U15 "ლენარტ იოჰანსონის თასის" გამარჯვებულია, U14 - მესამეადგილოსანი

AutoSharing Option
სტოკჰოლმში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი "ლენარტ იოჰანსონის თასი 2011", რომლის გამარჯვებულიც საქართველოს 15-წლამდე ნაკრები გუნდი გახდა. 14-წლამდელებმა კი, თავის ასაკობრივ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს.

14-წლამდელები ქვეჯგუფში "მილანთან", "ლინგბისთან" და"ჰიკისთან" ერთად ასპარეზობდნენ. ტყებუჩავას გუნდმა პირველი შეხვედრა ფინურ "ჰიკის" 5:1 მოუგო. მეორე შეხვედრაში, ქართველებმა დანიურ "ლინგბის" აჯობეს - 1:0. მესამე მატჩში, დიდი ანგარიშით - 1:7 დამარცხდნენ იტალიურ "მილანთან". შემდეგ, ნახევარფინალიც წააგეს "პაოკთან" - 0:1 და მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დამაჯერებლად, 6:0 სძლიეს ამსტერდამის "აიაქსს".

14-წლამდელების სათამაშო უპირატესობა მატჩის საწყის წუთებშივე გამოიკვეთა. მე-6 წუთზე, თერთმეტმეტრიანი
დარტყმით ანგარიში ლუკა ვარძელაშვილმა გახსნა. მე-17 წუთზე, მეორე გოლი დავით მოსულიშვილმა გაიტანა და ტაიმი 2:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმში, U14-ის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ტაიმის მე-2, მე-15 და 22-ე წუთებზე, ჰეთ-თრიქი შეასრულა ირაკლი ბუღრიძემ, რომელიც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მე-17 წუთზე, ეფექტური გოლი გაიტანა რატი არდაზიშვილმა - მეკარესთან ერთი-ერთზე გასულმა, ჰოლანდიელთა კიპერს ბურთი თავზე გადაუგდო. მთელი მატჩის განმავლობაში, დამაჯერებლად თამაშობდა მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი, რომელმაც არაერთი ეფექტური "სეივი" განახორციელა.

ტურნირის განმავლობაში, U14-ის შემადგენლობაში, ყველაზე მეტი - 6 ბურთი ირაკლი ბუღრიძემ გაიტანა. 3 გოლია ლუკა ვარძელაშვილის ანგარიშზე. რატი არდაზიშვილმა კი, მეტოქეთა კარი ორჯერ აიღო.

ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჩემპიონი "მილანი" გახდა, რომელიც მართლაც საუკეთესოთა შორის საუკეთესო იყო.

რაც შეეხება ტურნირის ჩემპიონს 1997 წელს დაბადებულ ვაჟთა შორის, საქართველოს 15-წლამდე ნაკრებ გუნდს, აკობიას ფეხბურთელებმა "იოჰანსონის თასზე" ასპარეზობა წაგებით დაიწყეს. ავსტრიულ "შტურმთან" მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხების შემდეგ, 15-წლამდელებმა მობილიზება შეძლეს და ჯერ ფინური "ჰონკა" დაამარცხეს 4:0, შემდეგ, კი, ნიკა ლაშხიას ჰეთ-თრიქის წყალობით, 3:1 სძლიეს "აიაქსს". ნახევარფინალში, გიორგი ჯობავასა და ნიკა ლაშხიას გოლებით
15-წლამდელებმა 2:0 დაამარცხეს "აიკ" სტოკჰოლმი და ფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე ტურინის "იუვენტუსი" იყო.

ფინალური მატჩის უკანასკნელ წუთებამდე, მეტოქის კარის აღება ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო. შეხვედრის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე კი, გურამ გოშთელიანი მარჯვნიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და ზუსტი დარტყმით, იტალიელებს შორეულ კუთხეში გამარჯვების მომტანი გოლი გაუტანა. 1:0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ და ნოდარ აკობიას გუნდი, 1997 წელს დაბადებულებს შორის, ტურნირის ჩემპიონი გახდა.

აქვე, ერთი სასიამოვნო ამბავიც: 15-წლამდელთა ნაკრები გუნდის წევრი - გიორგი ჯობავა 1997 წელს დაბადებულთა შორის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. პრიზი მას პირადად ლენარტ იოჰანსონმა გადასცა, რომელიც დაჯილდოების ცერემონიალს თავად აწარმოებდა.

15-წლამდელებში, შედეგიანობით ნიკა ლაშხია გამოირჩა, რომელმაც 4 გოლი გაიტანა. 3 გოლი დაუგროვდა გურამ გოშთელიანს; გიორგი ჯობავას ანგარიშზე კი, 2 გოლია.

საქართველოს 14 და 15 წლამდე ნაკრები გუნდები სამშობლოში 3 მაისს, გამთენიისას დაბრუნდებიან.

სფფ-ს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული