აპოლონ ლემონჯავა: შოთამ ”აიაქსში” მიმიყვანა და ნაკრებში რეკომენდაცია გამიწია

AutoSharing Option
ავსტრიის ოთხთა ტურნირზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 19 წლის თავდამსხმელ აპოლონ ლემონჯავას დებიუტზე უკვე ვწერდით - მან ისარელის ნაკრებთან შეცვლაზე ითამაშა.

ვფიქრობ, უინტერესო არ უნდა იყოს ჩვენთვის უცნობი ახალგაზრდა ქართველის გაცნობა, რომელმაც 2009-10 წლების სეზონი როტერდამის "ფეიენოორდის" დუბლშემადგენლობაში ჩაატარა და 20 მატჩში 15 გოლით გუნდის ბომბარდირი გახდა. აპოლონს ავსტრიაში დავუკავშირდით.

- აპოლონ, ქართული იცი?
- ენა კი მესმის, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ცუდად ვლაპარაკობ. 2 წლისაც არ ვიყავი, როდესაც ჩემი ოჯახი სოხუმიდან თბილისში გადმოვიდა, საიდანაც სამ თვეში მოსკოვში გავემგზავრეთ, იქ კი ქართულად
მოლაპარაკე თითქმის არავინ მყავდა. 6 წლიდან მოსკოვის "სპარტაკის" საფეხბურთო სკოლაში ვვარჯიშობდი.

- ინტერნეტგაზეთ "ტოტალან.რუსთან" ინტერვიუში თქვი, რომ "ფეიენოორდის" შემდეგ გასინჯვაზე იყავი: "პარტიზანში", "ატალანტაში", "ბორდოში", "შალკეში", "ვიტესში", "მარსელში", "ალანიაში." ასეთი გუნდების დაინტერესებასაც ნიჭი უნდა.
- კლუბებს მენეჯერი ეძებდა, ზოგან არ გამიმართლა, რამდენიმე გუნდში დარჩენა თავად არ ვისურვე, ერთ-ერთი კლუბი აგენტს არ მოეწონა. მოკლედ, 2010 წელი ჩემთვის ძალიან წარუმატებელი გამოდგა. ამჟამად ინდივიდუალურად ვემზადები.

- მართალია, რომ "ვიტესში" გტოვებდნენ?
- მტოვებდნენ, მაგრამ "მარსელში" მიმიწვიეს და მეგონა, გარანტირებული კონტრაქტი მქონდა. სამწუხაროდ, შევცდი.

- "ფეიენოორდში" როგორ მოხვდი?
- სკოლის შემდეგ მოსკოვის "ტორპედოს" 17-წლამდელთა გუნდში ამიყვანეს, შემდეგ მოსკოვის "სპარტაკის" 19-წლამდელებში, მერე კი მენეჯერმა ჰოლანდიაში წამიყვანა. ევროპაში თამაში ბავშვობიდან მსურდა, განსაკუთრებით ჰოლანდია მიზიდავდა. დამავიწყდა მეთქვა, რომ ჩვენი ოჯახი ერთი ხანობა ჰოლანდიაშიც ცხოვრობდა და მათი ჩემპიონატი მას შემდეგ მომწონდა, რადგან თანამედროვე და ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ.

- "ფეიენოორდის" დუბლების ბომბარდირმა გუნდი რატომ დატოვე?
- ხელმძღვანელობასთან უსიამოვნება მომივიდა, ბომბარდირი კი ვიყავი, მაგრამ პროფესიული კონტრაქტის გაფორმება არ მსურდა.

- "ფეიენოორდს" რას უწუნებდი, თუ უკეთეს კლუბში მოხვედრის ამბიცია გაქვს?
- არაფერს ვუწუნებდი, დიდი ისტორიის კლუბია, მაგრამ, ეტყობა, თქვენ არ იცით, შარშან კლუბი გაკოტრების პირას რომ მივიდა. მთხოვეს, ვითარება გამოსწორდება და მოითმინეო, მაგრამ გაურკვევლობა და ლოდინი არ მხიბლავდა. ამბიცია კი ნამდვილად მაქვს.

- ამბიცია კარგია, მაგრამ რუსეთის პირველი ლიგის "ალანიაში" რატომ არ დაგტოვეს?
- ვლადიკავკაზში წასვლა არ მსურდა, მაგრამ ვალერი გაზაევი დამიკავშირდა, ჩემს გუნდში მსურს გიხილოო და ვლადიკავკაზში ჩასვლისთანავე კონტრაქტის გაფორმებას შემპირდა.

ავტორიტეტული მწვრთნელია, უარი ვერ ვუთხარი და რაც მთავარია, დავუჯერე. სამწუხაროდ, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა: გუნდს ჟელეზნოვოდსკის შეკრებაზე გავყევი, სადაც ბურთი თვალით არ მინახავს და გუნდიდან გამომიშვეს. არ მინდა ლაპარაკი, რა იყო ამის მიზეზი. შესაძლოა, ეგონათ, აფხაზი ვიყავი...

- შენი ამბების გაცნობის შემდეგ კაცი იფიქრებს, რომ მოგზაურობის მოყვარული ხარ.
- ასე არ არის, მაგრამ ცხოვრებამ მოიტანა. თანაც სულ ტოპ-კლუბებში ვისინჯებოდი, "ალანიას" თუ არ ჩავთვლით.

- შევიტყვეთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე თავად გამოცხადდი.
- ასეც არ იყო. შოთა არველაძეს დავუკავშირდი და ვთხოვე, თუ სურვილი ექნებათ, ვარჯიშებზე დამაკვირდნენ და გადაწყვიტონ, უღირთ თუ არა ჩემი აყვანა-მეთქი. ავსტრიაში ახალგაზრდულის მწვრთნელებმა მნახეს და დამტოვეს.

- არველაძეს საიდანღა იცნობ?
- ხომ გითხარით, ჰოლანდიაშიც ვცხოვრობდით, მამაჩემი შოთას იცნობდა და 9 წლის ვიყავი, როდესაც "აიაქსის" საფეხბურთო სკოლაში მიმიყვანა. შოთა არევლაძე ჩემთვის სამაგალითო ქართველი და ფეხბურთელია. ღმერთმა ქნას, მის მსგავს წარმატებებს მივაღწიოთ.

- მოკლედ, შენთვის დახურული კარი არ არსებობს.
- არც უმაგისობაა, მაგრამ ჩარიცხვაში არ მიმართლებდა.

- ისრაელთან წაგების შემდეგ გაბელია გელაპარაკა?
- ისრაელთან ცოტა ხანი ვითამაშე. იმედია, შემდეგ შეხვედრებში მოედანზე მეტ ხანს დავყოფ და საკუთარ შესაძლებლობას უკეთ წარმოვაჩენ. ჯერჯერობით კი ნაკრებთან ერთად ვვარჯიშობ, არ ვიცი, შემდეგ შეკრებებზე გამომიძახებენ თუ არა, მაგრამ საქართველოს ნაკრების ფორმით თამაშის დიდი სურვილი მაქვს.

- "ტოტალან.რუსთან" არ თქვი, რუსეთის ნაკრებში მოხვედრაზე ვოცნებობო?
- ამ გაზეთის ჟურნალისტს სხვა რამ ვუთხარი, ყველა რუსი რუსეთის ნაკრებში მოხვედრაზე ოცნებობს-მეთქი. ეტყობა, ჩათვალა, რომ თავს რუსად მივიჩნევ და საკუთარი აზრები მომაწერა. ამაზე არასდროს მიოცნებია, რადგან ქართველი ვარ.

- ისრაელთან რა პოზციაზე გათამაშეს?
- საერთოდ ცენტრალური თავდამსხმელი ვარ.

- რას იტყვი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებზე?
- ისრაელთან პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ და უნდა გაგვეტანა, მეორე ნახევარში გაცილებით უარესად გამოვიყურებოდით, მაგრამ, წაგების მიუხედავად, გუნდი ძალიან პერსპექტიულია, ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული