გაბელია შეკრებაზე 24 ფეხბურთელის გამოძახებას აპირებს, მაგრამ მხოლოდ ლეგიონერებსა და მეკარეების ასახელებს.
მეკარეები: გიორგი მაკარიძე ("ლე მანი", საფრანგეთი), თორნიკე ზარქუა ( "დინამო"), გიორგი ნადირაძე ("დინამო 2"), დავით ლეგაშვილი ("სიონი 2").
მცველი: საბა კვირკველია (ყაზანის "რუბინი 2", რუსეთი).
ნახევარმცველები: ზაქარია ბეგლარიშვილი ("ფლორა", ესტონეთი), ნიკა ძალამიძე ("ვიძევი", პოლონეთი), თორნიკე ოქრიაშვილი
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე, ირაკლი შეყილაძე (ორივე - "ემპოლი", იტალია), გიორგი ჭანტურია (არნემის "ვიტესი", ჰოლანდია).
გაბელიას თქმით, გუნდი ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაში" ივარჯიშებს - თავიდან არასრული შემადგენლობით.
"ლეგიონერებიდან მოგვიანებით შემოგვიერთდებიან ნიკა ძალამიძე და ლევან მჭედლიძე. ძალამიძე პოლონეთის ჩემპიონატში ბოლო ტურის შეხვედრას 29 მაისს ჩაატარებს. ჯერ არ ვიცით, როდის ჩამოვა მჭედლიძე, რადგან მითხრა, რომ ეს "ემპოლის" გამოსვლაზეა დამოკიდებული. თუ "ემპოლი" სერია A-ში გადასასვლელ პლეიოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს, გადასასვლელ მატჩს 29 მაისს ჩაატარებს და 30 მაისს შემოგვიერთდება. თუ ასე არ მოხდა, შეკრებაზე 23 მაისს ირაკლი შეყილაძესთან ერთად გამოცხადდება.
საქართველოს ჩემპიონატიდან გამოძახებულ მოთამაშეებს შეკრებაზე 23 მაისს ველით, "ტორპედოსა" და "გაგრას" წევრების გარდა, რომლებიც 26 მაისს თასის ფინალში ითამაშებენ.
საბოლოო სიას საქართველოს ჩემპიონატის დარჩენილი ორი ტურის მერე გამოვაცხადებ. თუმცა განსაკუთრებული ცვლილებები არ იქნება. სულ თბილისში 24 ფეხბურთელი მოემზადება, 2 ივნისს კი ხორვატიაში 18 გაემგზავრება.
მეტოქეზე ინფორმაციის შეგროვება მსურდა, მაგრამ ჯერ მხოლოდ უნგრეთთან მატჩის ფირები მომაწოდეს, უკრაინასთან, საფრანგეთთან და ესპანეთთან მათი შეხვედრების ჩანაწერები კი, მიუხედავად მრავალგზის თხოვნისა, დღემდე არ გამოუგზავნიათ.
ის, რომ ხორვატების მწვრთნელი ჩვენთვის კარგად ნაცნობი ივო შუშაკია, მათ ტაქტიკაზე წარმოდგენას მაინც არ გვიქმნის. შუშაკი "დინამოსა" და საქართველოს ნაკრებში 2004 წლამდე მუშაობდა და ორივეს 3-5-2 სქემით ათამაშებდა. მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და, ალბათ, ძველ ტაქტიკას აღარ იყენებს. არ არის გამორიცხული, ერონული გუნდის მონახაზი გამოიყენოს - 4-3-3-ს ან 4-4-2-ს, 4-2-3-1-საც არ გამოვრიცხავ. ფაქტია, რომ ძლიერი ნაკრები ჰყავთ და შინ შემტევ სტატეგიას აირჩევენ" - გვითხრა გაბელიამ.