, შემოდგომაზე თბილისში იმყოფებოდნენ და აქ გამართული პირველი შესარჩევი ეტაპის მატჩებს დაესწრნენ. მათ ჩემი თამაში მოეწონათ, მოგვიანებით ჩემს კლუბ “საბურთალოს” დაუკავშირდნენ და სინჯებზე მიმიწვიეს.
- მანჩესტერიდან
როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდი?
- იქაურობით აღფრთოვანებული დავრჩი, “სიტის” ბრწყინვალე ბაზა და ინფრასტრუქტურა აქვს. თბილად დამხვდნენ და შეეცადნენ, რომ იქ მალე გავშინაურებულიყავი. ვივარჯიშე “სიტის” საფეხბურთო აკადემიის გუნდშიც და დუბლშემადგენლობაში.
- საკონტროლო მატჩში ხომ არ მიგიღია მონაწილეობა?
- საკონტროლოში არა, მაგრამ ორმხრივი თამაში მათამაშეს, რომელიც 1:1 დასრულდა და ერთი გოლი მე გავიტანე.
- იქაურ დატვირთვებთან ან სტილთან შეგუება ხომ არ გაგჭირვებია?
- არა, ფიზიკურად კარგად ვარ მომზადებული და იქაურებთან მოედანზე საერთო ენა იოლად გამოვნახე.
- “სიტიში” ჩარიცხვის როგორი შანსები გაქვს?
- შანსი ნამდვილად მაქვს, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. მწვრთნელმა პირადად მითხრა, რომ მოვეწონე, მაგრამ ისიც დაამატა, რომ ეს საკითხი მხოლოდ მისი გადასაწყვეტი არა არის. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იმედიანად ვარ.
- კიევის “დინამოში” შენი ჩარიცხვაც შესაძლებელია?
- არც ეს საკითხი მოხსნილა დღის წესრიგიდან, ყველაფერი მალე გაირკვევა.
- უმნიშვნელოვანეს სანაკრებო პერიოდს როგორი ფორმით ხვდები?
- შემიძლია ვთქვა, რომ ასი პროცენტით მზად ვარ. იგივეს ვიტყოდი მთელ გუნდზეც. ელიტრაუნდს ყველანი ოპტიმისტურად ვხვდებით და გვჯერა, რომ ფინალურ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია.
- მწვრთნელებმა მეტოქეთა მატჩების ვიდეოჩანაწერი უკვე გაჩვენეს?
- ჯერ არა, მაგრამ საფრანგეთის ნაკრების შეხვედრებს მალე ვნახავთ. ფრანგები, ალბათ, ჩვენი ყველაზე სერიოზული მეტოქეები არიან, თუმცა დაუმარცხებელი გუნდი ნამდვილად არ ჰყავთ. ამაზე თუნდაც ის მიუთითებს, რომ ეს გუნდი ელიტრაუნდში არცთუ დამაჯერებელი შედეგებით მოხვდნენ. თანაც, სახელიანი გუნდების კომპლექსი ნამდვილად არ გვაქვს – ინგლისსა და ესპანეთთან ტოლ-სწორად გვითამაშია. თუმცა ძალიან კარგად გვესმის, რომ საფრანგეთსაც, ნორვეგიასაც და ბელარუსსაც ძლიერი ნაკრებები ჰყავთ – სხვაგვარად ელიტაში ვერ მოხვდებოდნენ.
- ესპანეთთან არწაგება რის ხარჯზე შეძელით?
- ამას დიდი მონდომების წყალობით მივაღწიეთ. ესპანელებს, რაღა თქმა უნდა, სერიოზული გუნდი ჰყავთ, მაგრამ იმაშიც დავრწმუნდით, რომ პოტენციალით არავის ჩამოვუვარდებით და ფინალურ ეტაპზე მოხვედრის რეალური შანსი გვაქვს. მთავარია, საფრანგეთში თითოეული მატჩი მაქსიმალური კონცენტრაციითა და მონდომებით ჩავატაროთ და ქართველი გულშემატკივრების გახარებასაც შევძლებთ.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული