გოჩა ტყებუჩავა გერმანელ ქართველს გამოცდის

AutoSharing Option
საქართველოს 13-წლამდელთა ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი გოჩა ტყებუჩავაა, აპრილის ბოლოს შვედეთში დაგეგმილი ტურნირისთვის მზადებას დაიწყებს - იუწყება ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

14 აპრილს გუნდი ზუგდიდში დაგეგმილ შეკრებაზე მიემგზავრება, სადაც ათდღიან შეკრებას "ბაიას" ბაზაზე გაივლის. შეკრებისთვის კი მთავარი მწვრთნელი 24-25 ფეხბურთელს შეარჩევს.

წინა შეკრების მსგავსად, გოჩა ტყებუჩავა ზუგდიდში რამდენიმე საკონტროლო შეხვედრის გამართვას აპირებს. მატჩები რეგიონულ ფედერაციებთან არის შეთანხმებული - გუნდი სამეგრელოს, იმერეთის, გურიის, აჭარის, აგრეთვე ნოდარ აკობიას 15-წლამდელთა საქართველოს ნაკრებებს შეხვდება, შესაძლოა, ითამაშოს "ბაიას" 13-წლამდელთა გუნდთანაც. ამის შემდეგ ტყებუჩავა გადაწყვეტს, შვედეთში გასამგზავრებელ
18-კაციან განაცხადში რომელი ფეხბურთელებს შეიყვანს.

13-წლამდელები თბილისში 25 აპრილს დაბრუნდებიან, 27 აპრილს კი, შვედეთში, სტოკჰოლმში გაემგზავრებიან და ტურნირში 29 აპრილიდან ჩაებმებიან, სადაც დღეში 2 თამაშის გამართვა მოუწევთ, დილით და საღამოს.

ტურნირში საკმაოდ ცნობილი გუნდები მონაწილეობენ: "აიაქსი", "მილანი", "ლევერკუზენი", "პაოკი"...

შვედეთში გამგზავრებამდე, გოჩა ტყებუჩავა მისთვის საინტერესო კიდევ ერთ ფეხბურთელს გასინჯავს: ის საბა კვარაცხელია გახლავთ, რომელიც გერმანიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს და ვარჯიშობს. კვარაცხელია საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა და მწვრთნელს მასზე საფუძვლიანად დაკვირვების საშუალება ექნება.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული