ახალგაზრდული ნაკრები - შეკრების პირველი დღე

AutoSharing Option
გუშინ ოთარ გაბელიამ ახალგაზრდული ნაკრების წევრები სასტუმრო "ბომონდ გარდენში" შეკრიბა და 3 ივნისის ხორვატიასთან მატჩისთვის მზადებას შეუდგა.

ნაკრებში მიწვეულთა უმრავლესობა უკვე გამოცხადდა: ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნაკრებს დაუბრუნდა "ემპოლის" თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე, რომელიც შეკრებაზე თანაგუნდელ ირაკლი შეყილაძესთან ერთად გამოცხადდა. ჰოლანდიიდან ჩამოვიდა "ვიტესის" თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია და სასტუმროში თავის ძველ თანაგუნდელებთან, დავით ხოჭოლავასთან და ვალერიან ყაზაიშვილთან ერთად გამოცხადდა. გუნდს მოგვიანებით შეუერთდებიან ნიკა ძალამიძე, საბა კვირკველია და თორნიკე ოქრიაშვილი - პირველ ორს საკლუბო თამაშები დარჩა, ოქრიაშვილს კი კლუბთან აქვს ურთიერთობა გასარკვევვი.

გაბელია ამბობს,
რომ კითხვები უგუნდო გიორგი სალარიძისა და უთამაშებელი ივანე კანდელაკის გამოძახების თაობაზე უადგილოა: "სალარიძე ლუგანსკის "ზარიაში" თამაშობდა, გუნდი მცირე ხნის წინ დატოვა და ახლა თბილისის "დინამოში" ვარჯიშობს. მისი ნახვა ჩემმა თანაშემწე ზაურ სვანაძემ მირჩია, რომელიც "დინამოში" მუშაობს. ჩვენ მარცხენა მცველის და ნახევარმცველის პოზიციაზე პრობლემები გვაქვს, სალარიძე კი ამ ორივე პოზიციაზე თამაშობს.

რაც შეეხება კანდელაკს, მას "ოლიმპში" ათამაშებენ და, რაც მთავარია, ავსტრიის ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა".

ნაკრები ძირითადად თბილისის "ლოკომოტივის" საგურამოს ბაზაზე ივარჯიშებს, 29 და 30 მაისს კი თბილისში, "ამერის" სტადიონზე. გუშინ გაბელიამ ფეხბურთელები არ დატვირთა, საგურამოში მხოლოდ აღდგენითი ვარჯიში ჩაუტარა. მთავარი მწვრთნელი ოთხი დღე ორჯერად ვარჯიშებს გეგმავს, დანარჩენ დღეებში კი - მხოლოდ ერთხელ. თუმცა, გაბელიას თქმით, მომქანცველი დატვირთვები არ იქნება.

მას ამ პერიოდში თბილისის "დინამოს" ფიზმომზადების მწვრთნელი დაეხმარება: "ფიზმომზადების მწვრთნელი გუნდს ისედაც სჭირდება და მით უფრო ახლა, როდესაც სეზონი დასრულებულია, ფეხბურთელების უმრავლესობა გადაღლილია და ასეთ დროს სპეციფიკურ ვარჯიშებს დიდი მნიშვნელობა აქვს."

26 მაისს გაბელია "ამერზე" ორმხრივ თამაშს ჩაატარებს, სადაც გაირკვევა ხორვატიაში გასამგზავრებელ მოთამაშეთა სია: "მანამდე კი ფეხბურთელებს კარგად უნდა დავაკვირდეთ. საქართველოს ჩემპიონატში ბევრი მოთამაშე მომწონებია, მაგრამ ავსტრიულ ტურნირში ბევრის დაბალი კლასი გამოჩნდა - სამწუხაროდ, ევროპული დონის ფეხბურთისთვის ყველა მზად არ არის."

ფეხბურთელებთან ერთად "ბომონდ გარდენში" 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებიც დასახლდა, რომელიც ხვალიდან მსოფლიოს ალაფისთვის იბრძოლებს.

"მართალია, ვარჯიშების გამო ჩვენი ფეხბურთელები მორაგბეთა მატჩებს ვერ დაესწრებიან, მაგრამ გუნდის სახელით წარმატებას ვუსურვებ მათ, ყველა ხომ საქართველოსთვის ვთამაშობთ", - გვითხრა გაბელიამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული